“მოსმენების გასაღები” კართან ჟღარუნობს

“მოსმენების გასაღები” კართან ჟღარუნობს

პარლამენტში “მოსმენების” თემა აქტიურად განიხილებოდა, თუმცა ფართო საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა, ამ დისკუსიებში “მოსმენების გასაღების” ტერმინის უკან მდგარი მნიშვნელობა ამოეკითხა. აღნიშნული საკითხის შესახებ Forbes-ი გაესაუბრა კახა კილაძეს, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და ყაზახეთის მობილური ოპერატორების ტექნიკური დირექტორი გახლდათ, ამჟამად კი ყირგიზეთის NUR Telecom-ს ამავე მიმართულებით ხელმძღვანელობს.

გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ტელეფონის მოსმენებთან დაკავშირებით – მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის?

ეს პროცესი, გვინდა თუ არა ამის აღიარება, ქვეყნის უსაფრთხოების განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას კავშირგაბმულობის ქსელებისა და მონაცემთა გადაცემის დონეზე. მით უმეტეს ეს აუცილებელია ჩვენს დროში, როდესაც ტელეფონი და ინტერნეტი დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ურთიერთობის ძირითად საშუალებას წარმოადგენს.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ ტერმინი “მოსმენების გასაღები”? როგორია რეალური სურათი?

სიმართლე გითხრათ, პირველად ასეთი ტერმინი საქართველოში გავიგე. შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება მოსმენების უფლების ფლობა. ჩემი პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე, ასეთი უფლება ყოველთვის ჰქონდა კომპეტენტურ ორგანოებს, ოპერატორი კი, კანონის საფუძველზე, აძლევს მათ მოსმენების წარმოების აპარატურულ საშუალებას.

მედიასაშუალებები ხშირად აღნიშნავენ, რომ ოპერატორებს არ უნდათ ე.წ. “მოსმენების გასაღების” ფლობა (უფრო ზუსტად, ამ ინფორმაციის მათ მიერ გაცემა). რასთანაა ეს დაკავშირებული?

გეთანხმებით, ჩემი აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ოპერატორს არ სურს პასუხისმგებელი იყოს ინფორმაციის “გაჟონვის” შემთხვევაში. გარდა ამისა, ამ “გასაღების” ოპერატორისთვის გადაცემა გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ დანახარჯებს ოპერატორის მხრიდან.

თქვენი აზრით, როგორ უნდა იყოს დარეგულირებული ეს საკითხი, რათა საერთაშორისო ნორმებს შეესაბამებოდეს და ადამიანის უფლებების დარღვევის საშუალებას არ იძლეოდეს?

ჩემი აზრით, ეს საკმაოდ ძნელი დასარეგულირებელია (მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, სადაც კომპეტენტური ორგანოების მიმართ ნდობის ფაქტორი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას). ერთი კი ცხადია, რომ ნებისმიერი მოსმენა უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს დადგენილების საფუძველზე. რაც შეეხება ამ დადგენილების მართებულ შესრულებას – ალბათ სახელმწიფოში უნდა იყოს ორგანო, რომელიც გააკონტროლებს, თუ რამდენად კანონიერია კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოებული მოსმენები.

სისტემაში, როგორც წესი, გათვალისწინებულია მასში შესვლისა და ამოცანის დაყენების კონტროლი (სისტემაში შესვლისათვის გამოიყენება ე.წ. Login-ი და პაროლი). ნებისმიერი შესვლა ფიქსირდება სისტემაში და დროის ნებისმიერ მომენტში შეიძლება იმის ნახვა, თუ ვინ, რა დროს შევიდა და რა ქმედებები აწარმოა. მიუხედავად ამისა, მაინც ხდება კანონის დარღვევა და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს არა მარტო საქართველოში.

თქვენს 20-წლიან პრაქტიკაში თუ ყოფილა შემთხვევა, როცა სერიოზული დანაშაული გახსნილა მოსმენის საშუალებით?

ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს, ისე კი… კერძო საუბრებიდან ვიცი, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი გახსნილი დანაშაულებისა სწორედ მოსმენის სისტემებზე მოდის.

