მორიგი დაკარგული შესაძლებლობა - Forbes Georgia

მორიგი დაკარგული შესაძლებლობა

მორიგი დაკარგული შესაძლებლობა

ამ სვეტს ვიდრე კითხულობთ, დღეისთვის მსოფლიოში დაახლოებით 130 მლნ ადამიანის აცრა მოხდა. ამ 130 მლნ-ში არიან ქართველები და საქართველოს მოქალაქეები, თუმცა ისინი, ვისაც გაუმართლა და ცხოვრობენ ან შრომობენ საზღვარგარეთ.

StopCov ფონდი – ეს არის ფონდი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2020 წლის მარტში, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შექმნა. ამ ფონდის მეშვეობით მოქალაქეებმა, საშუალო თუ მსხვილმა ბიზნესებმა სახელმწიფოს უჩვენეს, რომ მის გვერდით იდგნენ და არც საკუთარ რესურსებს დაიშურებდნენ იმისთვის, რათა ქვეყანას პანდემიური ვითარება გადაელახა.

ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო. გარდა იმისა, რომ იყო კორონავირუსის შოკის პირველი ყველაზე მძლავრი ემოციური ტალღა, როცა არ იცი, რასთან გაქვს საქმე, როგორ გაუმკლავდე, რა იქნება ხვალ,ზეგ და საერთოდ იქნება თუ არა ეს ხვალ… ამ დროს ბიზნესი ბოლომდე გვერდში დაუდგა ქვეყანას და თან იმ ფონზე, რომ მარტ-აპრილში ჯერ კიდევ უცნობი იყო, თუ როდის და რა მოცულობით შეძლებდა საქართველო დონორებისგან თანხების ანუ სესხების მოზიდვას. შესაბამისად, პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე შიდა რესურსების მობილიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა – ფინანსურიც, სისტემურიც და ემოციურიც.

მარტში დაფუძნებულ ფონდში ბიზნესმა უმოკლეს დღეებში შეძლო 25 მილიონ ლარზე მეტის შეგროვება, მალევე ყველაზე მსხვილი დონორი გამოჩნდა, რომელმაც აპრილში 100 მილიონი გადარიცხა. ეს საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” იყო. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მორიგი მასშტაბური ქველმოქმედება დამატებით 38,5 მლნ ლარით შეივსო. შემომწირველი ბევრი იყო – მაგთი და გია ჯოხთაბერიძე, ირაკლი გილაური, კავკაზუს ონლაინი, სილქნეტი, არემჯი, შოთა შალელაშვილი და დავით ხიდაშელი, სათამაშო ბიზნესების ასოციაცია, სხვებიც ბევრნი იყვნენ. აქ, უბრალოდ, შედარებისთვის ყველაზე მსხვილი შემომწირველები ჩამოვთვალე.

სულ 2020 წელს StopCov ფონდში 138.5 მილიონი ლარის შეგროვება მოხერხდა. ეს კი $41.5 მილიონი დოლარია. დაახლოებით. ეფექტურ და ნომინალურ კურსებზე ნუ გამომეკიდებით: ორმოცდაერთი მილიონ ხუთასი ათასი დოლარი შეგროვდა.

აქვე შეგახსნებთ იმასაც, რომ არათუ ამ ბიზნესმენების ჩარიცხულ თანხებს, არამედ  მთავრობის მიერ გავრცელებულ ნებისმიერ რელიზს, ლამის თავსართად გაჰყვებოდა თანხის დანიშნულებაც, რომ ეს არის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი ფონდი. და ამ ფონდის ერთგვარი გაცხადებული მისია სწორედ ამაში მდგომარეობდა, რომ აქ აკუმულირებული თანხები ეფექტიანად მოხმარდებოდა კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლას. ცხადია, ჯანდაცვის და სხვა მიმართულებებით.

