მონაცემთა ზღვის კაპიტნები

მონაცემთა ზღვის კაპიტნები
სტარტაპ Datamind-ის თანადამფუძნებლებმა, რატი კუნჭულიამ და ვახო ბურჭულაძე-კალანდაძემ მათ მიერ შექმნილი მონაცემთა ინტეგრაციის უნივერსალური ძრავით საქართველოს საბანკო სექტორის თითქმის 70% აითვისეს. დღეს ისინი ახალი პროდუქტის, Data Unistream-ის გასაშვებად ემზადებიან, რომელიც გლობალური მასშტაბით ნებისმიერ სფეროში მოქმედ კომპანიას გაუადვილებს მონაცემებით გამყარებული გადაწყვეტილებების მიღებას. 

“მონაცემები სუპერძალაა და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ძალა ყველა ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მიუხედავად მათი ზომისა თუ IT-ბიუჯეტისა”, — ამბობს ვახო ბურჭულაძე-კალანდაძე. მისი და რატი კუნჭულიას მიერ შექმნილი სტარტაპი უკვე ოთხი წელია, ამ იდეას ემსახურება. მონაცემთა მართვის სფეროში ტექნოლოგიური გარღვევის დამსახურებით, დაარსებიდან შვიდ თვეში Datamind $2.2 მილიონად შეფასდა, რითაც ის საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპად იქცა. გუნდის მიერ მოზიდული ინვესტიცია ამ დროისთვის $700 000-ს შეადგენს, ქართველი და უცხოელი კლიენტების გრძელი ჩამონათვალი კი იმაზე მეტყველებს, რომ Datamind-მა ნამდვილად იცის მონაცემების შესახებ რაღაც ისეთი, რაც მას ყველა სხვა კონკურენტისაგან გამოარჩევს. 

დატამაინდის ისტორია 2021 წელს დაიწყო, როცა რატი კუნჭულიამ და ვახო ბურჭულაძე-კალანდაძემ გადაწყვიტეს, მონაცემთა ანალიზის გამოწვევებთან გასამკლავებლად ქართული საფინანსო სექტორისათვის მარტივი და შედარებით ხელმისაწვდომი გამოსავალი შეეთავაზებინათ. იმ დროისთვის თითოეულ ბანკს დიდი მოცულობის მონაცემებთან ჰქონდა შეხება, თუმცა იმის გამო, რომ ცენტრალიზებული საცავის შექმნა უზარმაზარ რესურსებსა და დროს მოითხოვდა, ეს მონაცემები ფუჭად რჩებოდა. ვახო იხსენებს, რომ ბანკში მუშაობისას ხშირად შესწრებია, როგორ იწელებოდა თვეობით რომელიმე კონკრეტული მონაცემის მოპოვების პროცესი. ისიც იცოდა, რომ “თუ არსებობს სწორად განთავსებული, დახარისხებული ბაზა, ამ ინფორმაციის მიღება, თვეების ნაცვლად, მილიწამებში შეიძლება”. 

ვახო პროფესიით ფინანსისტია. მისი კარიერა სადაზღვევო სფეროში მუშაობით დაიწყო, ჯერ რეპორტინგისა და კონტროლის მენეჯერი იყო, შემდეგ მონაცემთა ადმინისტრირების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2016 წელს კი საბანკო ინდუსტრიაში გადაინაცვლა. მისი თქმით, მაშინ ფინანსისტების დიდი ნაწილი მონაცემების დასამუშავებლად მხოლოდ Microsoft Excel-ს იყენებდა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ხელოვნური ინტელექტი მთელ მსოფლიოს აალაპარაკებდა, ვახოსთვის ცხადი იყო, რომ მონაცემები კომპანიისათვის ყველაზე ღირებული აქტივია. სწორედ ამიტომ ამ მიმართულებით თვითგანათლებას შეუდგა. რატი კუნჭულიას ერთ-ერთ ბანკში მუშაობისას, თანამშრომლის რანგში შეხვდა. იმ დროისთვის რატის უკვე ჰქონდა საქართველოს უმსხვილეს ბანკებში მონაცემთა არქიტექტორის პოზიციაზე მუშაობის შთამბეჭდავი გამოცდილება. გარდა ამისა, მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა Toptal, FAO, Wandio, Singular და Yara International. რატი და ვახო Data-ს მიმართ საზიარო ენთუზიაზმმა გააერთიანა. მალევე მიხვდნენ, რომ მონაცემების ორივე, ტექნოლოგიურ და ბიზნესის განზომილებაში დანახვის შესაძლებლობა მათი უნიკალური უპირატესობა იყო. ამ გაცნობიერებიდან მალევე კორპორაციული სამყაროდან სტარტაპ-ეკოსისტემაში გადაინაცვლეს და Datamind-ის შენებას შეუდგნენ. 

