მედიასააგენტო Reuters-ის ცნობით, მოლდოვიდან გაქცეულმა პრორუსმა ბიზნესმენმა, ილან შორმა, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ მოლდოველებს ყოველთვიურად 3000 დოლარი შესთავაზა. მისი მიზანი მომავალ თვეში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე მოლდოვის პროევროპული მთავრობისთვის ძირის გამოთხრაა.
აღსანიშნავია, რომ მოლდოველი ოფიციალური პირები მოსკოვს მათ შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და პრორუსული განწყობების გაღვივებაში რეგულარულად ადანაშაულებენ. თავის მხრივ, მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.
შორმა, რომელიც რუსეთის სახელით მოლდოვაში დესტაბილიზაციის მცდელობის გამო დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება, განაცხადა, რომ თუ მოლდოველები შაბათიდან დედაქალაქ კიშინიოვში საპროტესტო აქციებს დაიწყებენ, თითოეულ მომიტინგეს გარკვეულ თანხას ყოველდღიურად გადაუხდის, რაც თვეში 3000 აშშ დოლარს გაუტოლდება.
„დიახ, მე გიხდით კომპენსაციას ისე, რომ უკვე შაბათიდან იგრძნობთ იმ გამარჯვების შედეგებს, რომელსაც მალე მივაღწევთ“, – განაცხადა ილან შორმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
მოლდოვის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შორის გზავნილი „დანაშაულებრივი წაქეზებაა“. სტრუქტურამ მოლდოველები გააფრთხილა, რომ თუ ამ შეთავაზებას მიიღებენ, შესაძლოა სამართლებრივი პასუხისგება მოუწიოთ.
„სამართალდამცავი ორგანოები არ დაუშვებენ კრიმინალური დაჯგუფებების მიერ უკანონო საპროტესტო აქციების ორგანიზებას, რომლებიც არეულობისა და ძალადობის გამოწვევას ისახავს მიზნად. ნებისმიერი მცდელობა მტკიცედ იქნება აღკვეთილი კანონის ფარგლებში“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
მოლდოვა აცხადებს, რომ შორი, რომელიც 2014 წელს ქვეყნის საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის მოპარვაში დახმარებისთვის იქნა მსჯავრდებული, მოსკოვის გავლენის მთავარი აგენტია. ოფიციალურმა პირებმა მის პარტიას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები აკრძალეს. ილან შორს მოლდოვაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს არის დაგეგმილი. მმართველი პარტია უმრავლესობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, რათა ქვეყნის პროევროპული ტრაექტორია უცვლელი დარჩეს.