ყოველი მილიონის ჩარიცხვაზე ვრცელდებოდა რელიზები და stopcov.ge-ზე პასუხისმგებლიანი ბიზნესების სიაც შეიქმნა. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ალბათ განგებ ყურადღების მიღმა დარჩა უფრო მთავარი საკითხი – თუ სად განაწილდა ეს რესურსებიი, რის შესახებაც თითქმის არაფერი თქმულა. შესაძლოა, ამ თანხების განკარგვის ანუ ხარჯვის დეტალები შემომწირველებმა იცოდნენ, რაშიც გულწრფელად მეპარება ეჭვი. ცხადია, გარდა ერთი შემომწირველისა, ვინც ამ ფონდის თანხების დაახლოებით 70% გადარიცხა. ფონდში მობილიზებული თანხების შესახებ ინფორმაციის კონსერვაციამ ან საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების იგნორირებამ, პოლიტიზებულ სკეპტიკოსებს მოსაზრებაც კი გაუჩინა – რამდენად დანამდვილებით გადარიცხა ფონდ “ქართუმ”  StopCov ფონდში 100 მილიონი ლარი?

თუმცა გასული წლის (2020) ბიუჯეტის შესრულებიდან ირკვევა, რომ ფონდიდან სულ 132.9 მილიონი ლარი აითვისეს. მედიის (განსაკუთრებულ მადლობას  ინტერპრესნიუსს და მის გუნდს ვუძღვნით) მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ფონდში არსებული რესურსების ათვისება რეალურად მათი ჩარიცხვიდან 4 თვის შემდეგ, 2020 წლის აგვისტოში დაიწყო. დაფინანსების მთავარი ნაწილი  – 122.9 მილიონი ლარი მთავრობამ საპარლამენტო არჩევნებამდე დაანონსებულ პროექტში მიმართა, რაც არასრულწლოვნებისთვის 200-ლარიანი დახმარებების გაცემას გულისხმობდა. ამას გარდა, 3.6 მილიონი ლარი ჩაერიცხა 112-ის სამსახურს ქოლ-ცენტრების სიმძლავრის გაძლიერებისთვის, 5.7 მილიონი ლარით კი განათლების სამინისტრომ სკოლების დეზინფექციის პროგრამა დააფინანსა.

რეალობა სწორედ ასეთია – ფონდიდან, რომელშიც კერძო სექტორმა რესურსები ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერის მოტივით გადარიცხა, ჯანდაცვაზე მიზერული თანხები დაიხარჯა. ჯანდაცვა იქით იყოს, და მე გამიჭირდება, ვნახო ბიზნესმენი, რომელიც გაამართლებს იმ ერთჯერად სოციალურ ხარჯს, რომელიც გასწია სახელმწიფომ ამ და საბიუჯეტო თანხების დამატებით, ისევე როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების სადეზინფექციო ინფრასტრუქტურული სამუშოებიც საკმაოდ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ ხარჯად გამოიყურება იმ ფონზე, რომ 2020-2021 წლის ერთწლიანი სასწავლო წელი ფაქტობრივად სრულად დისტანციური იყო. მოდი, სიმართლე ჩვეულად ბოლომდე ვთქვათ, და ისეთი ბიზნესმენის პოვნაც გართულდება, ვინც ამ ფონდში თანხები ჩარიცხა  და არ მოსწონს მისი ემპირიული, ან გნებავთ ექსკლუზიური განაწილება საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების მიერ. აქაც ტყუილად ვირჯები, ამაზე საჯაროდ არავინ ისაუბრებს. ისევ სჯობს, მე გავაგრძელო.

ჰოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი და ქალბატონი: ისმის რამდენიმე კითხვა:

  • რამდენად ეფექტიანი იყო თანხების ამგვარად განაწილება?
  • რამდენად ჩათვალა საჭიროდ მთავრობამ, რომ  ერთგვარი ანგარიში წარედგინა შემწირველი ბიზნესმენებისთვის თანხების ამგვარ განხარჯვასთან დაკავშირებით?

