უკვე სამი წელია, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი „სახლი“ ბენეფიციარებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან გასამკლავებლად მშვიდ გარემოსა და სერვისების ფართო არჩევანს სთავაზობს. ამ პერიოდის განმავლობაში „სახლმა“ შეძლო და საქართველოს წამყვანი ფსიქიატრები და ფსიქოლოგები საერთო ღირებულებების ირგვლივ გააერთიანა. ცენტრის დამფუძნებელი, ფსიქოთერაპევტი ლოლა ლომიძე Forbes Georgia-ს „სახლის“ იდეასა და მის სერვისებზე ესაუბრა.
მოგვიყევით „სახლის“ შესახებ, რა არის ამ სივრცის მთავარი იდეა?
„სახლი“ 2021 წელს შეიქმნა იმ მისიით, რომ ყოფილიყო სივრცე, სადაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თანამედროვე, ჰუმანისტურ მოდელზე დაყრდნობით სხვადასხვა ტიპის სერვისი იქნებოდა ხელმისაწვდომი. პაციენტს ორი ტიპის, ამბულატორიულ და სტაციონარულ, სერვისს ვთავაზობთ. იმის გამო, რომ ფსიქოთერაპიულ მიმართულებებს თავიანთი დანიშნულება აქვთ და ყველა მიმართულება ყველა შემთხვევაში არ არის ეფექტიანი, გვინდოდა, თერაპიული თუ სხვა ტიპის სერვისების რაც შეიძლება დიდი არჩევანი გვქონოდა. თავიდან ძალიან რთული იყო კვალიფიციური კადრების მოძებნა, მაგრამ დღეს ჩვენთან მუშაობს 30-მდე სპეციალისტი, რომელთაც გულწრფელად უყვართ თავიანთი საქმე, აქვთ შესაბამისი განათლება, გამოცდილება და მკაცრი პროფესიული ეთიკა. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტმა აქ თავი ისე იგრძნოს, როგორც სახლში და არ იფიქროს, რომ დიაგნოზის გამო სხვა, „ნორმალური” ადამიანებისგან განსხვავდება. ჩვენი უშუალო გარემო აქ მოსულ ინდივიდს ამ სრულფასოვნების განცდას უჩენს. ამოსავალი წერტილი სწორედ პაციენტზე ზრუნვა, მისი კეთილდღეობა და კომფორტია. „სახლის“ ერთ-ერთი მისია სამომავლოდ კვალიფიციური სპეციალისტების გამოზრდაცაა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სივრცე, სადაც ფსიქიატრიულ სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებ. ამ ეტაპზე არაერთ სტუდენტს ვეხმარებით ამ გამოცდილების მიღებაში.
იმის გაცნობიერება, რომ დახმარება გჭირდება, ძალიან რთულია, თუმცა ამის შემდეგ სხვა გამოწვევა ჩნდება — ხშირად ადამიანები ვერ ხვდებიან, ვისთან მივიდნენ: ფსიქოლოგთან, ნევროლოგთან თუ ფსიქიატრთან… თქვენთან მოსულმა ადამიანებმა იციან, რომელი სპეციალისტი სჭირდებათ?
როგორც წესი, ვიზიტის დასანიშნად პაციენტები წინასწარ გვირეკავენ ან სოციალური ქსელის მეშვეობით გვწერენ. ჩვენი ადმინისტრაციის წევრები შეძლებისდაგვარად გამოჰკითხავენ ხოლმე სიმპტომებს და ამის მიხედვით ამისამართებენ შესაბამის სპეციალისტთან. ხშირად ადამიანებს სიტყვა „ფსიქიატრის” გაგებისა ეშინიათ და ურჩევნიათ, ფსიქოთერაპევტთან ჩაეწერონ. თუ ვხედავთ, რომ პაციენტი ისეთ მდგომარეობას აღწერს, სადაც მედიკამენტი ცალსახად ჩასართავია, ვურჩევთ პირდაპირ ფსიქიატრთან მივიდეს, რადგან ფსიქოთერაპევტი ფარმაკოლოგიურ მკურნალობას ვერ დაუნიშნავს. თუკი მოხდება ისე, რომ პაციენტი ფსიქიატრთან ჩაეწერება და აღმოჩნდება, რომ წამლები არ სჭირდება, მას აუცილებლად გადაამისამართებენ ფსიქოლოგთან და შესაბამის მიმართულებასაც ურჩევენ. მკურნალობა ყველაზე ეფექტიანია, როცა პაციენტის დასახმარებლად ფსიქოთერაპევტი და ფსიქიატრი ერთად მუშაობენ. ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი უპირატესობაც ესაა, რომ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები პაციენტის თანხმობის შემდეგ ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებენ და ასე ადგენენ სამკურნალო გეგმას. ასეთი კოლაბორაციული ურთიერთობა გვაქვს არა მხოლოდ ჩვენი ცენტრის ფარგლებში, არამედ სხვა ცენტრებთანაც.