რატი დარწმუნებულია, რომ კომფორტის ზონის დატოვება სტარტაპის განვითარების გზაზე აუცილებელი ნაბიჯია: “თუ უკან დასაბრუნებელ გზას მაინც იტოვებ და ბოლომდე არ რისკავ, ეს შენს დამოკიდებულებაზეც აისახება და წარმატებას ვერ მიაღწევ”. ვახო დასძენს, რომ საერთო იდეისთვის დამფუძნებლებმა არა მხოლოდ არსებულ თუ სამომავლო გარანტირებულ შემოსავალზე თქვეს უარი, არამედ 10-12-წლიანი დაუღალავი შრომით დაგროვებული ქონებაც დააყენეს საფრთხის ქვეშ: “ყველაფერი დავაგირავეთ საწყისი ინვესტიციისთვის, რომ თანხების დაგვიანების შემთხვევაში დამატებით ერთი თვის ხელფასების გაცემა შეგვძლებოდა”. 

სტარტაპმა ფუნქციონირება პატარა ოფისში, ხუთი ადამიანით დაიწყო და თავბრუდამხვევი სისწრაფით გაიზარდა. ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად ვახო და რატი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, აქსელის დაფინანსების მოპოვებას ასახელებენ. ეს სტარტაპერების პირველი შეხება იყო Pitching-ის პროცესთან და ინვესტორებთან. “ვახომ დღის 2 საათზე შეავსო აპლიკაციის ფორმა, ოთხზე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სესია ერთ საათში იყო დანიშნული და ალბათ, გონივრული იქნებოდა, თუ გამოსვლას შემდეგი თვისთვის გადავდებდით”. დამფუძნებლები შეთანხმდნენ, რომ მოცდა ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოისვენეს და ერთ საათში ინვესტორების წინაშე ნაჩქარევად აწყობილი პრეზენტაციით წარდგნენ. გულწრფელობა, თავდაჯერებულობა და საკუთარი საქმის სიყვარული ეფექტური კომბინაცია აღმოჩნდა და Datamind-მა ინვესტორების გული და გონება მოინადირა. აქსელის მმართველი დირექტორი, ირო ცაგარეიშვილი Datamind-ის მიმართ ინვესტორების ამხელა ინტერესს ძლიერი და კვალიფიციური გუნდით ხსნის. “ის გამოცდილება, რაც რატის, ვახოსა და მათ თანაგუნდელებს ჰქონდათ, ინდუსტრიის ასე სიღრმისეულად ცოდნა და სექტორული გამოწვევების დეტალური აღქმა — ამ ფაქტორებმა ჩვენი წევრი ანგელოზი ინვესტორები ყველაზე მეტად მოხიბლა”, — განმარტავს ირო. მისივე სიტყვებით, აქსელის წევრების მხრიდან ყველაზე გავრცელებული შეფასება იყო, რომ “ამ ბიჭებს აუცილებლად გამოუვათ რაღაც”. პრეზენტაციიდან სულ რაღაც ორ დღეში საინვესტიციო ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი.

Datamind-ის ტექნოლოგიის ეფექტიანობა რამდენიმე მთავარ ელემენტს ემყარება. მონაცემთა უპრეცედენტო კომპრესიის დახმარებით 10 ტერაბაიტი მონაცემის შემცირება 0,5 ტერაბაიტამდე არის შესაძლებელი (95%-იანი შემცირება), ულტრასწრაფი ინტეგრაციის გამოყენებით კი მონაცემთა დაკავშირებასა და ჰარმონიზაციას, კვირებისა და თვეების ნაცვლად, მხოლოდ ერთი საათი სჭირდება. ეს ავტომატურად გულისხმობს მონაცემთა საცავის დანერგვის ვადებისა და ხარჯების შემცირებას. მცირე ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთაც ძვირად ღირებული ტექნოლოგიური ექსპერიმენტებისათვის ბიუჯეტი არ გააჩნდათ, Datamind-მა ხელმისაწვდომი და სწრაფი გამოსავალი შესთავაზა. 