ბევრ საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ჩვენი პატარებისთვის გამოყოფილი 200-ლარიანი დახმარებები მინიმუმ წინაასაარჩევნო ტრიუკებიდან ერთ-ერთ პოლიტიკურ მორტალეს წარმოადგენდა, სულ არაფერი რომ არ ვთქვათ, რომ 41,5 მლნ დოლარიდან – მთავარზე, ანუ ჯანდაცვის მიმართულებით, სრულიად მიზერული თანხებია წასული?

მე, დღეს მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, როგორც “ფორბსის“ მთავარი რედაქტორი და გადაცემა “ფორბს კვირის“ ავტორი, მოსაზრებას პირადს (თუმცა ვთვლი, რომ სამსჯელოს), რომელიც სრულად გადაალაგებდა, ან სულაც აალაგებდა ამ კითხვებს მთავრობისა და პოლიტიკური მმართველობის ეფექტიანობის მიმართ, ეს თანხები უფრო მიზანმიმართულად და ქვეყნის განვითარების მდგრადობისკენ რომ მიგვემართა.

ჰო, ღირს აღნიშვნად, რომ აქ, ეს ჩემ მიერ ნახსენები რომ – ძალზე მოწყვლადი აღმოჩნდებოდა იმ პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომლებიც  წინასაარჩევნოდ ჰქონდა ხელისუფლებას. ჰოდა, შედეგმაც არ დააყოვნა და თანხებიც მიიმართა პოლიტიკური დანიშნულებით, და არა სამედიცინო და საზოგადოების დასაცავად კორონავირუსისგან და არა მხოლოდ დასაცავად, არამედ გამოსაჯანსაღებლადაც და ეს შესაძლებელი იყო – ცხადია, მარტივად არა, მაგრამ ნამდვილად შესაძლებელი გახლდათ. როგორ? მოგახსენებთ:

რეალურად ბიზნესმენებისგან მობილიზებული ფინანსური რესურსები ქვეყანას მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა კორონავირუსის ვაქცინის შეძენის პროცესში. და ვაქცინა რომ  დღეს ერთადერთი რეალური საშველია ამ კატასტროფული ვითარებიდან გამოსასვლელად, რასაც ეპიდემია ჰქვია, მე მგონი, ამით ამერიკა არ აღმომიჩენია. იყო და არის თუ არა რთული პატარა ღარიბი ქვეყნისთვის ვაქცინების წინასწარ დაკონტრაქტება და გამზადება აცრების კამპანიისთვის შესაბამისი გეგმით? დაკონტრაქტება რთულია, ცალსახად. ამას სჭირდება ბევრი პირადი, ადამიანური კონტაქტები და გავლენიანი კავშირები, მაგრამ შეუძლებელი არ არის. ჩვენზე მდიდარია, გავლენიანიც, მაგრამ ზომით სამჯერ ნაკლები საქართველოზე – ისრაელი. ეს ქვეყანა საჩვენებელი გახდა მსოფლიოში ვაქცინების შეძენისა და აცრების კამპანიის მიმართულებით. და, სულ რამდენიმე კვირაში, აღთქმული მიწა და მისი ხალხი მიაღწევენ ე.წ. კოლექტიურ საყოველთაო იმუნიტეტს, რაც ქვეყანას განვითარების განახლების საშუალებას მისცემს.

ვედრებით თუ არა რესურსებით და უნარებით ისრაელს, ან ებრაელი ხალხის გავლენიან კონტაქტებს, თუ სოლიდარული ერთობის არნახულ პრეცედენტს? კაი ბატონო, არ შევედაროთ…  თუმცა, არც ამბიცია გვქონდეს და მცდელობაც დავაკლოთ, რაღაც ნამეტანი ხომ არ მოგვივა?  მით უმეტეს, თუ თანხებზე მიდგა საუბარი, ფულიც გვქონია ერთ ციცქნა საქართველოს და სწორად რომ გადაგვემისამართებინა, დაგვეკონტრაქტებინა-შეგვეძინა ვაქცინები, თუნდაც ისრაელთან ერთად, დღეს სულ სხვაგან ვიქნებოდით. არ მალაპარაკებს რაიმე მიმართება, გარდა ერთისა – მინდა და ვიცი, რომ შეგვეძლო, აქაც წარმატებული ვყოფილიყავით, მაგრამ…

