მოასწავებს თუ არა ესტონეთისა და ლატვიის 16+1 ფორმატიდან გასვლა ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დასასრულს?

მოასწავებს თუ არა ესტონეთისა და ლატვიის 16+1 ფორმატიდან გასვლა ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დასასრულს?

11 აგვისტოს, ლიეტუვის კვალდაკვალ, ლატვიამ და ესტონეთმა 16+1-ის ინიციატივა დატოვეს, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მთავარი ფორმატია. გადაწყვეტილება მოჰყვა დასავლეთის ჩინეთისადმი მიმართულ კრიტიკას დემოკრატიულ ტაივანზე სამხედრო წნეხისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ჩინეთის რუსეთთან უფრო დაახლოების გამო. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჩინურ ინიციატივაში მონაწილეობა „აღარ შედიოდა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში“. აქვე აღსანიშნავია, რომ 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებებში ლატვიაც და ესტონეთიც  სურვილს გამოთქვამენ ჩინეთთან პრაგმატული და კონსტრუქციული ურთიერთობების გაგრძელებაზე, თუმცა პრიორიტეტად აყენებენ წესებზე აგებულ საერთაშორისო წყობასა და ადამიანის უფლებებს.

დასავლური მედია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს ერთგვარ პოსტკომუნისტურ სივრცედ განიხილავს, რომელიც დემოკრატიის უკუსვლით, ავტორიტარიზმითა და კორუფციით ხასიათდება. რეგიონს ხშირად „ჩინურ ტროას ცხენსაც“ უწოდებენ. ცენტრალური და აღმოსავლეთის ქვეყნების ჩინეთთან ეკონომიკური დაახლოება პეკინის „დაყავი და იბატონე“ ტაქტიკად და ავტოკრატიის გავრცელების მცდელობადაა აღქმული. მიუხედავად ამისა, უახლესი ცვლილებები გვიჩვენებს, რომ რეგიონის ქვეყნები ჩინეთისადმი არცთუ ისე მეგობრულად არიან განწყობილნი. რეგიონის პეკინთან კავშირების გაღრმავების მცდელობებმა ზიანი მიაყენა მის რეპუტაციას დასავლეთში და კვლავ მნიშვნელოვან განხილვის საგნად რჩება.

ჩინეთსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს შორის მზარდი ურთიერთობები დიდწილად „17+1“ ინიციატივის (ახლა უკვე 16+1) ფარგლებშია მოქცეული და თავდაპირველად ჩინეთსა და რეგიონის 17 ქვეყანას მოიცავდა. ამ ქვეყნებიდან 11 ევროკავშირის წევრია. პროექტის მიზანი პეკინსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. ინიციატივის ფარგლებში ჩინეთმა პირობა დადო რეგიონში ინვესტიციების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეგიონის ეკონომიკის წინსვლაზე, ხოლო რეგიონის 17-მა სახელმწიფომ პეკინს ევროპულ ბაზარზე ხელმისაწვდომობა აღუთქვა.

თანამშრომლობის ფორმატი მალე გახდა ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ნაწილი, რომელსაც 2013 წელს დაედო საფუძველი. პეკინის რეგიონში გამოჩენა კი დემოკრატიულ უკუსვლას დაემთხვა, განსაკუთრებით პოლონეთსა და უნგრეთში. ამრიგად, 16+1 აღქმულ იქნა ფორუმად, რომელიც ჩინეთს გავლენის ბერკეტებს აძლევდა ფინანსური გზებით, როგორიცაა: ინვესტიციები, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო განვითარების პროექტები. საბოლოო ჯამში, პლატფორმამ დასავლეთ ევროპაში დიდი კრიტიკა გამოიწვია პეკინის მიერ რეგიონში ავტორიტარული „ჩინური მოდელის“ ხელშეწყობისა და ევროკავშირის ერთიანობის ძირის გამოთხრის მცდელობების გამო.

გასული ათწლეულის განმავლობაში ინვესტიციებზე დაფუძნებული თანამშრომლობა სტაბილური იყო. თუმცა 2020 წელს ის შეფერხდა, რადგან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ჩინეთთან „სოციალური დისტანციის დაცვა“ ამჯობინეს. რეგიონის ქვეყნების მთავრობებს აფიქრებდა ჩინეთთან უთანასწორო სავაჭრო ურთიერთობა, ჩინური ბაზრის ნაკლები ხელმისაწვდომობა და შეუსრულებელი დაპირებები ფართომასშტაბიან ინვესტიციებთან დაკავშირებით. ამრიგად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მოლოდინი ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე პეკინის განზრახვას არ დაემთხვა. „17+1“ ინიციატივის სამიტები რეგიონში თანდათანობით უფრო „ფოტოს გადაღების შესაძლებლობად“ გადაიქცა, ვიდრე მიზნების მიღწევის ხელშემწყობ დიპლომატიურ მოლაპარაკებებად. ქვეყნებმა ასევე გაიაზრეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობის მაღალი რისკებიც, რომლებიც ავტორიტარული “ჩინური მოდელის” გავრცელებას უწყობს ხელს და რუსეთის მსგავს “აგრესიულ პოლიტიკასაც” ახორციელებს. გლობალურმა პანდემიამ, რომლის გავრცელებაშიც ბევრი სწორედ ჩინეთს ადანაშაულებს, გარკვეულწილად შეაფერხა პეკინსა და რეგიონს შორის ურთიერთობები. გასულ წელს ლიეტუვის ფორმატიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა, რომელთაც ლატვია და ესტონეთი შესაძლოა არც იზიარებდნენ. ერთი მხრივ, გადაწყვეტილებას ზურგს უმაგრებდა ჩინეთში არსებული რეჟიმის კრიტიკა და თვით თანამშრომლობის ფორმატი. მეორე მხრივ კი იგი მოჰყვა ლიეტუვისა და აღმოსავლეთ აზიის დემოკრატიულ ქვეყნებს შორის – როგორიცაა, მაგალითად, ტაივანი – ურთიერთობების გაღრმავებას.

ესტონეთისა და ლატვიის გადაწყვეტილება კი ტაივანის სიახლოვეს ჩინეთის სამხედრო წვრთნებსა და აშშ-ჩინეთს შორის დაძაბულ ურთიერთობებს მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ბალტიისპირეთის ამ ორი ქვეყნის ნაბიჯი მათ მიერ აშშ-ის მიმართ სარგებლის მისაღებად ერთგულების დამტკიცების მცდელობად არ უნდა ჩაითვალოს, როგორც ეს ჩინურ მედიაში ვრცელდება. ბალტიისპირეთის რეგიონის დაცვა, რომელიც განხილვის ერთ-ერთი უმთავრესი საგანია, გაძლიერდა რუსეთის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი ომის დაწყებისთანავე. ბალტიის ქვეყნების 16+1 ფორმატიდან გამოსვლის სურვილი უკეთესად აიხსნება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ჩინეთის კრემლთან ურთიერთობების უფრო გაღრმავებით.

აღსანიშნავია, რომ 16+1-ში შემცირებული წევრებით ჩინეთის მიერ ინიციირებული ფორმატი არ დასრულდება მაშინაც კი, თუ სხვა წევრი-ქვეყნებიც დატოვებენ თანამშრომლობის მაგიდას. დღეისათვის ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია კვლავ რჩებიან ინიციატივის მონაწილეების რიგებში. ამავდროულად, ესტონეთისა და ლატვიის განცხადებებში ფრთხილად შერჩეული სიტყვები, რომ „ესტონეთი განაგრძობს ჩინეთთან კონსტრუქციულ და პრაგმატულ თანამშრომლობას“ და „ლატვია გააგრძელებს პეკინთან პრაგმატულ და კონსტრუქციულ ურთიერთობებს“ მიანიშნებს იმაზე, რომ ტალინი და რიგა აპირებენ ჩინეთთან ურთიერთობების არა გაწყვეტას, არამედ ხაზს უსვამენ ღირებულებების მნიშვნელობას, რომლებიც ევროკავშირ-ჩინეთის თანამშრომლობის ფორმატს სათავეში უნდა ედგას. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ეკონომიკური წინსვლა და აქედან გამომდინარე, რეგიონის ქვეყნებს გაუჭირდებათ პეკინის მიერ შემოთავაზებულ „მიმზიდველ“ ინვესტიციურ გარიგებებზე უარის თქმა. ასეთ სიტუაციაში გამოსავალი ევროკავშირის მიერ რეგიონში უწყვეტი ჩართულობაა, რომელსაც ზურგს გაუმაგრებს ჩინეთის მიმართ თანამიმდევრული პოლიტიკა.