მიმართულება: წინ და წინ

მიმართულება: წინ და წინ

თეგეტა ჰოლდინგსთითქმის 30-წლიან ისტორიაში პირველად ქალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეკატერინე ქავთარაძეს მართვის მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. პოზიციის დაკავებიდან ორი თვის თავზე Forbes Georgia ეკატერინეს მომხმარებლის გამოცდილებაზე, თანამშრომლებთან დაკავშირებულ გეგმებსა და ჰოლდინგის განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა.

„თეგეტამდე“ უმეტესად ჯანდაცვის ინდუსტრიაში მუშაობდით და საკმაოდ წარმატებული კარიერა გქონდათ. რა უძღოდა წინ სფეროს შეცვლის გადაწყვეტილებას?

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ უზომოდ მადლიერი ვარ ინდუსტრიის, სადაც უმნიშვნელოვანესი წლები გავატარე და ყველა კარიერული ეტაპი გავიარე. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ჩვენს თავში და გულშიც ვწყვეტთ, რომ სიახლის დრო დადგა. როგორც წესი, შესაძლებლობებიც სწორედ მაშინ ჩნდება. როცა „თეგეტა ჰოლდინგისაგან“ შემოთავაზება მივიღე, ძალიან ბევრი ღირებულება და ინტერესი დაემთხვა ერთმანეთს. ერთი მხრივ, ყოველთვის მიტაცებდა საქმის მასშტაბურობა, ღირებულებების ნაწილში კი ჩემთვის განსაკუთრებით მომხიბვლელი იყო ისეთი კომპანიის მართვა, რომელიც ქვეყნის სავიზიტო ბარათი იქნებოდა საერთაშორისო ბაზარზე. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შემიძლია დავასახელო ის, რომ სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას მოვიხიბლე „ტოიოტას“ პრინციპებით და საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე ჩემი მრავალი გადაწყვეტილება დავაფუძნე სწორედ ამ ორგანიზაციის მართვის მოდელს — კაიზენის მეთოდოლოგიასა და Lean Management-ის პრინციპებს. „თეგეტასთან“ ერთად ჩემს ცხოვრებაში ახალი და ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება. მჯერა, რომ შემიძლია კომპანიის კიდევ უფრო დიდი წარმატების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ვიყო.

როგორ აპირებთ ჯანდაცვის სექტორში შეძენილი ცოდნის თარგმნას „თეგეტაში“?

ვფიქრობ, აღმასრულებელ პოზიციაზე გამომადგება ჩემი ერთი თვისება, რომელიც არა უშუალოდ მენეჯერული, არამედ პიროვნული მახასიათებელია: გულწრფელად მჯერა ადამიანების და მინდა, მათი ცხოვრება ჩემთან ნებისმიერი გადაკვეთის შედეგად უკეთესი გავხადო. როცა წლების განმავლობაში პაციენტებს ემსახურები, თითოეული დეტალისთვის მომხმარებლის თვალით შეხედვას ეჩვევი. სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, მომხმარებლის საჭიროებებს ყველა ასპექტიდან ვიცნობ და კარგად მესმის, რა დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. მომხმარებელი ყოველთვის გრძნობს, როცა მის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებ. სწორედ აქედან ჩნდება ნდობა, რომლის შედეგადაც ის მნიშვნელოვან პარტნიორად აღგიქვამს და აფასებს შენს ექსპერტიზას. ვაპირებ, ეს ხედვა ნებისმიერ საქმეს მოვარგო, რომელშიც ჩართული ვიქნები. მთელ ჩემს რესურსს მოვახმარ იმას, რომ „თეგეტას“ არაჩვეულებრივი გუნდის თითოეული წევრისათვის მომხმარებელი და მისი ინტერესები მუდმივად მთავარი ფოკუსი იყოს. ჩემი მართვის სტილი ისაა, რომ ძალიან კარგად უნდა ვიცნობდე პროდუქტს და შინაგანად სრულიად მჯეროდეს იმის, რაზეც მომხმარებელს ვესაუბრები. სწორედ ამიტომ, ახლა ჩემი დროის ძალიან დიდ ნაწილს ვახმარ იმას, რომ დეტალურად შევისწავლო ჩვენი კონკურენტული უპირატესობა თითოეული პროდუქტისა თუ ბიზნესმიმართულების ჭრილში, ასეთი კი ძალიან ბევრია.

