MLS-მა Apple-თან 10-წლიანი, $2.5-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

MLS-მა Apple-თან 10-წლიანი, $2.5-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

აშშ-ის საფეხბურთო ლიგა MLS-მა ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-თან 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება, საკითხთან დაახლოებულ პირთა ცნობით, მინიმუმ 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც ძალაში 2023 წლიდან შევა, MLS-ის, Leagues Cup-ის, MLS NEXT Pro-სა და MLS NEXT-ის ყველა მატჩი გაშუქდება სტრიმინგ-პლატფორმაზე, რომელიც Apple TV+-ის საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის გამოსაწერად Apple TV+-ის გამოწერა საჭირო არ იქნება.

აქვე ცნობილია, რომ Apple TV+-ის აბონენტები მთელ მსოფლიოში გარკვეული ლიმიტის ფარგლებში მატჩების ყურებას დამატებითი გადასახადის გარეშე შეძლებენ. გარდა ამისა, MLS-ის მთლიანი სეზონის ბილეთების მფლობელებს სტრიმინგ-სერვისზე წვდომა უფასოდ ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ MLS-ს 2022 წლის სეზონის ბოლომდე ხელშეკრულება ESPN+-თან, Univision-თან და Fox-თან აკავშირებს. ისინი, მიმდინარე კონტრაქტის პირობების მიხედვით, სეზონში საერთო ჯამში 90 მილიონ აშშ დოლარს იხდიან. წყაროების ცნობით, აქედან 65 მილიონ აშშ დოლარს MLS-ი იღებს. დარჩენილი 25 მილიონი აშშ დოლარი კი აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშზე გადადის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *