სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი სალომე ჯანელიძე ენერგეტიკული ბაზრების ეტაპობრივ ტრანსფორმირებასა და, ამ კუთხით, საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმაზე საუბრობს.
„საქართველოში ელექტროენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. მიმდინარეობს საბითუმო და საცალო ბაზრების გახსნა, ხორციელდება კონკურენციის ხელშემწყობი ღონისძიებები და ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები. ამავდროულად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საპილოტე პროექტების სახით ხდება ელექტროენერგიის ლოკალური, ინოვაციური ბაზრების გამოცდა. ყველა ამ რეფორმის ცენტრში კი მომხმარებელი დგას – ემანსიპირებული და თავისუფალი.
სემეკი უკვე არაერთი წელია, ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომლის მიზანიც მომხმარებლის გაძლიერებაა. დადგინდა მომსახურების პირობები და სტანდარტები, მათი დარღვევის შემთხვევებისთვის კი – საკომპენსაციო ზომები. დაინერგა ინოვაციური კომერციული ხარისხის პროგრამა, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებს მომხმარებლების მიმართვებზე კომუნალური კომპანიების რეაგირებას: თითოეულ განცხადებას ენიჭება სპეციალური კოდი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია, კომისიისგან მიიღოს სრული ინფორმაცია კომპანიის მიერ განხორციელებულ საპასუხო ქმედებებზე. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. სემეკი ნერგავს მომხმარებლების პორტალს, სადაც მომხმარებელს, მათ შორის, შეეძლება, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს მომარაგების წყვეტებზე, საკუთარ მოხმარებაზე, გაგზავნოს განცხადებები კომპანიებსა და კომისიაში. სექტემბრიდან ასევე ამოქმედდება მიმწოდებლის არჩევის პლატფორმა, რომელიც ძალაუფლების დინამიკას შეცვლის. მომხმარებელს შეეძლება, ერთ ვებგვერდზე იხილოს ელექტროენერგიის მიწოდების ყველა მოქმედი შეთავაზება, ეფექტიანად შეადაროს ისინი ერთმანეთს და შეაჩეროს არჩევანი ისეთზე, რომელიც მისთვის ყველაზე სარგებლიანი იქნება.
მომხმარებლებს ახალი ჰორიზონტები გაუხსნა ე.წ. ნეტო აღრიცხვამ, რომელიც სემეკმა 2016 წელს დანერგა. მომხმარებელს, მათ შორის საყოფაცხოვრებოს, უფლება აქვს, დაამონტაჟოს 500 კილოვატამდე სიმძლავრის, განახლებადი ენერგიების წყაროზე მომუშავე ელექტროსადგური საკუთარი სახლის სახურავზე, მოიხმაროს გამომუშავებული ელექტროენერგია, ჭარბი კი მიჰყიდოს ელექტროენერგიის მიმწოდებელს. ამგვარად მომხმარებელს შეუძლია, თავისი მცირე წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგეტიკულ ტრანზიციაში – წიაღისეული საწვავის განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლებაში.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა სრულად შეცვალა მსოფლიოს ენერგეტიკული დღის წესრიგი და დააჩქარა წიაღისეული საწვავების განახლებადი ენერგიებით ჩანაცვლების პროცესი. 2019 წელს განხორციელებული კვლევის თანახმად, შენობების სახურავებზე განთავსებული მზის ელექტროსადგურებით შესაძლებელია ევროკავშირის მთლიანი მოხმარების 25%-ის დაკმაყოფილება. ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ ევროკომისიის ახალი გეგმა, REPowerEU, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად მზის ენერგიას განიხილავს. მეტიც, ევროკავშირის მზის ენერგიის სტრატეგიის თანახმად, სახურავზე მზის ენერგიის ინფრასტრუქტურის განთავსება სავალდებულო უნდა გახდეს კომერციული და საჯარო შენობებისთვის 2027 წლიდან, ხოლო ახალაშენებული საცხოვრებელი შენობებისთვის – 2029 წლიდან. ამგვარი ინიციატივები, ტექნოლოგიურ მიღწევებთან ერთად, ნოყიერ ნიადაგს ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის მომავლის მოდელების შესაქმნელად.
ისტორიულად, ელექტრომომარაგება ცალმხრივი საქმიანობა იყო – საწარმოები გამოიმუშავებდნენ ან ყიდულობდნენ ელექტროენერგიას, რომელსაც შემდგომ მომხმარებლებს აწვდიდნენ. გამრღვევი ტექნოლოგიების შედეგად, თანდათანობით ხდება ელექტროენერგეტიკული ბიზნესის დეცენტრალიზება. ამ მხრივ, ბლოკჩეინი – ტექნოლოგია, რომელიც ბიტკოინებს უდევს საფუძვლად – მოწინავე როლს იკავებს და საშუალებას აძლევს ერთ არეალში მცხოვრებ მომხმარებლებს, საკუთარი გამომუშავებული ელექტროენერგიით ლოკალურად ივაჭრონ. ბლოკჩეინების მეშვეობით იქმნება სავაჭრო პლატფორმა და მონაცემთა რეესტრი, რომელიც პლატფორმის მონაწილეებთან ინახება. მომხმარებლები აღჭურვილი არიან „სმარტ“-მრიცხველებით, რომლებიც რეალურ დროში აღრიცხავს და გზავნის ინფორმაციას ენერგიის წარმოებისა და მოხმარების თაობაზე. მხარეთა შორის ურთიერთობები კი „სმარტ“-კონტრაქტების – კოდირებული გარიგებების – მეშვეობით ხორციელდება, რომლებიც თვითაღსრულებადია შესაბამისი მონაცემების დადასტურებისთანავე. ბრუკლინის მიკროქსელები ასეთი პლატფორმის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. 2016 წელს დაწყებული პროექტი საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, მობილური ტელეფონის სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, მიეღოთ მონაწილეობა ბაზარზე, სადაც მომხმარებლების მიერ გამომუშავებული მზის ენერგია აუქციონზე იყიდებოდა. მომხმარებელთა „სმარტ“-მრიცხველებიდან მათი ბლოკჩეინის ანგარიშს გადაეცემოდა მოხმარებისა და გამომუშავების თაობაზე ინფორმაცია, რის საფუძველზეც გენერირდებოდა ყიდვა-გაყიდვის ბრძანებები.
ლოკალურ ვაჭრობას შეუძლია, მომხმარებლებს მნიშვნელოვნად შეუმციროს ელექტროენერგიის ხარჯები. დაზოგვის შესაძლებლობა კიდევ უფრო იზრდება, თუ მოხმარებელს ხელი მიუწვდება ენერგიის შემნახველ სისტემებზე და შეუძლია, გამომუშავებული ენერგია მოგვიანებით, უფრო მაღალ ფასად გაყიდოს. Huawei-ს მიერ მაისში წარდგენილი „სმარტ“-სისტემა, FusionSolar-ი, აერთიანებს მზის პანელებს, ენერგიის შემნახველებსა და ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ამინდისა და მომხმარებლის ჩვევების მიხედვით სისტემის ავტომატურ ოპტიმიზაციას აკეთებს.
ელექტროსისტემის უსაფრთხო ოპერირებისა და საიმედოობისთვის აუცილებელია, ელექტროენერგიის მიწოდება და მოხმარება ყოველთვის ერთმანეთის ტოლი იყოს; ქარისა და მზის ენერგია კი შედარებით რთულად პროგნოზირებადია. ქსელის დაბალანსება გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს როგორც დეცენტრალიზებული ვაჭრობის განვითარებისთვის, ისე – სისტემის ოპერატორებისთვის, რომელთა უპირველესი მიზანი მიწოდების უსაფრთხოებაა და ამიტომ სისტემის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ისინი ყოველთვის სიფრთხილეს იჩენენ. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის თანახმად, ქსელში ქარისა და მზის ენერგიის პოტენციალის 100%-ის ინტეგრირება მხოლოდ 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, არსებობს მაგალითები, როცა ელექტროსისტემა გარკვეული პერიოდი სრულად განახლებად ენერგიაზე მუშაობს: მაგალითად, დანიაში, რომელიც აქტიურად იყენებს ქარის ენერგიას. ახალი რეკორდი დაამყარა კალიფორნიამ ა.წ. 3 აპრილს, 15:39 წუთზე, როცა ქსელში არსებული ელექტროენერგია სრულად მზისა და ქარისგან იყო მიღებული.
აქტიური მომხმარებელი ქსელის ოპერატორისთვის მხოლოდ ვალდებულებების გაზრდას არ გულისხმობს. მოთხოვნის საპასუხო მართვა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ელექტროენერგეტიკული ქსელის ოპერირებაში. ქსელის პიკური დატვირთვისას, მომხმარებლებს შეუძლიათ, შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ – მაგალითად, დღის ნაცვლად, ღამის საათებში დამუხტონ ელექტროტრანსპორტი. ბუნებრივია, ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ამინდს ვერ შექმნის. ამიტომ აგრეგატორების მეშვეობით ხდება ასობით მომხმარებლის გაერთიანება და ბაზრისთვის ე.წ. მოხმარების მოქნილობის მიწოდება, რაც ხელს უწყობს სისტემის სტაბილურობას.
ბაზრის მომავლის მოდელში მომხმარებლებს მეტი ძალაუფლება აქვთ. ძალაუფლებასთან ერთად კი – პასუხისმგებლობაც მეტია. თითოეული კილოვატი, რომელსაც საკუთარი სახლის სახურავზე გამომუშავდება, ერთი კილოვატით ნაკლები იმპორტირებული ელექტროენერგია და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ასაშენებლად დადებული კიდევ ერთი აგურია“.