„თეგეტა ჰოლდინგი“ საავტომობილო ეკოსისტემასთან დაკავშირებული სერვისების ფართო სპექტრს მოიცავს. უკვე განსაზღვრული გაქვთ თქვენთვის პრიორიტეტული მიმართულებები?

ჩვენ თითქმის სრულად ვფარავთ ავტომობილთან დაკავშირებულ ყველა სერვისსა თუ პროდუქტს. ჰოლდინგი 40-მდე შვილობილ კომპანიას აერთიანებს, რეგიონში გვაქვს 28 სერვისცენტრი და 45 სავაჭრო წერტილი. გარდა ამისა, 300-მდე მსოფლიო ბრენდის პარტნიორი ვართ. ამ მომენტში ჩემთვის პრიორიტეტული საცალო ვაჭრობა და სერვისცენტრებია, რადგან ეს არის ის მთავარი ნიში, რითაც „თეგეტას“ ისტორია დაიწყო. გარდა ამისა, ყველაზე რთული და კომპლექსური ნაწილიც სწორედ ესაა, ამიტომ ჩემი ყურადღების დიდი ნაწილის კონცენტრაციას მოითხოვს.

რა იყო პირველი გადაწყვეტილება, რაც აღმასრულებელი ოფიცრის რანგში მიიღეთ?

პირველი სამუშაო დღე მმართველი გუნდისა და სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრით დაიწყო და, განსხვავებით სამედიცინო სფეროში მსგავსი შეკრებებისგან, გუნდის მთელი შემადგენლობა ჩემთვის უცნობი ადამიანებისაგან შედგებოდა [იცინის]. პირველი გადაწყვეტილება, თუ სწორად მახსოვს, ის იყო, რომ მენეჯმენტისათვის გამოყოფილი სივრცის ნაცვლად იმ ოთახიდან მემუშავა, სადაც ფრონტის თანამშრომლებთან უფრო ახლოს ვიქნებოდი. თავად ფრონტის ადამიანი ვარ და ხშირად დავდივარ სერვისცენტრებსა თუ შოურუმებში, რადგან სწორედ იქ იქმნება როგორც პრობლემების, ასევე წარმატებების 80 პროცენტი.

ავტოინდუსტრია ზოგადად მამაკაცებით დომინირებული სფეროა და „თეგეტა ჰოლდინგს“ თითქმის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ჰყავს ხელმძღვანელი ქალი. როგორ ფიქრობთ, არსებობს თვისებრივი განსხვავებები მენეჯერ ქალებსა და მამაკაცებს შორის?

ამ საკითხზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და წაკითხული. ზოგი კვლევა ადასტურებს განსხვავების არსებობას, ზოგი — პირიქით, უარყოფს. ჩემი პირადი აზრია, რომ ბევრად მეტი რამ არის დამოკიდებული მენეჯერის ინდივიდუალურ თვისებებზე, ვიდრე სქესზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეული კონტექსტი არ არსებობს. როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში ტოპ-მენეჯმენტში ბევრად მეტი მამაკაცია, ვიდრე ქალი. ასეთ პირობებში ქალებს წარმატების მისაღწევად გამორჩეულად კარგი უნარები და ხელშესახები შედეგების დემონსტრირება სჭირდებათ. ამიტომ, როცა მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე ვხედავ ქალს, ზუსტად ვიცი, რამხელა გზა გაიარა, რომ იქ მოხვედრილიყო, სადაც არის.

უშუალოდ „თეგეტაზე“ თუ ვისაუბრებთ, ვფიქრობ, ამ პოზიციაზე ქალის დანიშვნა კომპანიის მხრიდან გაბედული ნაბიჯია და სიახლეებისადმი მზაობაზე მეტყველებს. „თეგეტასთვის“ ქალთა გაძლიერება პრიორიტეტული მიმართულებაა და ეს გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ თანასწორობა უბრალოდ სტრატეგიაში ჩაწერილი პუნქტი კი არა, კომპანიის გენეტიკური კოდის ნაწილია. „თეგეტა“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ისეთი პროფესიები, რომლებიც ისტორიულად მამაკაცებთან ასოცირდებოდა. ასე რომ, ეს საყურადღებო გზავნილია ყველა თანამშრომლისთვის და, მათ შორის, ჩვენი მექანიკოსი ქალებისთვის, რომლებიც კოლეგა მამაკაცებს ტოლს არ უდებენ.

