Mosaics ავეჯისა და სარემონტო მასალების მულტიბრენდული შოურუმია, რომელიც დიზაინერებს, არქიტექტორებს და რემონტით დაინტერესებულ ადამიანებს მაღალ ხარისხს, მრავალფეროვან ასორტიმენტსა და პერსონიფიცირებულ, უნიკალურ სერვისს სთავაზობს.
კომპანიის დირექტორი ირაკლი შამელაშვილი “ფორბსთან” ამბობს, რომ 2021 წელს დაარსებულმა Mosaics-მა ხუთ წელიწადში სექტორის ტრანსფორმაცია და ხარისხის ახალი სტანდარტის დამკვიდრება შეძლო. წარმატების გასაღებს კი ის ბაზრის მოთხოვნების ზუსტ იდენტიფიცირებაში – მაღალ სტანდარტსა და გონივრულ ღირებულებას შორის ბალანსის პოვნაში ხედავს.
Mosaics ხუთი წლის წინ, 2021 წელს დაარსდა. როგორ გადაწყვიტეთ მისი დაფუძნება და რა გზა გაიარა თქვენმა კომპანიამ მას შემდეგ?
Mosaics–ის იდეა ბაზრის მკაფიო დაკვირვებიდან და ანალიზიდან დაიბადა. საქართველოს სარემონტო ბაზარზე არსებობდა საშუალო სეგმენტი, თუმცა სათანადოდ ათვისებული არ იყო. კომპანიები მომხმარებელს ან პრემიუმ პროდუქტს სთავაზობდნენ, რომელიც ფასით მიუწვდომელი იყო, ან შედარებით ბიუჯეტურ ალტერნატივას. ეს სივრცე ჩვენთვის გახდა შესაძლებლობა, შეგვექმნა ხარისხი, რომელიც ამართლებს ფასს და ფასი, რომელიც ამართლებს არჩევანს.
დავიწყეთ მკაფიო ფოკუსით, რასაც ბიზნესის ორგანული ზრდა მოჰყვა. პარტნიორების ბაზა გაფართოვდა და ახალი კატეგორიებიც ბუნებრივად დაემატა მომხმარებლის მოთხოვნის კვალდაკვალ. სწორედ ეს დინამიკა ადასტურებს, რომ თავიდანვე სწორი მიმართულება ავირჩიეთ. დღეს ჩვენი მომხმარებლების წრე გაცილებით ფართოა: დიზაინერები, არქიტექტორები, დეველოპერები და ნებისმიერი ადამიანი, ვინც რემონტს გეგმავს. თითოეულ სეგმენტს სრულ სერვისს ვთავაზობთ, რაც, თავისთავად, მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა – დაზოგილი დრო, ერთი სანდო პარტნიორი და სრული გადაწყვეტა.

როგორ მოახერხეთ ასეთ მოკლე დროში კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?
ბაზარზე დამკვიდრება არასოდეს არის მარტივი პროცესი – ის ყოველთვის სწორი, სტრატეგიული გადაწყვეტილებების ერთობლიობაა. ჩვენს შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ნიშის სიზუსტე. ბაზარზე შესვლისას ყველაზე დიდი ცდუნებაა, გახდე „ყველაფერი ყველასთვის“, თუმცა ჩვენ ამ ცდუნებას თავი ავარიდეთ. ვიცოდით, რომ თუ შერჩეულ სეგმენტს სწორ სერვისს შევთავაზებდით, პასუხიც შესაბამისი იქნებოდა.
სტატეგიულ ნაწილში მნიშვნელოვანი როლი მომხმარებელსაც უჭირავს. პირველივე დღიდან ვიკვლევდით, ვუსმენდით რას ეძებდნენ, რა აკლდათ და რას ისურვებდნენ. სწორედ ეს უკუკავშირი გახდა მთავარი საყრდენი ელემენტი ასორტიმენტის შერჩევისას. კატეგორიებისა და პარტნიორების ზრდაც ბაზრის კარნახით მოხდა.