Datamind-ის სამუშაო სპეციფიკა სენსიტიურ ინფორმაციაზე, პერსონალურ მონაცემებზე წვდომას გულისხმობს. ვახოც და რატიც პარტნიორებისთვის მიცემულ უსაფრთხოების გარანტიებსა და კომპანიის რეპუტაციას უკიდურესი სერიოზულობით ეკიდებიან. “კლიენტებს ჩვენივე ინიციატივით ვთავაზობთ ხოლმე უსაფრთხოების ისეთი სტანდარტების დანერგვას, რომლებზეც შეიძლება თავად არც კი ფიქრობდნენ”, — ამბობს ვახო. იმისთვის, რომ კომპანიის მუშაობის სტანდარტები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან თანხვედრაში ყოფილიყო, Datamind-მა დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიასთან ერთად შეიმუშავა შიდა ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, GDPR-პოლიტიკა და უსაფრთხოების სისტემები. 

Datamind-ის გუნდი

საქართველოს საბანკო სექტორის ათვისების შემდეგ ვახომ და რატიმ შემდეგ ნაბიჯებზე დაიწყეს ფიქრი. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა Datamind-ის პარტნიორობა Paysera International-თან, რომელიც გლობალური ფინტექ-ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. Datamind-მა ერთდროულად მიიღო ევროპულ ბაზარზე მუშაობის გამოცდილება და ტექნოლოგიური ვალიდაცია უმაღლესი სტანდარტებით მომუშავე მსხვილი კლიენტისაგან. 

“Paysera-სთან თანამშრომლობამ დაგვანახა, რომ თუ ჩვენი ტექნოლოგიური ექსპერტიზა ასეთ ორგანიზაციასაც კი სჭირდებოდა, ესე იგი, ნამდვილად შეგვეძლო ჩვენი პროდუქტის მასშტაბირება”, — ამბობს ვახო. შედეგად, Datamind-მა უკვე გაკვალულ გზას გადაუხვია და გადაწყვიტა, კომპანიებისათვის სერვისის შეთავაზების ნაცვლად, ისეთი ხელსაწყო შეექმნა, რომლის გამოყენებასაც ისინი მათგან დამოუკიდებლად, განსაკუთრებული ტექნოლოგიური ცოდნის გარეშეც შეძლებდნენ. 

დაახლოებით ერთი თვის წინ Datamind-ის თანამშრომლებმა საკუთარი პროდუქტი პირველად გატესტეს.
“იმ მომენტში კომპანიაში ყველას ორი წუთით გაგვიჩერდა სუნთქვა. არ ვიცოდით, მზად ვიყავით პროდუქტის დღის სინათლეზე გამოსატანად, თუ კიდევ ერთი წლის სამუშაო გველოდა წინ”, — ემოციურად იხსენებს ამ ეპიზოდს რატი. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. როგორც Datamind-ის დამფუძნებლები ამბობენ, ახალი ინსტრუმენტი, Data Unistream-ი მონაცემებთან დაკავშირებულ აბსოლუტურად ყველა პრობლემას უსწრაფესად აგვარებს. პროდუქტის განუყოფელი ნაწილია AI-მოდელი, რომელსაც რეალურ დროში აქვს წვდომა კომპანიის მონაცემებზე და შეუძლია მონაცემების ანალიზი, რეპორტების გენერირება, ტრენდების პროგნოზირება და ასე შემდეგ. 