„სახლის“ ერთ-ერთი გამორჩეული სერვისი ხანგრძლივი დაყოვნების პროგრამაა. რა შემთხვევაში რჩებიან პაციენტები თქვენთან საცხოვრებლად და როგორია მათი ყოველდღიურობა ცენტრში ცხოვრებისას?
„სახლი“ არ არის კლასიკური ტიპის კლინიკა. აქ მკურნალობენ ისეთი ტიპის პაციენტები, რომლებიც არ საჭიროებენ კლასიკურ ფსიქიატრიულ, ან ნარკოლოგიურ სტაციონარში მოთავსებას. ეს არ არის არც სტაციონარი, არც ფსიქიატრიული და არც ნარკოლოგიური საავადმყოფო. ჩვენთან ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი სურვილით მოდიან, თავად კითხულობენ ხელშეკრულებას, გვისვამენ კითხვებს და სურვილის შემთხვევაში რჩებიან. ჩვენთან მცხოვრები ადამიანები 24 საათის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. მათი დღე იწყება 10:00-ზე ერთობლივი საუზმით, შემდეგ დგება მედიკამენტების მიღების დრო იმ პაციენტებისთვის, ვისაც ფსიქიატრის მიერ მსგავსი მკურნალობა აქვს დანიშნული. შემდეგ კი იწყება აქტივობები. პირველი აქტივობა დღიურის შევსებაა. ჩვენთან ყოფნის პერიოდში ბენეფიციარები რეგულარულად აღწერენ, რას გრძნობენ, რათა საკუთარ პროგრესს მარტივად დააკვირდნენ. შემდეგ იწყება ჯგუფური თერაპია, არტთერაპია, ან ხელოვნების ლექცია, რომლის მიზანიცაა, თვითრეფლექსიაში დაეხმაროს ბენეფიციარებს. ამას მოჰყვება რომელიმე სპორტული აქტივობა, მაგალითად, იოგა. დღის განმავლობაში ვთამაშობთ ასევე სამაგიდო თამაშებს ან ვაწყობთ სხვადასხვა ტურნირს, საღამოს გვაქვს კინოჩვენება, რომლისთვისაც სპეციალურად ვარჩევთ ფილმებს. შემდეგ კი ნანახ ფილმს ყველა ერთად განვიხილავთ. ძილის წინ ისევ მედიკამენტების მიღება და შემდეგ — ძილი. „სახლში“ მცხოვრები ბენეფიციარი არა მხოლოდ სამედიცინო, ან ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებს, არამედ ისეთ სოციალურ უნარებსაც იძენს, რომლებიც ჩვეულ ცხოვრებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.
რა ხდება, როცა თქვენთან ხანგრძლივი პერიოდის გატარების შემდეგ ბენეფიციარები ჩვეულ გარემოს უბრუნდებიან? არ უჭირთ ამ სივრციდან რეალურ სამყაროში გადანაცვლება?