საქართველოში მოსასმენი აპარატურის შესაძენი ხარჯი ვინ უნდა გაიღოს, ოპერატორმა თუ სახელმწიფომ?

სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის ეს საკითხი გადაწყვეტილი. ზოგ ქვეყანაში, როგორიცაა, მაგალითად, ყაზახეთი, მთელ სისტემას ოპერატორი ყიდულობს. რუსეთის ფედერაციაში, ტაჯიკეთსა და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, მართვის პულტს ყიდულობს სახელმწიფო (კომპეტენტური ორგანოები), ხოლო დანარჩენ სისტემას – ოპერატორი.

აშშ-ში ეს სისტემები უკვე ინტეგრირებულია ოპერატორის აპარატურაში და კომპეტენტური ორგანოები მხოლოდ გარკვეულ კომპონენტებს (ამოცანებიდან გამომდინარე) ყიდულობენ ბიუჯეტის ხარჯზე.

რაც შეეხება საქართველოს, მიჭირს ერთპიროვნულად რამის თქმა. ალბათ ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა, გადაწყვიტოს, როგორი მოდელი უნდა იქნას არჩეული, მე როგორც ოპერატორს, მირჩევნია ეს სისტემა სახელმწიფომ შეიძინოს, ვინაიდან ეს სწორედ მას სჭირდება.

რა ჰქვია ამ აპარატურას და ვინ არიან მსოფლიოში მისი მწარმოებლები?

ასეთ სისტემებს მსოფლიოში Legal Interception Management System-ს (LI) ეძახიან. რუსეთის ფედერაციაში და დსთ-ის ქვეყნებში მიღებულია აბრევიატურა СОРМ (Система технических средств для обеспечения функций оперативно-рoзыскных мероприятий), რაც პრინციპში იგივეა.

დაახლოებით რა ღირს ეს აპარატურა და დამოკიდებულია თუ არა ფასი სააბონენტო ბაზაზე, კომუტატორების რაოდენობაზე ან სხვა პარამეტრებზე?

სისტემის ღირებულება შეიძლება სხვადასხვა იყოს და დამოკიდებულია არა აბონენტების რაოდენობაზე, არამედ იმ ამოცანებზე, რომლებიც ამ სისტემის წინაშე დგას.

ამასთან აღსანიშნავია, რომ სისტემის რეალიზაციიდან გამომდინარე, ფასი ასევე შეიძლება სხვადასხვა იყოს. როგორც წესი, ასეთი სისტემების ფასი რამდენიმე ასეული ათასი ევროდან იწყება.

სად მონტაჟდება ეს აპარატურა და რა მანძილით შეიძლება დააშორო ის ოპერატორს?

მოსმენის აპარატურა ორი ნაწილისგან შედგება. ესენია მართვის პულტი და ტრაფიკის მოხსნის სისტემა. თეორიულად ეს აპარატურა შეიძლება განლაგდეს ნებისმიერ ადგილას, მაგრამ, როგორც წესი, ტრაფიკის მოხნის სისტემა დგება ოპერატორის ძირითადი აპარატურის გვერდით. მოსმენის სისტემის მონტაჟის, სერტიფიცირებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ იგი იპლომბება და ოპერატორს მასთან წვდომა მხოლოდ კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით აქვს. რაც შეეხება მართვის პულტს – როგორც წესი, იგი კომპეტენტური ორგანოს შენობაშია განლაგებული.

როგორ ხდება მიმდინარე საუბრის მოსმენა (Online) და როგორ იღებენ ძველ საუბრებს?

დავიწყოთ იმით, რომ მოსმენები სამ კატეგორიად იყოფა: ესენია ე.წ. სატელეფონო საუბრები, მონაცემები (ინტერნეტტრაფიკი) და მოკლე ტექსტური შეტყობინებები (SMS).