საერთაშორისო კონკურენტებისაგან Data Unistream-ს ხელმისაწვდომობისა და სიმარტივის კომბინაცია განასხვავებს. მართალია, ისეთ კორპორაციულ გადაწყვეტილებებს, როგორებიცაა Snowflake და Google BigQuery, შთამბეჭდავი ფუნქციონალი აქვთ, მაგრამ მათ გამოსაყენებლად გარკვეული ტექნოლოგიური ცოდნის ქონა აუცილებელია. ვიზუალიზაციის ინსტრუმენტები კი, როგორებიცაა Tableau და Power BI, მონაცემების მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერ ჭრიან. Data Unistream-ი ერთ პლატფორმაში აერთიანებს მრავალ ხელსაწყოს, რომელთა გამოსაყენებლადაც კომპანიები ტრადიციულად განცალკევებულ სისტემებს ნერგავდნენ. ის მოიცავს მონაცემთა საცავს, ბიზნესანალიტიკის ხელსაწყოებს, Data Governance-ის მექანიზმებსა და AI-ასისტენტს. ამას ემატება კონფიდენციალურობის დაცვის ზედმიწევნით მკაცრი სტანდარტები და მონაცემების შენახვის ნულოვანი პოლიტიკა (ZDR). ამ ინტეგრირებული მიდგომით მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მნიშვნელოვნად ჩქარდება. 

მონაცემთა დემოკრატიზაცია ის მთავარი იდეაა, რაც Datamind-ს დაარსების დღიდან გასდევს. რატი აღნიშნავს, რომ მათი მიზანი არასდროს ყოფილა მხოლოდ რჩეული კომპანიებისათვის ძვირად ღირებული ინსტრუმენტების შექმნა და ბევრად მნიშვნელოვანია, საკუთარი პროდუქტი რაც შეიძლება მეტ კომპანიამდე მიიტანონ. ამჟამინდელი სტრატეგიის თანახმად, Datamind-ის გუნდი გეგმავს, 2027 წლისთვის სხვადასხვა ინდუსტრიიდან 150-მდე ახალი კლიენტი მოიზიდოს. რატისა და ვახოს განსაკუთრებული ინტერესის საგანს ბალტიისპირეთის რეგიონი წარმოადგენს. 

“ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ კარგად გვესმის როგორც დიდი, ისე საშუალო ზომის ბიზნესის საჭიროებები”, — განმარტავს ვახო. კომპანიას საფეხურეობრივი საფასო სისტემა აქვს, რაც შედარებით მცირე ორგანიზაციებს მონაცემების კუთხით იმავე შესაძლებლობებს უხსნის, რომლებითაც დიდი კორპორაციები სარგებლობენ.

“2030 წლისთვის იმდენად დახვეწილი პროდუქტი გვექნება, რომ არსებულ თამაშის წესებს კი არ მოვერგებით, არამედ თავად დავაწესებთ სტანდარტებს Data-ს კუთხით”, — ამბობს რატი დარწმუნებით. ამ სტრატეგიაში საკუთარი AI-მოდელების განვითარებაც იგულისხმება, რომლებშიც ქართული ელემენტები თავიდანვეა ინტეგრირებული (ქართული სახელების ჩათვლით). Datamind-ის დამფუძნებლების თქმით, AI ეპოქის დადგომასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ქართულმა კომპანიებმა AI-სერვისების შესასყიდად უზარმაზარი თანხები უცხოურ კომპანიებს არ უხადონ და პირიქით, საქართველო თავად გახდეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტებისა თუ სერვისების ექსპორტიორი. 


დატამაინდი იმ საინტერესო სივრცეში ოპერირებს, სადაც თანამედროვე სამყაროს სამი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ტრენდი ერთმანეთთან იკვეთება. ესენია: სხვადასხვა სისტემას შორის მონაცემთა ინტეგრაციის მზარდი საჭიროება, ბიზნესანალიტიკისათვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და ციფრული უსაფრთხოება. Datamind-ის გამორჩეული უნარი, ბაზარზე არსებული ჩავარდნები ინოვაციური მიდგომებით შეავსოს და რამდენიმე გამოწვევას ერთიანი, სრულყოფილი გადაწყვეტით უპასუხოს, ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის. არაპროგნოზირებად სამყაროში, სადაც ტექნოლოგიების განვითარების სიჩქარე აქამდე წარმოუდგენელ ნიშნულს აღწევს, მონაცემები კვლავაც ერთადერთ სანდო კომპასად რჩება. 

“მომდევნო ხუთი წელი მონაცემების მართვის კუთხით გარდამტეხი იქნება, — აღნიშნავს ვახო, — ჩვენ ვქმნით ინსტრუმენტებს, რომლებიც ნებისმიერი ზომის ორგანიზაციას მისცემს საშუალებას, ამ პროცესებს ფეხი აუწყონ. მთავარი მისია კი ქართული წარმატების ისტორიის საერთაშორისო წარმატებად გადაქცევაა”.