თავიდან ეს გარემოება სათანადოდ არ გვქონდა შეფასებული, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ჩვენგან გასული ადამიანებისათვის რთული იყო ე.წ. „ველზე” დაბრუნება. რაც უნდა ვეცადოთ, სახლის გარემოს მივამსგავსოთ აქაურობა, ეს მაინც კონკრეტული მოცემულობების გარშემო აგებული სივრცეა. ანალიზის შედეგად შევჯერდით მოდელზე, როცა მკურნალობის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე პაციენტები რამდენიმე საათით ტოვებენ ცენტრს, მიდიან სახლში, ხვდებიან ოჯახის წევრებს, ან სამსახურში ბრუნდებიან რამდენიმე საათით და ამ ფორმით ნელ-ნელა ეგუებიან გარემოს, რომელიც გარეთ დახვდებათ. არსებობს კიდევ ერთი საკითხი: მკურნალობის დასრულების შემდეგ ადამიანებს ხშირად აქვთ განცდა, რომ ყველა სირთულე გადალახულია და გარეთ ის პრობლემები აღარ შეაწუხებთ, რომლებიც აქ მოსვლამდე დატოვეს. პაციენტი ხშირად მობრუნებულა და უთქვამს, რომ ისევ ცუდად გრძნობს თავს, სიმპტომების გამოკითხვის შემდეგ კი აღმოგვიჩენია, რომ მიზეზი გარე ფაქტორები იყო და არა პირადად მისი ფსიქიკური მდგომარეობა. ჩვენ ვეხმარებით პაციენტებს, გააცნობიერონ, რომ ასეთ სირთულეს უკვე თავად უნდა გაუმკლავდნენ. ამისთვის აუცილებელი უნარები კი „სახლში“ უკვე შეძენილი აქვთ.
როგორ მკურნალობთ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სახის დამოკიდებულებას ებრძვიან?
ჩვენთვის პრინციპული საკითხია ადიქციის მკურნალობისას მეცნიერებაზე დაფუძნებულ მიდგომების გამოყენება. ზოგიერთ ცენტრში მედიკამენტებს არ ნიშნავენ ასეთი პაციენტების დასახმარებლად, ან ერთ დამოკიდებულებას სხვა დამოკიდებულებით უცვლიან — ვგულისხმობ იდეოლოგიურ ჩანაცვლებას. ჩვენთან თითოეულ ბენეფიციართან მუშაობს მულტიპროფილური გუნდი, რომელიც შედგება ფსიქიატრისგან, ნარკოლოგისა და ფსიქოთერაპევტისაგან. შეიძლება დამატებით სხვა ტიპის სპეციალისტიც იყოს ჩართული. მედიკამენტების დანიშვნამდე ვაკეთებთ ასევე ლაბორატორიულ ანალიზს. მოგეხსენებათ, ნარკოტიკული ნივთიერებები ორგანიზმს მძიმედ აზიანებს, ამიტომ არსებული სამედიცინო მდგომარეობა ზუსტად უნდა ვიცოდეთ. გარდა სამედიცინო და ფსიქოთერაპიული მკურნალობისა, ადიქციის მქონე ადამიანებს ვთავაზობთ ფსიქოგანათლებას, რათა თავად გაიაზრონ, რასთან აქვთ საქმე და რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ. როგორც წესი, ადამიანები, რომლებიც რაიმე ტიპის დამოკიდებულებას ებრძვიან, საზოგადოების მიერ დემონიზებულები არიან. ჩვენ მათ ვთავაზობთ მეგობრულ, დაცულ გარემოს, სადაც თავს სრულფასოვან ინდივიდებად გრძნობენ. ხშირად მოგვისმენია ბენეფიციარებისაგან, რომ აქ ყოფნის პერიოდში საკუთარი თავი თავიდან შეუყვარდათ. ამ პროცესზე დაკვირვება ძალიან სასიამოვნოა ხოლმე.
საქართველოში მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სტატისტიკა და კვლევები ფაქტობრივად არ არსებობს. თქვენი ემპირიული გამოცდილებით, როგორია ზოგადი ფონი ქვეყანაში?
