ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტები, 2017 წლის შემდეგ პირველად, ერთმანეთს პირისპირ გამართულ მოლაპარაკებებზე შეხვდნენ. სი ძინპინსა და ჯო ბაიდენს შორის შეხვედრა ინდონეზიაში, კერძოდ ბალიზე, G20-ის სამიტის ფარგლებში შედგა. სახელმწიფოთა ლიდერებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ტაივანისა და უკრაინის თემები განიხილეს.
ბალიზე შეხვედრისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი ურყევი პოზიცია ტაივანის საკითხისადმი და აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკა კუნძულთან დაკავშირებით არ შეიცვლება. როგორც ირკვევა, შეხვედრისას ბაიდენი ტაივანზე ჩინეთის ზეწოლასთან დაკავშირებით ბევრად უფრო კრიტიკული იყო, ვიდრე მიმდინარე წლის დასაწყისში, სი ძინპინთან სატელეფონო ზარის შემდეგ გაკეთებული განცხადებისას.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა დაგმო ჩინეთის „ძალადობრივი და მზარდი აგრესიული ქმედებები ტაივანის მიმართ“, რაც, მისი განცხადებით, ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მარტო ტაივანის სრუტეში, არამედ მთლიანად რეგიონში და გლობალურ კეთილდღეობას საფრთხის ქვეშ აყენებს. ტაივანზე ღიად საუბრობდა პრეზიდენტი სი ძინპინიც, რომელმაც კუნძულს „პირველი წითელი ხაზი“ უწოდა, რომელიც ჩინეთი-აშშ-ის ურთიერთობაში არ უნდა გადაიკვეთოს. ჩინეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ შტატები, „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის დაცვით, მისი განცხადებებისა და ქმედებების თანხმობაში მოყვანას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში, ტაივანში, აშშ-ის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, პეკინმა ვაშინგტონთან ოფიციალური დიალოგის არხები შეაჩერა, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და სამხედრო მოლაპარაკებები. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგის მექანიზმების განახლების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, ორივე მხარემ ქვეყნებს შორის, მაღალი თანამდებობის პირების დონეზე, კომუნიკაციების გაძლიერების სურვილი გამოთქვა.
როგორც ჩინეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, ბაიდენი და სი ძინპინი სტრატეგიული კომუნიკაციების შენარჩუნებასა და რეგულარულ კონსულტაციებზე შეთანხმდნენ. თეთრი სახლის განცხადებით, ქვეყნების ლიდერებმა კლიმატური, ჯანდაცვისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად კონსტრუქციული ძალისხმევის გაძლიერების პირობაც დადეს. საინტერესოა, რომ ჩინეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტიც იგეგმება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბლინკენი ჩინეთში შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისში გაემგზავროს.
ბაიდენი და სი ძინპინი შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომსაც შეეხნენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები რუსეთს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარაში ადანაშაულებენ. რუსეთი ბრალდებას უარყოფს, ხოლო ჩინეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრის კრიტიკისა და ჯარების გამოყვანის მოთხოვნისგან თავს იკავებს. თუმცა, თეთრი სახლის განცხადების თანახმად, პრეზიდენტებმა შეხვედრისას დაადასტურეს მათი წინააღმდეგობა, უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებასა და მუქარასთან დაკავშირებით.
ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის ჩინურ ფირმებზე აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება ეკონომიკისა და სავაჭრო კავშირების პოლიტიზებასა და იარაღად გამოყენებას, რაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებსაც შეეხება. ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური ან სავაჭრო ომის დაწყება, ბარიერების აშენება და მიწოდების ჯაჭვების გაწყვეტა ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ძირს უთხრის საერთაშორისო ვაჭრობის წესებს.
შეხვედრის შემდეგ ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ არსებობს შეშფოთების მიზეზი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ახალი ცივი ომის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ბალიზე ქვეყნების ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეის საკითხიც განიხილეს. შეხვედრაზე ბაიდენმა ღიად ისაუბრა ჩინეთის ვალდებულებაზე, დარწმუნდეს, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ ცდებს არ განაახლებს. „რთულია დადგენა, აქვს თუ არა ჩინეთს ამის შესაძლებლობა. თუმცა დარწმუნებული ვარ, ფხენიანის შემდგომ ესკალაციებში ჩართვა ჩინეთის ინტერესებში არ შედის“, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს. შტატების პრეზიდენტმა სი ძინპინი გააფრთხილა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ცდები ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას გამოიწვევს.