გადაარჩენს სილიკონის ხეობის სტარტაპი ამერიკის პატარა ფერმებს? ამის გასარკვევად, Farmers Business Network-მა თითქმის $200 მილიონი მოიზიდა… მაგრამ “დიდი სოფლის მეურნეობა” კონტრიერიშს იწყებს.
ფერმერ მარკ გეთის სახლი ლუვერნში (მინესოტა) მდებარეობს – სიუ-ფოლზიდან (სამხრეთი დაკოტა) სოფლის გზებით 30 მილის სავალზე. ქვეყნის შუაგულში მდებარე ამ მიწაზე, 10,000 აკრზე, გეთს – ბოტებსა და ლურჯ პერანგში გამოწყობილ ახოვან კაცს – სიმინდი და სოია მოჰყავს, რაშიც ცოლი, ლეა, და ვაჟები, დალტონი და სტეტსონი, ეხმარებიან. მართალია, მისი ფერმა საშუალოზე დიდია, ის შევიწროებულად გრძნობს თავს ნედლეულის დაბალი ფასებისა და თესლებზე, პესტიციდებსა და აღჭურვილობაზე გაზრდილი ფასების გამო. “აქ ყველა დამფრთხალია”, – ამბობს გეთი.
ასე რომ, როცა ორი წლის წინ, გეთს ვაჟებმა უთხრეს, რომ უმნიშვნელო გადასახადის სანაცვლოდ, სტარტაპ Farmers Business Network-ისგან სიმინდისა და სოიას თესლების ფასებზე ინფორმაციის მიღება შეეძლო, ის მყისვე დარეგისტრირდა. თესლის ფასები გასაოცრად კომპლექსურია, მაგრამ ჰერბიციდისა და პესტიციდის ფასებიც კი ფერმის ზომასა და ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული, ხოლო სოფლის მეურნეობის მომმარაგებლები ხშირად პროდუქტებს ისე ფუთავენ, კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება მათი რეალური ღირებულება. დაფუძნების დღიდან FBN-ი ქმნის ქსელს, სადაც 6,500 ფერმაა გაერთიანებული, რომელთაც ის ინფორმაციას, ონლაინმაღაზიასა და მარკეტინგულ დახმარებას სთავაზობს, ამ ყველაფრის მიზანი კი ფერმერების მოგებიანობის გაზრდაა.
სან-ფრანცისკოს აეროპორტის სამხრეთით დაფუძნებულ FBN-ს ზურგს თითქმის $ 200-მილიონიანი ვენჩურ-კაპიტალი უმაგრებს ისეთი ფირმებისგან, როგორიც T. Rowe Price-ი, Temasek-ი, Kleiner Perkins-ი და GV-ია (Google-ის ვენჩურ-კაპიტალის დანაყოფი). ამ დაფინანსებით აღჭურვილი, ის, არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკის საოჯახო ფერმების გადარჩენას ცდილობს, პარალელურად კი ქმნის ბიზნესს, რომელიც, როგორც მისი თავდაჯერებული აღმასრულებელი დირექტორი ამოლ დეშპანდი იმედოვნებს, “მსოფლიოში ყველაზე დიდ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესად” იქცევა. სტარტაპის დამფუძნებლებს, 40 წლის დეშპანდსა და 34 წლის ჩარლზ ბარონს, სურთ, DowDuPont-ისა და Monsanto-ს მსგავს გიგანტ მწარმოებლებს ბერკეტები გამოაცალონ. კოლექტიურად ფერმერები წელიწადში თითქმის $200 მილიარდის ტოლფას მოსავალს აწარმოებენ, მაგრამ ინდივიდუალურად მათი გაყიდვის უნარი სუსტია. ფერმერთა გაერთიანებით, FBN-ის ქსელური ოპერაცია მათ ეხმარება, უკეთეს ფასებზე ჰქონდეთ წვდომა როგორც იმ პროდუქტებისთვის, რომელთაც ყიდულობენ, ისე იმ მოსავლისთვის, რომელსაც ყიდიან. იმის გათვალისწინებით, რომ სტარტაპი დიდ თანხებს ხარჯავს ფერმერთა დასარეგისტრირებლად და თავისი ონლაინმაღაზიის შესაქმნელად, მას მოგება ჯერ არ უნახავს, მაგრამ წელს $200 მილიონის შემოსავალს ელის მაშინ, როცა 2017-ში მისმა შემოსავალმა $72 მილიონი შეადგინდა, ხოლო დეშპანდი და ბარონი უკვე ლაპარაკობენ პირველად საჯარო შეთავაზებაზე.
“არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებენ ბიზნესპოტენციალისა და სოციალური გავლენის კუთხით, – ამბობს DBL Partners-ის დამფუძნებელი, FBN-ის ინვესტორი და ფერმერთა შთამომავალი ნენსი პფანდი. – ცხადია, დიდი მონაცემები დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ინფორმაცია არ კმარა. ფერმერებს ერთად უნდა მოუყარო თავი ისე, რომ თანასწორი პირობების შექმნა შეძლონ”.
ჯერ კიდევ 2006-ში კალიფორნიის მკვიდრი ბარონი არაპაჰოში (ნებრასკა), თავისი სიძის ფერმაში მოსავლის აღებაზე მუშაობდა. Google-ში პროგრამის მენეჯერად გატარებული დროისა და ჰარვარდში M.B.A.-ის აღების შემდეგ, ფერმას ისევ ესტუმრა და გაოცება ვერ დამალა, როცა აღმოაჩინა, თუ რამხელა ინფორმაცია რჩებოდა მიუწვდომელი; მაგალითად, ფერმერს ისიც არ შეეძლო, რომ თავისი მოსავალი წინა წლების ან მეზობლების მოსავლებისთვის შეედარებინა.
შემდეგ, 2011-ში, ბარონმა დეშპანდი გაიცნო – სოფლის მეურნეობაზე ფოკუსირებული Kleiner Perkins-ის პარტნიორი. ქიმიურ ინჟინერიაში დიპლომის მიღების შემდეგ ინდოელი იმიგრანტების ვაჟმა და კორნელის M.B.A.-ის ხარისხით აღჭურვილმა დეშპანდმა სოფლის მეურნეობის გიგანტ Cargill-ში დაიწყო მუშაობა. მაგრამ ბიუროკრატია ვერ აიტანა და სილიკონის ხეობაში გადასახლდა. ორი წლის შემდეგ ბარონმა და დეშპანდმა სხვადასხვა შესაძლებლობაზე დაიწყეს საუბარი და გადაწყვიტეს, ფერმერულ შტატებში ემოგზაურათ და ფერმერებისთვის მათი პრობლემები გამოეკითხათ. აღმოაჩინეს, რომ, მართალია, ფერმერებს ესაჭიროებოდათ მონაცემები (რომელი თესლი უნდა დაითესოს, რა სიმჭიდროვით, რომელი სასუქების, ჰერბიციდებისა და პესტიციციდების გამოყენებით – ის, რაც უკიდურესად კომპლექსური შეიძლება იყოს), მხოლოდ მონაცემები არ იქნებოდა საკმარისი. ბარონისა და დეშპანდის დასკვნით, საჭირო იყო მონაცემების კომბინირება გაყიდვის კოლექტიურ უნართან.
FBN-ი 2014 წელს ჩაეშვა. ფერმერებს, რომლებიც ქსელს შეუერთდნენ (რისი საფასურიც ახლა წელიწადში $600-ია) და ერთმანეთს თავიანთ მონაცემებს უზიარებდნენ, ანალიტიკის გამოყენება შეეძლოთ, რათა გაეგოთ, თესლების, ქიმიკატებისა და სასუქების რომელი კომბინაცია მოუტანდათ მეტი ალბათობით უკეთეს მოსავალს. 2015-ის ივნისისთვის ქსელში 620 ფერმა დარეგისტრირდა, დღეს FBN-ი 6,500-ზე მეტ ფერმას ემსახურება აშშ-სა და კანადაში, რომლებიც, ერთობლივად, 24 მილიონზე მეტ აკრს მოიცავენ. ეს პატარა ულუფაა. ჯერ მარტო აშშ-ში 2.1 მილიონი ფერმა 915 მილიონ აკრს აერთიანებს.
2015-ის მიწურულს FBN-მა FBN Direct-ი ჩაუშვა – პირველადი საჭიროების პროდუქტების მთლიანად ონლაინმაღაზია. თესლების, ჰერბიციდების, პესტიციდებისა და მსგავსი რამეების ყიდვა სხვა სავაჭრო ბიზნესებში შოპინგს არ ჰგავს. სავაჭრო კოოპერატივები, რომლებიც რურალურ ამერიკაშია მიმოფანტული, როგორც წესი, თესლებსა და ქიმიკატებს ერთმანეთში ურევს და ფასებს ფერმერთა აკრების, საკრედიტო რეიტინგისა და ადგილსამყოფლის მიხედვით ცვლის. FBN-ის ონლაინმაღაზიაში კი პირიქითაა – ფერმერებს შეუძლიათ, ნებისმიერი პროდუქტის რეალური ფასი ნახონ. FBN Direct-ი 170 პროდუქტით ჩაეშვა, დღეს კი მომხმარებელს უკვე 1,000-ს სთავაზობს, რომელთაგან ბევრი გენერიკული პროდუქტია.
FBN-ის ამ ნაბიჯებმა, რაც ინდუსტრიის ფასებისთვის ფარდის ახდას გულისხმობს, ზოგ-ზოგიერთებს ნერვები აუშალა. სავაჭრო გამოცემა CropLife-მა, რომელიც სოფლის მეურნეობის მოვაჭრეებს, დისტრიბუტორებს, მწარმოებლებსა და მომმარაგებლებს ემსახურება, – ზუსტად იმ ხალხს, ვისი ძირის გამოთხრასაც ცდილობდა FBN-ი, – სტარტაპი და “ეშმაკი, სახელად ‘ფასის გამჭვირვალობა’” გააკრიტიკა და გასაფრთხილებლად დააყოლა, რომ ფერმერები საფასო ინფორმაციას იმისთვის გამოიყენებდნენ, რომ ადგილობრივი მოვაჭრეები იძულებული გაეხადათ, მათგან უკეთესი ხელშეკრულებები მიეღოთ. “როცა კი ინდუსტრია გვიტევს, – ამბობს დეშპანდი, – უამრავი ფერმერი გვიხმობს”.
და მაინც, აგროგიგანტები DowDuPont-ი, Monsanto და Syngenta უარს ამბობენ თავიანთი პროდუქტების FBN-ის საშუალებით გაყიდვაზე. გენერიკული პროდუქტების მწარმოებლებიც კი მოლოდინის რეჟიმში არიან, ფრთხილობენ, მათი ამჟამინდელი გაყიდვათა არხები რომ არ გაანაწყენონ. “იდეალურ სამყაროში, ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალხს წამებში მივყიდდი ჩვენს პროდუქტებს, – გვითხრა გენერიკული ქიმიკატების მწარმოებლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოღონდ იმ პირობით, რომ მის ვინაობას არ გავამხელდით. – მოგვწონს, რასაც აკეთებენ, მაგრამ ამ ეტაპზე კრიტიკული მასა არ ჰყავთ”. შედეგი ისაა, რომ FBN-ს, ბრენდირებული პროდუქტების გაყიდვის მიზნით, იმ ბროკერების იმედად უწევს ყოფნა, რომლებიც, შესაძლოა, მორჩენილ ინვენტარს ასაღებდნენ. სხვა შემთხვევებში FBN-ი უფრო იაფ გენერიკულ ალტერნატივებს სთავაზობს მომხმარებელს. ის, არაერთი ფერმერის მოლოდინის წინააღმდეგ, პროდუქტებს სერვისების გარეშე ყიდის, მაგალითად, ყიდის უფასო შესასხურებლებს იმ შემთხვევისთვის, პესტიციდი თუ ვერ იმუშავებს. ,,კოხტაპრუწა რაღაცები არა აქვთ”, – ამბობს მეხუთე თაობის ფერმერი პეტ დანქანსონი მეიპლტონიდან (მინესოტა), რომლის თანახმადაც, დაბალი ფასები, როგორც წესი, ამ ყველაფერს ამართლებს.
თესლების გაყიდვებშიც იგივე სამი დიდი მოთამაშე დომინირებს: DowDuPont-ი, Monsanto და Syngenta. მაგრამ დეკემბერში ბარონი ერთობ აღტკინებული დაბრუნდა Farmer2Farmer-იდან – FBN-ის ყოველწლიური შეკრებიდან, რომელიც ომაჰაში იმართება: სტარტაპმა ხელშეკრულება დადო ინდუსტრიის უმსხვილეს დამოუკიდებელ სათესლე კომპანია Stine Seed-თან, რომელიც თანახმაა, FBN-ის ონლაინმაღაზიაში თესლები – მეტწილად, სიმინდის თესლი – გაყიდოს. ამ კომპანიის მილიარდერი დამფუძნებლის, ჰარი სტაინის, თქმით, კულუარული ინფორმაციის თანახმად, “დიდი სოფლის მეურნეობის” მოთამაშეები საკმაოდ უკმაყოფილონი იყვნენ მისი FBN-სთან თანამშრომლობით, თუმცა პირისპირ ეს მისთვის არ უთქვამთ. “ფილოსოფიურად თუ შევხედავთ, მე ფერმერი ვარ, – ამბობს ის, – და, ამდენად, ისეთი რამეების კეთების იდეა, რაც ფერმერებს ხარჯეფექტიან პროდუქტებზე, მეტ მონაცემსა და ინფორმაციაზე აძლევს წვდომას, ცალსახად დადებით ემოციებს იწვევს ჩვენში”.