ალბათ, გაინტერესებთ თანხებში და ფაქტებით, რისი საშუალება გვქონდა საქართველოს და რა შესაძლებლობა გავუშვით, ჩემი აზრით, იმის გამო, რომ ბავშვებს წინასაარჩევნოდ 200-200 ლარი დავურიგეთ, როცა შეგვეძლო ამ ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის, ბებია-ბაბუებისთვის და მთელი სამშობლოსთვის უსაფრთხო, ჯანმრთელი გარემო და მომავალი შეგვექმნა? აგერ, ციფრები, რიცხვებით და ფაქტებით … საილუსტრაციოდ შემდეგი გათვლებიც საკმარისია სამ ყველაზე გამორჩეულ და ეფექტიანობით დადასტურებულ ვაქცინაზე:

  • ASTRAZENECA (ბრიტანეთი-შვედეთი) დაარსებულია 1999 წელს, Total revenue: 25.871 Bln Q3, 2020

NCDC-ის (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) მონაცემებით, AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზის ღირებულება ქვეყნებისთვის $3-დან 7.5 დოლარამდეა. მაქსიმალური ფასითაც რომ ვიანგარიშოთ, ამ თანხით 2,787,879 მოქალაქისთვის ვაქცინის ორჯერადი დოზის შეძენა იქნებოდა შესაძლებელი, რაც მოსახლეობის 75%-იან მოცვას უზრუნველყოფდა.

  • Pfizer/BioNtech (აშშ) – დაარსებულია 1874 წელს, Total revenue: 51.75 bln

NCDC: Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის ღირებულება საშუალოდ $18.34-დან $19.50-მდე მერყეობს. აქაც მაქსიმალური ფასით 1,072,261 მოქალაქისთვის, ანუ მოსახლეობის 28%-ისთვის ვაქცინის ორჯერადი დოზის შესყიდვა იქნებოდა შესაძლებელი.

  • MODERNA (აშშ) – დაარსებულია 2010 წელს,Total revenue: 250 mln USD 2020 (Nov)

NCDC: MODERNA-ს ვაქცინის ფასი $25-დან $34.50-მდე მერყეობს. ამ ვაქცინის მაქსიმალური ფასით ანგარიშითაც, StopCov ფონდში არსებული რესურსები საკმარისი იქნებოდა, რომ 606,061 მოქალაქისთვის ვაქცინის ორჯერადი დოზა შეგვესყიდა, რაც მოსახლეობის 16%-ს დაფარავდა.

და სად ვართ დღეს?

ჩვენ ნამდვილად ვართ სიაში. ანუ ისევ სიაში. გავლენიანი Independent-ი იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც მზად არიან კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილი ტურისტების მისაღებად. საქართველოსთან ერთად Independent-ის სიაში ესტონეთი, სეიშელი, რუმინეთი, ისლანდია და კვიპროსი მოხვდნენ. ანუ, შეგიძლიათ გაიხაროთ იმით, რომ “ინდეპენდენტი“ წერს, რომ საქართველო სიაშია. დიახ, საქართველო სიაშია და მზად არის აცრილი ან კოვიდგადატანილი მოგზაურებისა და სტუმრების მისაღებად, თუმცა მასპინძლებმა ვერ მოვაბით თავი ავცრილიყავით და სტუმრებს ჩვენი მოსახლეობის 20%-მდე ხვდება როგორც კოვიდმოხდილი. არა ვაქცინირებული, არამედ კოვიდმოხდილი, თუმცა ესეც კოლექტიური იმუნიტეტის ნაწილია ანუ დაახლოებით საქართველოს მოსახლეობის 20%.