რეალურად ოფიციალური სტატისტიკა გვაქვს მხოლოდ ე.წ. აღრიცხვაზე აყვანილი ადამიანების შესახებ, რომლებიც მწვავე პრობლემებით ხვდებიან სახელმწიფო დაწესებულებებში ან სახელმწიფოსგან იღებენ მედიკამენტებს. სხვა ბაზა არ არსებობს. არ ტარდება მასშტაბური კვლევები, რაც სურათის დანახვაში დაგვეხმარებოდა. არ გვაქვს ასევე სუიციდის პრევენციის პროგრამა ან ადგილი, სადაც დარეკავ და დახმარებას ითხოვ, თუ სუიციდური იდეაცია გაქვს. ჩემი დაკვირვებით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ქვეყანაში. ყველაზე გავრცელებული პრობლემები შფოთვითი აშლილობები და დეპრესიაა. ხშირად ეს ორი მდგომარეობა თანაარსებობს, ან ერთი მეორეს იწვევს. ასევე ძალიან გავრცელებულია ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, თამაშზე დამოკიდებულება, განსაკუთრებით — ახალგაზრდებში. ალბათ, ყველას მოგვისმენია, როგორ ამბობენ ხოლმე უფროსი ასაკის ადამიანები, ჩვენს დროს სად იყო დეპრესია ან ფსიქიკური დაავადებებიო. ეს ნამდვილად არაა ასე. ჩემი ძალიან ბევრი კლიენტი თერაპიის დროს იხსენებს ლოგინში ჩაწოლილ დეპრესიულ დედას, ადიქციებთან მებრძოლ მამას, ან სხვადასხვა პიროვნული აშლილობის მქონე ბებიებსა და ბაბუებს. ეს მათთვის ბავშვობის უმძიმესი ტრავმაა. ადრე უბრალოდ ამ მდგომარეობების სახელდება არ ხდებოდა.
მენტალური ჯანმრთელობის კუთხით მძიმე სოციალურ ფონს რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს — პირველ რიგში, სტიგმა. ბევრი ადამიანი თავს არიდებს ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მისვლას იმის შიშით, რომ „გიჟის” იარლიყს მიაკრავენ და შემდეგ ვეღარ შეძლებს ოჯახის შექმნას, დასაქმებას და ა.შ. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელმისაწვდომობა. სახელმწიფო კლინიკებში ადგილები თითქმის არ არსებობს, არ გვაქვს პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ ჯგუფებს დაუფინანსებს ცოტა ხანგრძლივ თერაპიას; დაზღვევა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობას არ ფარავს და ა.შ ეს ყველაფერი ჯამში ერთ დიდ ზვავად იქცევა ხოლმე. ჩვენ ბევრი პაციენტი გვყავს, ვინც უფასოდ იღებს ჩვენგან დახმარებას. როცა ვხედავთ, რომ ადამიანს დახმარება სჭირდება და სხვაგან ვერსად გავუშვებთ, სხვა გზა ფაქტობრივად არ გვრჩება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რისი საშუალებაც გვაქვს, მაგრამ ეს ერთი კონკრეტული სივრცეა, რეალურად კი ბევრად მასშტაბური სამუშაოა ჩასატარებელი.
როგორ წარმოგიდგენიათ „სახლის“ მომავალი?
მე არ ვუყურებ აქაურობას, როგორც მოგებიან ბიზნესს. შესაბამისად, არ განვიხილავ გაფართოებას ან საწოლების დამატებას. ამ მომენტისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი შენობა არ გვაქვს და იჯარით ვიღებთ სივრცეს. ასე რომ, იდეალური განვითარება იქნებოდა, თუ „სახლს“ თავისი სახლი ექნებოდა.
ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ის ღირებულებები უცვლელი დარჩეს, რომელთა გარშემოც შევქმენით ეს ცენტრი. „სახლი“ არის სივრცე, სადაც ყველა დაცულად გრძნობს თავს და ამაში არ ვგულისხმობ გარე საფრთხეებისგან დაცულობას. ჩვენ, ადამიანებს, ყველაზე მეტი დაცვა საკუთარი თავისგან გვჭირდება. აუცილებელია, საკუთარ თავს დავუმეგობრდეთ და „სახლი“ აქ მოსულ ადამიანებს სწორედ ამის საშუალებას აძლევს. ჩვენი ყოფილი ბენეფიციარებისთვისაც კი, რომელთაც წლებია, დატოვეს აქაურობა, ეს ცენტრი ისევ სახლია.