კიდევ ერთი ხელშეუხებელი პრინციპი ხარისხია. ბიზნესში ხშირია შეცდომა, როცა სწრაფი ზრდის სანაცვლოდ ხარისხზე კომპრომისს უშვებენ, ჩვენ კი ყოველთვის გრძელვადიან რეპუტაციას ვანიჭებდით უპირატესობას და დღემდე ასე გრძელდება. სანდოობის მოპოვებას დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება, ჩვენ კი ჩვენი მომხმარებლების ნდობას ძალიან ვუფრთხილდებით.

რატომ Mosaics? რას სთავაზობთ მომხმარებელს სხვებზე უკეთესს, ან ისეთს, რაც სხვაგან აკლია?
Mosaics–ის დაფუძნება არ ყოფილა ბაზარზე კიდევ ერთი სავაჭრო წერტილის დამატების მცდელობა – ჩვენი მიზანი თავიდანვე ადამიანების ცხოვრების ხარისხის ახალ საფეხურზე აყვანა იყო. კომპანიის ფილოსოფია ხარისხისა და ფასის იდეალურ თანაკვეთაზე დგას. მანამდე მომხმარებელი, რომელიც რემონტს გეგმავდა, არჩევანში შეზღუდული იყო: მას ან მაღალი საფასო კატეგორიის პრემიუმ პროდუქცია უნდა შეეძინა, ან დაბალი ხარისხის ბიუჯეტური ალტერნატივა აერჩია. სწორედ საშუალო სეგმენტის ეს დეფიციტი იქცა ჩვენს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად.
ამასთანავე, ჩვენი მიდგომა ფრაგმენტული შეთავაზებების ნაცვლად სისტემურ გადაწყვეტას ეფუძნება. მომხმარებელს ერთიანი პლატფორმიდან სრულ ასორტიმენტს ვთავაზობთ, რაც პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს, ამცირებს სტრესს და უზრუნველყოფს ერთ სანდო, პასუხისმგებელ პარტნიორს მთელი პროექტის განმავლობაში. ჩვენი ბიზნეს–მოდელი გრძელვადიან ლოიალობაზეა ორიენტირებული – ვმუშაობთ იმისთვის, რომ არქიტექტორისა თუ დიზაინერისთვის Mosaics ყოველი ახალი პროექტისას უალტერნატივო არჩევანი იყოს. ეს ნდობა პროდუქტის ხარისხით, მაღალი სტანდარტის სერვისითა და იმ პარტნიორული ეკოსისტემით მიიღწევა, რომელიც წლების განმავლობაში ვაშენეთ და რომელიც დღეს ჩვენს ყველაზე ძნელად გასამეორებელ აქტივს წარმოადგენს.
როგორ შეარჩიეთ ბრენდები, რომლებსაც მომხმარებელს სთავაზობთ და რითია ისინი საინტერესო ქართული ბაზრისთვის?
ბრენდების შერჩევა ჩვენთვის სტრატეგიული პროცესია, სადაც რამდენიმე ფილტრი ერთდროულად მუშაობს. პირველი კრიტერიუმი ჩვენი მომხმარებლის იდენტობასთან თანხვედრაა. ქართული ბაზრის საშუალო სეგმენტი ეძებს ხარისხს, რომელიც ფასს ამართლებს – ბრენდს, რომელიც ამ ბალანსს ვერ ინარჩუნებს, ჩვენს პორტფელში ადგილი არ აქვს.
ასევე უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ რეპუტაციასა და სტაბილურობას. ვაკვირდებოდით ბრენდების საერთაშორისო ისტორიას და მათ სოციალურ მტკიცებულებებს დასავლურ ბაზრებზე. თუ ბრენდი საერთაშორისოდ აღიარებულია, ქართველ მომხმარებელთან ნდობის შენება ბევრად მარტივია. გარდა ამისა, გადამწყვეტია ლოჯისტიკური საიმედოობა – საუკეთესო პროდუქტიც კი უსარგებლოა, თუ მიწოდების ჯაჭვი სუსტია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორების მოქნილობა და მიწოდების ვადების რელევანტურობა.

მოგვიყევით ახალი შოურუმის შესახებ – რა არის მისი კონცეფცია და რას ნახავენ აქ მისი სტუმრები?
