მოსამართლე ტრამპის ადმინისტრაციისგან საგარეო დახმარების დროებით აღდგენას მოითხოვს

მოსამართლე ტრამპის ადმინისტრაციისგან საგარეო დახმარების დროებით აღდგენას მოითხოვს

ფედერალურმა მოსამართლემ გუშინ ტრამპის ადმინისტრაციისგან USAID-ის საგარეო დახმარების პროგრამების დაფინანსების დროებით აღდგენა მოითხოვა, ვიდრე თითოეული პროგრამის დეტალური განხილვა მოხდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფინანსების დროებით აღდგენის ბრძანება ეხება კონტრაქტებს, რომლებიც 20 იანვრამდე მოქმედებდა. შეგახსენებთ, ტრამპმა საგარეო დახმარების გაყინვის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი სწორედ ამ დღეს, ინაუგურაციის შემდეგ მოაწერა.

ვაშინგტონის სასამართლომ ორი ორგანიზაციის, შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ადვოკატირების კოალიციისა და ჯანდაცვის გლობალური საბჭოს საჩივრები განიხილა. მოსამართლე ამირ ალის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ USAID-ის მიერ ათასობით პროგრამის დაფინანსება უნდა შეწყდეს მათი დეტალური განხილვის მიზნით, თუმცა მას არ გაუკეთებია განმარტება, თუ რატომ გახდა საჭირო ამ პროცედურისთვის კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსების შეჩერება, რაც უამრავ ორგანიზაციას აზარალებს.

აშშ-ში დაფუძნებულმა არაკომერციულმა ორგანიზაცია გლობალური ჯანდაცვის საბჭომ მოსამართლის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ “ეს გადაწყვეტილება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამების აღდგენისკენ… ის გზას უხსნის ორგანიზაციებს, სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობა გააგრძელონ და წარმოაჩინონ საუკეთესო ამერიკული ღირებულებები: თანაგრძნობა, ლიდერობა და გლობალური ჯანდაცვის, სტაბილურობისა და საერთო კეთილდღეობისადმი ერთგულება”.

აღსანიშნავია, რომ 13 თებერვალს მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთი გადაწყვეტილება გაყინა. კერძოდ, USAID-ის თანამშრომლების შვებულებაში გაყვანის თაობაზე პაუზა 21 თებერვლამდე გაახანგრძლივა. მოსამართლე კარლ ნიკოლსმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო კვირის დასასრულს მიიღებს.

ცნობისთვის, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 7 თებერვალს სასამართლოში განაცხადეს, რომ იმ დროისთვის შეერთებულ შტატებში USAID-ის 2000-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში იმყოფებოდა და შვებულება მხოლოდ მაღალი რისკის ადგილებში მომუშავე პერსონალს არ შეხებია.

აქვე აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესის მიხედვით, USAID-ს აშშ-ის ფარგლებს გარეთ პირდაპირი დაქირავებით აყვანილი სრულ განაკვეთზე მომუშავე დაახლოებით 1400 თანამშრომელი ჰყავს, რაც ორგანიზაციაში ამ ტიპის თანამშრომელთა თითქმის მეოთხედს წარმოადგენს.