რას უნდა ელოდნენ თანამშრომლები კომუნიკაციისა და კოლაბორაციის კუთხით ახალი დირექტორისაგან?

მინდა, თითოეული „თეგეტელის” ცხოვრებაში ის დრო, რომელსაც ერთად გავატარებთ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის პერიოდი იყოს. „თეგეტას“ მთავარი კაპიტალი გუნდია და სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე პატარა მაღაზია ავტოინდუსტრიის ლიდერად იქცა. მიუხედავად ამ მასშტაბის მიღწევებისა, „თეგეტას“ თანამშრომლებს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვთ და ჩემი მისიაც ისაა, რომ მათ ყველა პირობა შევუქმნა ზრდისა და განვითარებისათვის. ჩემში აღფრთოვანებას იწვევენ მენეჯერები, რომლებიც ხელს გიწყობენ, რომ საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინო. მინდა, თანამშრომლებს მხარი დავუჭირო და ვაგრძნობინო, რომ მათ გვერდით ვარ როგორც სირთულეების გადალახვის, ასევე — წარმატებების გაზიარების ნაწილში. ასე იქმნება გარემო, სადაც ხუთი ადამიანის ენერგია უბრალოდ ხუთი ადამიანის ენერგია კი არაა, ბევრად მეტია. როცა დროს აღარ ხარჯავ ნერვიულობაზე, ჩნდება სივრცე, სადაც შეგიძლია, შემოქმედებითად იაზროვნო და გამბედავი ნაბიჯები გადადგა. პრობლემის შემთხვევაშიც პირველი რეაქცია სტრესი კი აღარაა, არამედ პირდაპირ იმაზე მომართავ გონებას, თუ როგორ იპოვო გამოსავალი.

ბიზნესპროცესების გამართულობა ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა დიდი ორგანიზაციებისათვის — განსაკუთრებით. რა ცვლილებებს გეგმავთ ამ მიმართულებით?

საოპერაციო მართვის კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს და კარგად ვიცი იმ სისტემების შენების მნიშვნელობა, რომლებიც საჭიროა დიდი კომპანიების ყოველდღიური მუშაობისა და ზრდისათვის. რა თქმა უნდა, გულით საქმის კეთება ადამიანებზეა დამოკიდებული, მაგრამ სისტემებმა უნდა უზრუნველყონ მიწოდებული პროდუქტისა თუ სერვისის ხარისხი, გამართულობა და დროულობა. ვაპირებ, დავნერგო სხვადასხვა მეთოდი თუ ინსტრუმენტი, რომელთაც დღეს მსოფლიოში პროცესების ეფექტიანი დაგეგმვისთვის იყენებენ. ასევე მუდმივად ვიზრუნო ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინოვაციების შემოტანაზე — ამ მიმართულებით „თეგეტას“ საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს.

ისეთ საერთაშორისო ავტოგიგანტებსაც კი, რომლებიც ჩვენს სექტორში თამაშის წესებს ქმნიან,სტრატეგიულ დონეზე განსაზღვრული აქვთ საზომი, რომ წელს იქნებიან, მაგალითად, 5%-ით უფრო ეფექტიანები, ვიდრე შარშან. ეს ეფექტიანობა ნიშნავს იმას, რომ თუ დღეს კონკრეტული დრო გჭირდებათ საბურავის ან ზეთის გამოსაცვლელად, ხვალ უფრო მოკლე ვადაში მიიღებთ იმავე ან უკეთეს მომსახურებას. ცხოვრების ტემპის აჩქარებასთან ერთად ჩვენი მოსახლეობისათვის დროის ფასი იზრდება. ამიტომ მუდმივად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ დავზოგოთ მომხმარებლების დრო და, სადაც შესაძლებელია, დავზოგოთ ჩვენი თანამშრომლების რესურსებიც.

რაკი ამ თემაზე ვსაუბრობთ, მოდი, მომხმარებლის გამოცდილებასაც შევეხოთ. რას ელიან „თეგეტასგან“ მომხმარებლები და როგორ აპირებთ მათი სურვილების გათვალისწინებას?

უამრავი არხი გვაქვს, საიდანაც მომხმარებლების ხმა გვესმის და კვლევებსაც ხშირად ვატარებთ. „თეგეტამ“ საქმიანობა 90-იანი წლებიდან დაიწყო, როცა საავტომობილო მომსახურება ე.წ. გარაჟებთან იყო ასოცირებული. კომპანიამ ეს მოცემულობა სრულად შეცვალა და ჩვენს თანამოქალაქეებს საერთაშორისო სტანდარტის სერვისები შესთავაზა. ამიტომ არ გვიკვირს, რომ კვლევიდან კვლევამდე მომხმარებლის მოლოდინი „თეგეტასთან“ დაკავშირებით უფრო და უფრო იმატებს. გვინდა, მომხმარებლების სურვილების გაანალიზებისა და მათი პროდუქტებად გარდაქმნის პროცესი კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტიანი გავხადოთ. დიდი კომპანიების მთავარი გამოწვევა ისაა, რომ იგივე სისტემები, რომლებიც ყოველდღიურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ, ხანდახან მოქნილობას გაკარგვინებენ, რის გამოც მომხმარებლების საჭიროებაზე რეაგირება გვიანდება. ამიტომ უკუკავშირის გათვალისწინება ოპერაციების შემადგენელ ნაწილად ვაქციეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სერვისცენტრში შემდეგი ვიზიტისას შეიძლება უკვე დაგხვდეთ ის პროდუქტი თუ სერვისი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ისურვეთ. ძალიან მალე ჩვენს ვაკის ფილიალში გაიხსნება ახალი სივრცე, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მანქანასთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში არ ესტუმრებიან მომხმარებლები.

რა გეგმები გაქვთ ბრენდების წარმომადგენლობის გაზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების კუთხით?

„თეგეტა“ საქართველოში წარმოადგენს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა: Michelin, Bridgestone, Toyota, Porsche, Volvo, Mazda, Geely, Zeekr, Man, Renault, Liebherr, JCB, Polaris, NIU, Indian და სხვა. Volvo-ს შემთხვევაში რეგიონალური წარმომადგენლებიც ვართ. უკვე ხელმოწერილია და ძალიან მალე სომხეთში MAZDA-ს ოფიციალური დილერები გავხდებით, ასევე ვართ JCB-ს, Liebherr-ის და დამატებით ათამდე ბრენდის წარმომადგენლები რეგიონის მასშტაბით. გარდა ამისა, სულ ახალი ამბავია ის, რომ საქართველოში Lamborghini-ისა და Bentley-ის წარმომადგენლები გავხდით და ეს ბრენდები კონცეპტუალური შოურუმებით წარდგებიან ჩვენს ბაზარზე. უზბეკეთში უკვე ვოპერირებთ ავტოგაქირავების კომპანიით. რეგიონის მასშტაბით ჩართულები ვართ როგორც საცალო, ასევე კორპორაციულ გაყიდვებში. ასევე მნიშვნელოვან სიახლეებს ვგეგმავთ სატვირთო და სამშენებლო ტრანსპორტის მიმართულებით, რაც ჩვენთვის ისტორიული ხაზია. არათუ საქართველოთი, არამედ რეგიონით შემოფარგვლასაც არ ვაპირებთ და სამომავლო გეგმები საერთაშორისო ბაზარზე „თეგეტას“ უფრო ფართოდ წარმოჩენას უკავშირდება.

ასეთი მასშტაბის მულტიბრენდული კომპანია საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში არ არსებობს, შესაბამისად, მზად ვართ ახალი გამოწვევებისათვის. „თეგეტა“ ყველაფერს ხარისხიანად აკეთებს, რასაც ხელს ჰკიდებს და დარწმუნებული ვარ, ეს თვისება კომპანიას განვითარების ახალ ეტაპზეც გამოგვადგება. აღვნიშნავ ასევე ჩვენი თანამშრომლების განსაკუთრებულ შეუპოვრობასა და წარმატების ჟინს. თუ მათ სათანადოდ დავანახებ ახალ მიზნებს, დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ვადაში ვაქცევთ რეალობად. სიახლეებისკენ სწრაფვა „თეგეტას“ დნმ-ის ნაწილია და აკადემიის სახით თუ სხვადასხვა ბრენდთან კოლაბორაციით მრავალი პროექტი ხორციელდება, რომ ჩვენი თანამშრომლების უნარები თანხვდენილი იყოს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებთან, თითოეული სისტემა ადაპტირებული იყოს „თეგეტას“ მოდელისათვის და საბოლოოდ კონვერტირდეს ისეთ პროდუქტებსა თუ სერვისებში, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ან რეგიონის, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.

