მითი თუ რეალობა? - თამბაქოს სადა შეფუთვა, როგორც მწეველთა რაოდენობის შემცირების შესაძლებლობა

მითი თუ რეალობა? - თამბაქოს სადა შეფუთვა, როგორც მწეველთა რაოდენობის შემცირების შესაძლებლობა

თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა არ წარმოადგენს მწეველთა რაოდენობის შემცირების შესაძლებლობას, ვკითხულობთ Luiss Business School-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

თამბაქოს სადა შეფუთვა უკვე ათწლეულია მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს და ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ახდენს აღნიშნული ინიციატივის იმპლემენტაციას. შესაბამისად, სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღების ქვეშ ექცევა აღნიშნული სტრატეგიის ეფექტურობა.

ეს საკითხი აქტუალური ხდება საქართველოშიც, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ძალაში შევა საკანონმდებლო ინიციატივა თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის შესახებ.

რამდენად ეფექტურია თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვა?

მიუხედავად იმისა, რომ დღეს თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის კანონმდებლობა მსოფლიოს 20 ქვეყანაში მოქმედებს, ამ სტრატეგიის ეფექტურობას ექსპერტები და მეცნიერები სკეპტიკურად უყურებენ. ჟურნალ Tobacco Reporter-ის ჟურნალისტი და Tobacco Journal International-ის ყოფილი აღმასრულებელი რედაქტორი სტეფანი როსელი საკუთარ სტატიაში სწორედ თამბაქოს სადა შეფუთვის ინიციატივასა და შესაძლებლობებს განიხილავს.

თამბაქოს სადა შეფუთვა და ქვეყნების გამოცდილება

ავსტრალია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2012 წელს თამბაქოს სადა შეფუთვის მოთხოვნა დააწესა. ავსტრალიის მაგალითის გათვალისწინებით, თამბაქოს პროდუქციაზე სტანდარტიზებული შეფუთვის მოთხოვნა შემოიღეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არის: საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი (2017 წელი), საუდის არაბეთი და თურქეთი (2019 წელი), უნგრეთი და მიანმარი (2022 წელი), – წერია კანადის კიბოს საზოგადოების (Canadian Cancer Society) მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის წევრი ქვეყნების მეცხრე კონფერენციასთან თანამშრომლობით გამოქვეყნებულ რეპორტში.

თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის მთავარი მიზანია, მომხმარებლისთვის შეამციროს პროდუქტის მიმზიდველობა და ამ გზით ხელი შეუწყოს მწეველთა რაოდენობის არა მხოლოდ შემცირებას, არამედ მოახდინოს მოწევის პრევენცია.

თუმცა, როგორც სტეფანი როსელი აღნიშნავს, თამბაქოს სადა შეფუთვის მოთხოვნის დაწესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ამ ინიციატივის დაბალი ხარჯი წარმოადგენს. ავტორის თანახმად, სტანდარტიზებული შეფუთვის იმპლემენტაცია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის სხვა ინიციატივებთან შედარებით იაფი ჯდება.

სტანდარტიზებული შეფუთვის შესახებ ჩატარებული კვლევები და მათი სანდოობა

როგორც სტეფანი როსელი საკუთარ სტატიაში აღნიშნავს, არაერთი კვლევა არსებობს, რომელიც თამბაქოს სადა შეფუთვის მნიშვნელობასა და ეფექტებს განიხილავს, თუმცა მათ დამაჯერებლობა აკლია.

მაგალითად, 2016 წელს ავსტრალიის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სადა შეფუთვისა და მასზე სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდის შედეგად შესაძლებელი გახდა მოწევის რაოდენობის შემცირება. კვლევის ავტორების განცხადებით, სადა შეფუთვის მოთხოვნის ამოქმედებიდან სულ რაღაც 34 თვეში ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 2.2%-ით შემცირდა, სადაც 0.55% სწორედ სადა შეფუთვის ინიციატივაზე მოდიოდა.

თუმცა, როსელი მიიჩნევს, რომ ეს კვლევა არასანდოა, რადგან თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე საუბრისას ის არ ითვალისწინებს თამბაქოს პროდუქციაზე დაწესებული გადასახადის ზრდას, რაც დაახლოებით იმავე პერიოდში მოხდა, რა პერიოდშიც ძალაში შევიდა თამბაქოს სადა შეფუთვის საკანონმდებლო ინიციატივა.

მსგავსად, თამბაქოს კონტროლის მკვლევართა ჯგუფის (Tobacco Control Research Group) მიერ 2020 წელს გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის თანახმად, დიდ ბრიტანეთში 2017 წელს თამბაქოს სადა შეფუთვის ამოქმედების შედეგად ქვეყანაში თამბაქოს გაყიდვების კლების მაჩვენებელი გაორმაგდა. კერძოდ, ეს მაჩვენებელი 3.29 მილიარდიდან (2015 წელი) 3.16 მილიარდამდე (2018 წელი) შემცირდა. თუმცა, სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდში მწეველთა ნაწილმა თავი დაანება ტრადიციულ მოწევას და გადავიდა ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული თამბაქოს პროდუქტების მოხმარებაზე.