სატელეფონო საუბრის მოსმენების შემთხვევაში, სატელეფონო სადგურთან ერთდება СОРМ-1 კონვერტორი. ამ კონვერტორზე მიეწოდება საეჭვო აბონენტის კონტროლზე აყვანის ბრძანება მართვის პულტიდან. შესაბამისად, აბონენტის გააქტიურების მომენტში (ანუ, როცა იგი ლაპარაკს იწყებს) ამ საუბრის ჩაწერა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამ საუბრის პირდაპირი მოსმენაც შეიძლება და მოგვიანებითაც, უფრო დეტალური დამუშავებისათვის, ჩაწერილის აღწარმოებაც. ინტერნეტტრაფიკის შემთხვევაში ხდება კონკრეტული IP მისამართის (ან სხვა რომელიმე უნიკალური პარამეტრის) კონტროლზე აყვანა. ამის შემდეგ საეჭვო აბონენტის მთელი IP ტრაფიკი იწერება მონაცემთა ბაზაში, საიდანაც ხდება საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა. ინფორმაციის მოხსნის მოწყობილობა ამ შემთხვევაში ერთდება ან ე.წ. SPAN პორტის, ან სპლიტერის მეშვეობით.

რაც შეეხება SMS-ებს, აქ ყველაფერი ანალოგიურადაა.

აღსანიშნავია, რომ გარდა თვითონ მოსმენისა, ხდება აგრეთვე ისეთი სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, როგორიცაა აბონენტის “მობილურობა” მის მიერ გამოყენებული მომსახურებებისა და ანგარიშსწორების (გადახდების) შესახებ.

ყველა ეს ინფორმაცია სისტემაში მიეწოდება ე.წ. “გარე წყაროებიდან”, როგორიცაა ინფორმაციის მოხსნის სისტემა, მონაცემთა ბაზა, ბილინგის სისტემა (CDR ფაილები).
პირველი ორი კატეგორიის მოსმენის სისტემები აგროვებენ ინფორმაციას მხოლოდ კონტროლზე აყვანილი აბონენტის შესახებ. ამასთან, გამომდინარე სისტემის რეალიზაციიდან, როგორც წესი, ოპერატორი იღებს შეტყობინებას, რომ საეჭვო აბონენტის მონიტორინგი დაიწყო.

როგორც წესი, ყველა საუბრის მოსმენა აქაც არ ხდება, ვინაიდან ამისათვის საჭირო იქნება წარმოუდგენლად დიდი მოცულობის მონაცემთა შენახვის სისტემების ქონა. მესამე კატეგორიის “მოსმენის” შემთხვევაში (SMS) ხდება მონაცემთა პაკეტირება სპეციალურად განკუთვნილ მონაცემთა ბაზაში და შემდეგ ხდება საჭირო ინფორმაციის ამოღება ფილტრაციის მეშვეობით.

ძველი საუბრების მოსმენა მონაცემთა ბაზიდან ადრე კონტროლზე აყვანილი აბონენტის შესახებ ინფორმაციის “ამოწევის” გზით ხდება.

რამდენი ხნით ინახავს ოპერატორი საუბრების ჩანაწერს?

ეს საკითხი რეგულირდება კანონით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ და ეს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. როგორც წესი, საუბრების ჩანაწერი ინახება მინიმუმ სამი თვის განმავლობაში, ხოლო სტატისტიკური მონაცემები – სამი წლის ვადით.

ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ უსმენენ ყველას, ეს მართლაც ასეა?

ასეთი ეჭვები მუდამ არსებობდა და იარსებებს. თეორიულად ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად – ამისათვის საჭიროა წარმოუდგენლად დიდი აპარატურული რესურსები. ამისათვის სისტემაში უნდა ხდებოდეს მთელი სააბონენტო ბაზის ტრაფიკის დამუშავება, ფილტრაცია. ასეთი აპარატურა ძალიან დიდ ადგილს და დიდ თანხებს მოითხოვს. როგორც წესი, ასეთი რამ არ ხდება.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია არა მარტო საეჭვო აბონენტის მოსმენა, არამედ ყველა იმ აბონენტისაც, რომელთანაც საეჭვო აბონენტს ხშირი კავშირი აქვს.

მოსმენებისთვის ოპერატორთან მიერთების ტექნოლოგიური სქემა