„თეგეტა აკადემია“ საქართველოს ავტოსფეროში პროფესიული ზრდის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის და ყოველწლიურად ასობით პროფესიონალს ამზადებს. საიდან დაიწყო აკადემიის ისტორია?

თავდაპირველად აკადემია კომპანიის შიდა საჭიროებებს ფარავდა. რა თქმა უნდა, საჭიროდ ვთვლიდით, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების მანქანებზე ზრუნავდნენ, ყველა შესაბამისი ტრენინგი თუ პროგრამა ჰქონოდათ გავლილი. ამ ამოცანის განხორციელებას გვიადვილებდა ის ფაქტი, რომ გლობალურ ბრენდებთან პარტნიორობის შედეგად უამრავ თანამედროვე რესურსზე გვქონდა წვდომა. გარკვეული კომპეტენციის დაგროვების შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენი ტრენინგები და პროგრამები ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ გვინდოდა არა მხოლოდ „თეგეტაში“, არამედ ზოგადად ქვეყანაში შეგვეცვალა ავტოსერვისთან დაკავშირებული სამომხმარებლო გამოცდილება. გავიარეთ ავტორიზაცია და შევქმენით სახელმწიფოსგან აღიარებული სასწავლო მოდული. მსგავსი აკადემიის არსებობა, ცხადია, გვაახლოებს დასავლურ სამყაროსთან, სადაც მსგავსი პროფესიები სერტიფიცირებადი და მაღალანაზღაურებადია. აკადემია მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ქალებს კონკრეტულ გზას სთავაზობს, თუ როგორ დაეუფლონ ახალ პროფესიას დაახლოებით ერთ წელიწადში. ხშირად ჰგონიათ, რომ ავტოსფეროში მუშაობა ძალიან მძიმე ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული, რეალურად კი არსებობს პროფესიები, სადაც ასე ნამდვილად არაა და ანაზღაურებაც ღირსეულია.

კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაში განსაზღვრული გაქვთ ასევე გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირება და ეკომეგობრული მიმართულებების გაძლიერება. შეგიძლიათ გვითხრათ, რა ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით „თეგეტა“?

ჩვენ ბოლომდე გვაქვს გაცნობიერებული ინსტიტუციური პასუხისმგებლობა და ვცდილობთ, ეკომეგობრული ინიციატივები ორგანიზაციული კულტურის ნაწილი იყოს. ამაში იგულისხმება არა მხოლოდ ელექტრომანქანების პოპულარიზაცია, არამედ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს ჯერჯერობით ნამდვილად არაა კომერციული პროექტი, თუმცა ვფიქრობთ, რომ დამტენი სადგურების მოწყობით, ერთი მხრივ, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ შორ გზაზე გადაადგილების შესაძლებლობას, მეორე მხრივ კი ვემზადებით ავტოინდუსტრიის ხვალინდელი დღისათვის. გარდა ამისა, პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა იმ სახიფათო ნარჩენს, რომლებიც ჩვენი ინდუსტრიისათვის არის დამახასიათებელი და დიდ ინვესტიციას ვახორციელებთ იმაში, რომ მათი მართვა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად მოხდეს.

დაბოლოს, როგორ შეაჯამებდით თქვენს ხედვას „თეგეტასთან“ დაკავშირებით?

მინდა, „თეგეტა“ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მანქანა ჰყავს, ან ავტოპროდუქტებთან უწევს შეხება, სანდო პარტნიორი და ხარისხიანი ცხოვრების სტილის ნაწილი იყოს არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც „თეგეტას““ ხარისხის ნიშანი და ბრენდი გამოჩნდება. როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი, „თეგეტა“ ახლაც ასოცირდება მომხმარებლებისთვის უმაღლეს ხარისხსა და კომფორტთან, მაგრამ ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ. გავაგრძელებთ წინ და წინ სვლას და კიდევ ბევრჯერ გავაოცებთ ჩვენს მომხმარებელს.

ფოტოები: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia

S