მე კი მინდა, რომ ჩემმა მთავრობამ მეტი ეფექტიანობა, წინდახედულობა და ნაკლები პოლიტიკური ეგოიზმი გამოავლინოს გადაწყვეტილებებისას, რადგან მსოფლიოს 70 ქვეყანაზე მეტშია უკვე აცრები და ვაქცინაცია დაწყებული, და ამ 7 ათეული ქვეყნიდან, დაახლოებით 10 ქვეყანა საქართველოზე ღარიბია.  ანუ, ჩვენზე ნაკლები ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეტი მარიფათი და შემართება. ალბათ, არც ამაზე გვწყდება გული, ხომ?

მე მწყდება გული, რომ აქაც დავაგვიანეთ. გარდა იმისა, რომ გვქონდა არასაბიუჯეტო ფული, რომელიც ვაქცინების შესაძენად უნდა მიგვემართა, და ამას დაუმატეთ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 20%-ს უკვე მოხდილი აქვს კორონავირუსი, დაამატეთ, რისი შეძენა შეგვეძლო – ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ძვირად ღირებული ეფექტიანი ვაქცინებისა და აღმოაჩენთ, რომ საქართველომ ხელიდან გაუშვა შანსი, რომ კორონათავისუფალი ქვეყანა ყოფილიყო, კორონავირუსის სრულიად მინიმალური რისკებით. თუნდაც, მსგავსად ისრაელისა ან კანადისა, ორმაგი გადაგვეხადა ვაქცინაში.

აღარაფერს ვამბობ, რომ თურქეთის პრეზიდენტი საჯაროდ აიცრა ჩინური ვაქცინით. რას მეუბნებით ახლა, რომ ქსენოფობიის თანმდევი საზოგადოებრივი ფობიები საქართველოზე მეტად არ მძლავრობს თურქეთის რესპუბლიკაში?! ან იქნებ ვინმემ ამიხსნას, იმავე ვაქცინით როგორ ახერხებს აცრას საკუთარი მოსახლეობისა უკვე ჩრდილოეთ კვიპროსი და სეიშელებიც კი. ვერც ეს ვმართეთ ჯეროვნად, ანუ საზოგადოებრივი აზრი, თორემ ანტივაქსერებს მოევლება. მაგათ Forbes Health პლატფორმაში გაერთიანებულებიც ვეყოფით.

არსებულ ვითარებაში საქართველო ძირითადად დამოკიდებულია კოვაქს პლატფორმაზე, რომელიც ჩვენ გარდა სხვა,  92 ქვეყნისთვისაც ცდილობს ვაქცინების საკმარისი დოზების გარანტირებას. თუმცა რიგი მიზეზებისა, ეს რთულად გამოდის. და ამ მიზეზებზე ფიქრი უკვე თქვენთვის მომინდვია. მერე უკვე ერთად გავაგრძელოთ საქმიანი მსჯელობა.

რამდენად ეფექტიანად ვმართეთ StopCov ფონდში აკუმულირებული კერძო, არასაბიუჯეტო თანხები?

რამდენად სწორად და ეფექტიანად ვმართავთ გადასახადის გადამხდელთა თანხებს ბიუჯეტიდან და მის მიღმა?

რატომ არ მოიკითხეს საკუთარი თანხები ბიზნესის წარმომადგენლებმა?

მსჯელობის გარდა, დროა, შევეშვათ დაკარგული შესაძლებლობების არქივარიუსობას და საქმე ეფექტიანობით გავზომოთ. მით უმეტეს, ჩემი აზრით, ეს დაკარგული შესაძლებლობა გაცილებით ფატალურად გვიბრუნდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა, მისი წინამორბედები.

ჭირი იქა, ლხინა აქა!

ჯანმრთელობას და ბევრ საქმეს გისურვებთ!

 

 

 

 

 

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *