პარასკევს, ჩრდილოეთ აფრიკაში, მაროკოში მომხდარ მიწისძვრას, ამ მდგომარეობით, 2,100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადარჩენილებისა და დაშავებულების სამძებრო ღონისძიებები კვლავ გრძელდება. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მაროკოს ისტორიული ქალაქი, მარაქეში გახლდათ. ადგილობრივი მედიის ცნობებით, დაზიანებულია ქალაქის ისტორიული არეალები. მაროკოს მეფის, მუჰამედ VI-ის ბრძანებით, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
გადარჩენილებისა და დაშავებულების დასახმარებლად მაროკოს სამაშველო ძალებს საკუთარი რესურსი არ ჰყოფნის, ამიტომ ქვეყანამ დახმარების შეთავაზება არაერთი მეზობლისა და პარტნიორისგან მიიღო. თუმცა მაროკოს მეფე ყველა შეთავაზების მიღების საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ხედავს. აქამდე ცნობილია, რომ მაროკოში 56 ესპანელი მაშველისაგან დაკომპლექტებული თვითმფრინავი ჩაფრინდა. თუმცა სხვა რომელ საერთაშორისო დახმარებას დათანხმდა მუჰამედ VI, ჯერჯერობით უცნობია.
დახმარების შეთავაზება მაროკომ გაეროსგანაც მიიღო. გაეროს განცხადებით, ორგანიზაციამ მაროკოს ძებნისა და გადარჩენის, ასევე ჰუმანიტარული და სამედიცინო საჭიროებების მომცველი დახმარება შესთავაზა, თუმცა მაროკოს ოფიციალური პირისაგან მიიღო პასუხი, რომ ქვეყანა მიწისძვრის შედეგებს ჯერჯერობით თავად უმკლავდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მაროკოს მეფემ განცხადებაც გაავრცელა. მაროკოს მეფემ ესპანეთს, კატარს, გაერთიანებულ სამეფოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დახმარების გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, მან განმარტა, რომ ინციდენტის ადგილზე კოორდინაციის ნაკლებობა შესაძლოა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს, ამიტომ მაროკოს შესაბამისი უწყებები დახმარების საჭიროებებს ფრთხილად აფასებენ.
გადარჩენილების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს ართულებს ის გარემოება, რომ დაზარალებული სოფლების უმეტესობა მთიან რეგიონებში მდებარეობს და იზოლირებულია, შესაბამისად, ადგილზე მისვლა რთულდება.