საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, 2021 წელს როგორც სახელმწიფო, ასევე ნაერთ ბიუჯეტში შემოსულობებისა და ხარჯვითი ნაწილის შესრულებამ 100%-ს გადააჭარბა.
ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ორჯერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ჯამში, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1.23 მილიარდი ლარით გაიზარდა და საგადასახადო შესრულების ფაქტობრივმა შესრულებამ 13.38 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა 19.8 მილიარდს, ხოლო ნაერთის ხარჯვითმა წილმა 22.26 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები ₾15.14 მილიარდზე მეტი იყო, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 101,4%-ია, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებამ დაგეგმილი მაჩვენებლის 101,6%, ₾12.75 მილიარდზე მეტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად, მეტობით გადახდილი დღგ-ის დაბრუნებამ ₾930 მილიონს მიაღწია, რაც რეფორმის დაწყებამდე ბოლო 11 წლის განმავლობაში ჯამურად დაბრუნებულ მაჩვენებელს ასი მილიონი ლარით აღემატება. ამას გარდა, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2021 წელს, მშპ-ის 8,1% ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯა, ხოლო მიმდინარე წელს კაპიტალური ხარჯები ქვეყნისთვის მშპ-ის რეკორდულ მაჩვენებელზე, 9%-ზეა დაგეგმილი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, მთავრობის სხდომაზე ხუციშვილმა განაცხადა, რომ გასულ წელს საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტი და მთავრობის ვალი. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა დაგეგმილ მაჩვენებელს 2020 წლის მონაცემებითაც გადააჭარბა და საპროგნოზო მოცულობის 102,7% შეადგინა, რაც, ფაქტობრივად, ₾10.49 მილიარდს გაუტოლდა. საპროგნოზო მოცულობის 104,3%-ით შესრულდა გადასახადების წლიური მოცულობა და ₾9.37 მილიარდს მიაღწია.