მომავალი წლიდან გერმანია ლტოლვილთა მიღებისა და ინტეგრაციის ხარჯების დასაფარად ფედერაციებისთვის გამოყოფილ დახმარებას გაანახევრებს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში მზარდი ინფლაცია და ეკონომიკური შენელებაა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანია ლტოლვილთა მიღებისა და სხვადასხვა ხარჯისთვის დაახლოებით 28 მილიარდ ევროს ხარჯავს, საიდანაც 15 მილიარდ ევროზე მეტი ფედერაციებსა და მუნიციპალიტეტებს გადაეცემა. თუმცა მომავალი წლიდან, ფედერალურ ბიუჯეტში 20 მილიარდი ევროს გარღვევისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უკრაინელებს პირდაპირი წვდომა აქვთ ეროვნული კეთილდღეობის სისტემაზე, ბერლინი ფედერაციებისთვის ლტოლვილთა დახმარებას გაანახევრებს.
გერმანიის ფინანსთა სამინისტროს სპიკერის ინფორმაციით, 2024 წლიდან ფედერალური მთავრობა ლტოლვილთა ხარჯებს არსებული 3.75 მილიარდი ევროდან, 1.25 მილიარდ ევრომდე შეამცირებს. გარდა ამისა, Reuters-ს სამთავრობო წყარომ განუცხადა, რომ გერმანიის მთავრობა ლტოლვილთა ინტეგრაციისა და ზრუნვის ხარჯების დაფარვაში წვლილს აღარ შეიტანს.
2015-2016 წლების შემდეგ, როდესაც გერმანიაში ახლო აღმოსავლეთიდან ომს გამოქცეული მილიონობით ლტოლვილი ჩავიდა, ბერლინი ფედერაციებს დახმარებას ყოველთვიურად, ერთ სულ მოსახლეზე ლტოლვილთა რაოდენობის მიხედვით უხდიდა. ასევე ფარავდა განსახლებისა და ინტეგრაციის ხარჯებს.
თუმცა ბოლო წლებში ლტოლვილთა რაოდენობა შემცირდა, გერმანიამ კი ფედერაციების მოთხოვნით 2021 წელს დაფინანსების პოლიტიკაც შეცვალა. ახალი წესებით, ბერლინი ლტოლვილთა რაოდენობის გათვალისწინების გარეშე გამოყოფდა მათი ხარჯების დასაფარად საჭირო ფიქსირებულ თანხას.
რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ გერმანიას თავი მილიონზე მეტმა უკრაინელმა შეაფარა. მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური ოფისის მონაცემებით, უკრაინის გარდა, სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილთა რაოდენობა გასულ წელს, 2019 წელთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა.