აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისათვის $2.2 მილიარდის ფედერალური დაფინანსების დროებითი გაყინვა არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება იყო.
მოსამართლე ალისონ ბაროუს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ „ჰარვარდის“ ადმინისტრაციამ სიძულვილის გამომხატველი ქმედებების წინააღმდეგ არაფერი მოიმოქმედა, ფედერალურმა მთავრობამ „ანტისემიტიზმი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებზე მიზანმიმართული, იდეოლოგიურად მოტივირებული თავდასხმისთვის საბაბად გამოიყენა“. მოსამართლის განმარტებით, აღნიშნულმა ქმედებამ აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება დაარღვია.
აშშ-ის საოლქო მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა აღადგინოს უნივერსიტეტის დაფინანსება, რომელიც მრავალწლიანი გრანტებით ჯამურად $2.2 მილიარდს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ Associated Press-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ და „ჰარვარდმა“ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად უნივერსიტეტი $500 მილიონს მიიღებდა. შესაბამისად, საინტერესოა, რა გავლენა ექნება სასამართლო გადაწყვეტილებას უკვე მიღწეულ შეთანხმებაზე.
თეთრ სახლს აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. დიდი ალბათობით, ტრამპის ადმინისტრაცია სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, დაფინანსების შეჩერების გარდა, ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების შესაძლებლობაც შეუზღუდა, რომლებიც უნივერსტიტეტის სტუდენტების 27.2%-ს შეადგენენ. აღნიშნულთან დაკავშირებით „ჰარვარდმა“ ტრამპის ადმინისტრაციას ცალკე უჩივლა. ამ შემთხვევაშიც სასამართლომ ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა.
ცნობისთვის, „ჰარვარდის“ ფედერალური დაფინანსება ტრამპმა მიმდინარე წლის აპრილში შეაჩერა, რის მიზეზადაც უნივერსიტეტის მართვის, რეკრუტირებისა და სტუდენტების მიღების პროცესების შეუთავსებლობა დაასახელა.