როგორ დავადგინოთ ინიციატივის ეფექტურობა?

2021 წელს Luiss Business School-ის, ლუის გვიდო კარლის უნივერსიტეტისა და ფინანსური საკონსულტაციო „დელოიტის“ მიერ სამი წლის განმავლობაში წარმოებული კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში ჩატარებული კვლევები და მათი შედეგები უმეტესწილად ეფუძნება ისეთ ფსიქოლოგიურ ცვლადებს, როგორებიც არის მომხმარებლის მხრიდან თამბაქოს პროდუქტის ზიანის და შეფუთვაზე განთავსებული სამედიცინო  გაფრთხილებების აღქმა, თამბაქოს პროდუქტის შესახებ შექმნილი რწმენები და მის მიმართ გაჩენილი დამოკიდებულებები. თუმცა, აღნიშნული კვლევები არ ითვალისწინებს ამ ცვლადების შედეგად ადამიანის ქცევის ცვლილებას.

უფრო მეტიც, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ზუსტი შედეგების მისაღებად აუცილებელია ეკონომიკური ანალიზი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს თამბაქოს სადა შეფუთვის შედეგების განსაზღვრის პროცესში. ეკონომიკური ანალიზი გულისხმობს ფასების ზრდის, სეზონური ტრენდებისა და ინიციატივის ამოქმედებამდე არსებული მოხმარების მაჩვენებლის გაანალიზებას.

როგორ არის შესაძლებელი შევაფასოთ სტანდარტიზებული შეფუთვის რეალური შედეგები?

ჩატარებული კვლევებისგან განსხვავებით, Luiss Business School-ის მკვლევარებმა გამოიყენეს სხვადასხვა ეკონომიკური მოდელი, მათ შორის სტრუქტურული ანალიზი რათა გამოეკვლიათ, გამოიწვია თუ არა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში სადა შეფუთვის იმპლემენტაციამ სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელში რეალური ცვლილება. საინტერესოა, რომ კვლევის ავტორების თანახმად, მათ მსგავსი შედეგები ვერ აღმოაჩინეს.

მკვლევარებმა ასევე გამოიყენეს რეგრესიის მოდელი, რათა დაედგინათ ის მიზეზები, რამაც სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის კლება გამოიწვია. ეს ფაქტორები მოიცავდა ისეთ ცვლადსაც, როგორიც არის ფასი, თუმცა, მკვლევარების მიერ აღმოჩენილი ტენდენციის თანახმად, სადა შეფუთვას დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში სიგარეტის მოხმარების მაჩვენებლის კვლების ტენდენციაზე.

უფრო მეტიც, Luiss Business School-ის კვლევის ფარგლებში მკვლევარებმა ასევე შეადარეს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სტატისტიკური მაჩვენებლები იტალიისა და გერმანიის მაჩვენებლებს, სადაც ჯერ კიდევ არ არის აკრძალული ბრენდირებული შეფუთვა. საინტერესოა, რომ ამ მაჩვენებლებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ შეინიშნებოდა. მათი აზრით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სადა შეფუთვის დაწესებამ ხელი შეუწყო სიგარეტის მოხმარების შემცირებას საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მათი კვლევა არ ითვალისწინებს მომხმარებლის ქცევაში ცვლილებას, ან მათ მიერ ნიკოტინის შემცვლელი ალტერნატიული თამბაქოს პროდუქტების მოხმარებაზე გადასვლას.

თუმცა, Eurobarometer-ის მონაცემების თანახმად, საფრანგეთში ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2017-2020 წლებში 2%-დან 6%-მდე, ხოლო დიდ ბრიტანეთში, 2017-2020 წლებში, 2%-დან 4%-მდე გაიზარდა. კვლევის თანახმად, მწეველთა მიერ ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაზე გადასვლის მიზეზად მომხმარებლები ყველაზე ხშირად თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობასა და თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას ასახელებდნენ. აღნიშნული ტენდენცია კი სავარაუდოს ხდის, რომ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში დაფიქსირებული კლების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მწეველთა მიერ თამბაქოს შემცირებული ზიანის მქონე პროდუქტების მოხმარებაზე გადასვლა შეიძლება ყოფილიყო.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ამ ცვლილების უგულებელყოფა იწვევს სადა შეფუთვის სტრატეგიის კვლევის შედეგებში ცდომილებას.

შესაბამისად, კითხვაზე „აქვს თუ არა თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის დაწესებას შესაძლებლობა, შეამციროს მწეველთა რაოდენობა?“ პასუხის გასაცემად მნიშვნელობა არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორების კვლევას, არამედ ეკონომიკური კომპონენტებისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *