მოლდავეთის საპარლამენტო არჩევნებში სანდუს პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვა

მოლდავეთის საპარლამენტო არჩევნებში სანდუს პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვა

მოლდავეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პროევროპულმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“, ხმების 50.15%-ით გაიმარჯვა. არსებული შედეგებით, სანდუს პარტია მოლდავეთის 101-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას შეინარჩუნებს.

პრორუსული პარტია, „პატრიოტული ბლოკი“, რომელსაც სათავეში მოლდავეთის  ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონია, დათვლილი ხმების 25%-ით მეორე ადგილზეა. დოდონმა,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებისთანავე, თავის ამომრჩევლებს პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა.

მოლდავეთში 2025 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე, პრეზიდენტმა სანდუმ კენჭისყრაში მოსკოვის ჩარევის საშიშროებაზე არაერთხელ ისაუბრა. სანდუს მტკიცებით, კრემლი, წინასაარჩევნო პერიოდში, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ქვეყანაში არეულობის პროვოცირებისთვის მილიონობით ევროს ხარჯავდა.

„იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მოლდავეთზე კონტროლს მოიპოვებს, შედეგები მთელი რეგიონისთვის დაუყოვნებლივი და სახიფათო იქნება. ყველა მოლდაველი დაზარალდება, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცა ხმა“, – განაცხადა სანდუმ არჩევნებამდე და იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანას კვლავ ექნებოდა შანსი, „გააძლიეროს დემოკრატია, დაიცვას საზღვრები და განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია“.

მოლდავეთის მოქმედი პრეზიდენტის მიზანი, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებაა. მაია სანდუ მმართველობაში 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოვიდა, ხოლო მისმა პარტიამ უმრავლესობა მომდევნო წელსვე მოიპოვა. სწორედ სანდუს პრეზიდენტობის პერიოდში მოიპოვა მოლდავეთმა  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. თუმცა მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომი ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკაზეც აისახა.

არჩევნების დღეს, კვირას, მოლდავეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიერუმ რამდენიმე ინციდენტის შესახებ განაცხადა – მათ შორის, საარჩევნო სისტემებისა და სამთავრობო ვებსაიტების წინააღმდეგ კიბერშეტევებსა და საარჩევნო უბნებში ამომრჩევლების უკანონოდ გადაყვანაზე.

მოლდავეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კი, ბელგიაში, იტალიაში, რუმინეთში, ესპანეთსა და აშშ-ში საარჩევნო უბნებში ბომბის არსებობაზე ცრუ  შეტყობინებები „რუსეთის ფედერაციის მიერ საარჩევნო პროცესზე თავდასხმის ნაწილად“ შეაფასა. თუმცა მოლდავეთის პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩანის ინფორმაციით, ყველა ინციდენტი რეალურ დროში აღმოიფხვრა და ამას საარჩევნო პროცესებზე გავლენა არ მოუხდენია.

მოლდავეთში გუშინ, 27 სექტემბერს გამართული არჩევნების შედეგებს, სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. მოლდავეთის მომავალი ევროპაშია. ამ ისტორიული ნაბიჯით, მოლდაველმა ხალხმა დემოკრატიის, იმედისა და შესაძლებლობების გზა აირჩია. მათ ევროპა აირჩიეს. ევროპა – მოლდავეთია, მოლდავეთი  – ევროპაა“, – ვკითხულობთ მეცოლას განცხადებაში.