ახალი შოურუმი ჩვენთვის უბრალოდ სივრცის განახლება არ იყო – ეს იყო კონცეპტუალური გადააზრება იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე შოურუმი. დღეს მომხმარებელს პროდუქტის უბრალოდ დათვალიერება არ სჭირდება, ის ეძებს გამოცდილებას, ინსპირაციას და სივრცეს, სადაც იდეა რეალობად იქცევა.
შოურუმი დიზაინ სტუდია „DUE”-სთან კოლაბორაციით შეიქმნა. ინტერიერი შეგნებულად ქრება – ღრმა შავი კედლები და ჭერი საშუალებას იძლევა, რომ თითოეული დეტალი მაქსიმალურად გამოიკვეთოს. განათება კი ხდება მთავარი მეგზური, რომელიც სტუმარს პროდუქტს სხვადასხვა პერსპექტივიდან აჩვენებს. სივრცე ასევე მოიცავს ტრანსფორმირებად მუდბორდ–ზონებს – ადგილს, სადაც დიზაინერს თუ არქიტექტორს საკუთარი იდეის ვიზუალიზაცია შეუძლია. ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ პროდუქტს, ვთავაზობთ პროცესს.
როგორც თქვენ ამბობთ, Mosaics-ისთვის მნიშვნელოვანია პერსონიფიცერებული მომსახურება. რას ნიშნავს ეს, ერთი მხრივ, უშუალოდ მომხმარებლისთვის, მეორე მხრივ კი დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის?
პერსონიფიცირებული მომსახურება ჩვენთვის ოპერაციული გადაწყვეტილებაა, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში ვლინდება. საცალო მომხმარებლის შემთხვევაში მთავარია, რომ ადამიანმა თავი განსაკუთრებულად იგრძნოს. ეს ნიშნავს, რომ გაყიდვების მენეჯერმა იცის მისი პრეფერენციები. სახლის მოწყობა ყოველთვის პირადი პროცესია, ამიტომ ჩვენი როლი არა მხოლოდ გაყიდვა, არამედ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებაა.
დიზაინერებისა და არქიტექტორების შემთხვევაში სრულიად სხვა მიდგომით ვმუშაობთ – აქ ჩვენ პარტნიორები ვართ. პროფესიონალს სჭირდება ეფექტურობა და სიზუსტე, ამიტომ თითოეულ მათგანს პერსონალური მენეჯერი ჰყავს, რომელიც მათ პროექტებში სიღრმისეულად არის ჩართული. გარდა ამისა, ვთავაზობთ ექსკლუზიურ წვდომას ახალ კოლექციებზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, კლიენტს განახლებული ასორტიმენტი სხვებზე ადრე წარუდგინონ. შოურუმი ითვალისწინებს, რომ პროფესიონალი კლიენტს აქვე შეხვდეს და იდეები ვიზუალურად წარუდგინოს. ეს არის Mosaics–ის ინტეგრაცია მათ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები – სად ხედავთ კომპანიას ხუთი წლის შემდეგ?
ბიზნესში ხუთი წელი დინამიკური პერიოდია, თუმცა ჩვენი მიმართულება მკაფიოა. არ გვინდა ზრდა ზრდისთვის – სანამ ახალ მასშტაბებზე ვიფიქრებთ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მომსახურების სტანდარტი და მომხმარებლის გამოცდილება იდეალურად მუშაობს. ეს მყარი საფუძველი ბუნებრივი გაფართოების წინაპირობაა.
ასევე ვგეგმავთ პროფესიონალთა ეკოსისტემის გაძლიერებას. გვინდა, რომ Mosaics იყოს არა უბრალოდ შოურუმი, არამედ პლატფორმა, რომელიც დიზაინერებისა და არქიტექტორების ბიზნეს–განვითარებაში რეალურ როლს ითამაშებს. პარალელურად, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ციფრულ განვითარებას – მომხმარებელს უნდა შეეძლოს ჩვენთან ურთიერთობა ნებისმიერი არხით, იმავე მაღალი სტანდარტით, რასაც ფიზიკურ სივრცეში იღებს.
S