ასეა თუ ისე, თანამშრომლობის საცდელი ვარიანტი მაინცდამაინც წარმატებული არ ყოფილა. პროდუქტთა შეძენის სეზონის მიწურულს ხორცშესხმულ ამ გარიგებაში Stine-ის ნაციონალური ბაზრისათვის განკუთვნილი ფასები FBN-ზე ბევრით არაფრით განსხვავდებოდა მისი ადგილობრივი, ოფლაინ ფასებისაგან. მართალია, ორივე მხარე იმედოვნებს, რომ ურთიერთობას შემოდგომაზეც განაგრძნობენ, – ანუ იმ დროს, როცა ფერმერები 2019 წლის სათესი სეზონისთვის თესლების ყიდვას დაიწყებენ, – სტაინის აზრით, თესლები, შესაძლოა, ზედმეტად კომპლექსური პროდუქტი იყოს საიმისოდ, ვებგვერდზე რომ გაყიდო. ეს დარტყმა იქნებოდა FBN-ისთვის, თუმცა, როგორც ბარონი ამბობს, ის მაინც “ჯიუტი ოპტიმიზმითაა” განწყობილი FBN-ის უნარის მიმართ, გაყიდოს თესლები.
ამასობაში, დეშპანდთან ერთად, ის კვლავ ეძებს გზებს, რომ ბერკეტები როგორმე ფერმერების ხელში გადავიდეს. მართალია, ნედლი მოსავლის ფასებს კარგი დღეები არ უდგათ, ფერმერებს, რომლებიც არაგენმოდიფიცირებულ სიმინდზე, სოიაზე, ოსპსა თუ ბარდაზე გადავიდნენ, შეუძლიათ, მარჟები გააუმჯობესონ. მაგრამ იმის გამო, რომ თესვას მოსავლის აღებამდე ექვსი თვე აშორებს, არაერთი ფერმერი ამ ტრანზაქციას არცთუ ხალისით უყურებს. გასულ წელს FBN-მა მოსავლის მარკეტინგის პროგრამა ჩაუშვა, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ფერმერებს მყიდველები ეყოლებათ. მაგალითად, მან ხელშეკრულება დადო Calyxt-თან – ბიოტექნოლოგიურ ფირმასთან, რომელსაც, გენის შეცვლის ტექნოლოგიით, მაღალოლეინური სოია გამოჰყავს. FBN-ის ფერმერებს, Calyxt-ის მარცვლების გამოყენებით, აკრზე $50-ის გამომუშავება შეუძლიათ ჩვეულებრივი სოიათი. ამასთან, FBN-ი არაგენმოდიფიცირებული სიმინდისა და სოიასთვის ფერმერებს საგანგებო კონტრაქტებს სთავაზობენ.
გასულ სეზონს გეთმა, მინესოტელმა ფერმერმა, თავის მიწის ნაკვეთზე არაგენმოდიფიცირებული სოია მოიყვანა, რაც FBN-ის პრემიუმს, კერძოდ, აკრზე $85-ს უნდა მივაწეროთ. მიწის დასამუშავებელი უფრო იაფი პროდუქტებისა და მოსავლის უფრო მაღალი ფასების კომბინაცია, გეთის ღრმა რწმენით, მის ოჯახს საშუალებას მისცემს, არ თქვას იმ ფერმაზე უარი, მისმა ბაბუამ რომ გააშენა და მან რომ გააფართოვა 1,200 აკრიდან 10,000-ზე მეტ აკრამდე. “სასოფლო-სამეურნეოპროდუქციისთვის დიდ საქმეს აკეთებენ, – ამბობს ის. – დღეს ისევ ვგრძნობთ ძალას”.