მრავალფეროვანი გამოცდილება ბიზნესში

მრავალფეროვანი გამოცდილება ბიზნესში

მოქნილობა, სისწრაფე და პროფესიონალიზმი – ესენია ის მთავარი კრიტერიუმები, რომლებიც, ბიზნესმენ ვალერი ხანიშვილის აზრით, ბანკთან ურთიერთობისას საქმიანი ადამიანებისთვის არსებითია. სწორედ ამის გათვალისწინებით, ათი წლის მან არჩევანი ტერაბანკზე შეაჩერა, შემდეგ კი „სელექტის“ ერთგული მომხმარებელიც გახდა. ვალერი ხანიშვილი, რომელსაც დამოუკიდებელ საქართველოში საჯარო სექტორში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება აქვს, დღეს 10-მდე კომპანიას მართავს. Forbes Georgia-მ მისი ისტორიის მოყოლა გადაწყვიტა.

ბატონო ვალერ, თქვენ წლებია, სხვადასხვა პროფილის არაერთ ბიზნესს მართავთ. როგორ გაჩნდა პირველი იდეა?

2005 წლამდე საჯარო სამსახურში, კერძოდ ფინანსთა სამინისტროს და საგადასახადო სისტემაში ვიყავი დასაქმებული. ამასთან, 1990-იან წლებში აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა კანონმდებლობის შემუშავებაში, მათ შორის საგადასახადო და ბანკების შესახებ კანონის შექმნაში. შესაბამისად, ეს სფერო ჩემთვის ძალიან ახლობელი და ნაცნობი იყო. არეულობის პერიოდში ბევრი წინააღმდეგობა გადავიტანეთ, ვინაიდან კორუფცია ყვაოდა, შემოსავლების აკრეფის დროს ფულის შოვნა, გადასახადების თავიდან არიდება ჩვეულებრივი ამბავი იყო. მე და ჩემი თანამოაზრეები კი ბევრს ვიბრძოდით. სწორედ ჩემი აქტიურობისა და ბრძოლის შედეგად მოვახერხეთ ჯერ კიდევ 1990 წელს შეგვექმნა საგადასახადო სამსახური. იმ დროიდან 25 წელი ამ სისტემაში ვიმუშავე. შემდეგ კი სამსახურიდან გამათავისუფლეს. გამოშვების ნაწილობრივ კმაყოფილიც დავრჩი, ვინაიდან შემდეგ დავიწყე ბიზნესები. ახლა კი, თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, პირველი ბიზნესი აუდიტორული კომპანია „მრჩეველი“ იყო, რომელიც რეალურად მანამდე ჩემი ინიციატივით შეიქმნა და ფუნქციონირებდა კიდეც, 2005 წლიდან კი უკვე მე ჩავუდექი სათავეში.

შემდეგი ბიზნესი ტექნოლოგიების მიმართულებით დავიწყე, რომლის ფარგლებშიც სალარო აპარატები შემოგვქონდა და ბაზარს ვაწვდიდით. იგივე ბიზნესი მოგვიანებით უცხოეთში გავაგრძელე. ამას მოჰყვა სამშენებლო ბიზნესში შესვლა, უძრავი ქონების ბიზნესი და ა.შ.

დღეს კი საქართველოში 10 კომპანიას ფლობთ…

დიახ. ყველაზე მსხვილია სამი უძრავი ქონების კომპანია. ვაშენებთ, ვაქირავებთ, ვყიდით. ახლა, მაგალითად, დიდუბის მეტროსთან ხუთსართულიან საოფისე ფართს ვასრულებთ. ყველაზე მსხვილი ბიზნესი კი უცხოეთში გვაქვს, ვგულისხმობ საბანკო ტერმინალების ბიზნესს. კერძოდ, ტერმინალებს ვაწარმოებთ და ვაწვდით სხვადასხვა ბაზარს. თავდაპირველად ფრანგულ კომპანია Ingenico-სთან ვთანამშრომლობდით და მათი წარმომადგენელი ვიყავით შუა აზიაში. შემდეგ უკვე ცალკე დავიწყეთ პროექტი და ჩვენმა საბანკო პროგრამისტების ჯგუფმა, რომელიც დუბაიში მუშაობს, ტერმინალებისთვის საჭირო პროგრამა შექმნა. საბანკო ტერმინალში სალარო აპარატების ინტეგრირებაც ჩვენი იდეა იყო.

რომელ ბაზრებს აწვდით ამჟამად პროდუქციას?

ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, სომხეთი… ახლა, სხვათა შორის, სომხეთში დიდი შეკვეთა გვაქვს. მთლიანად საბანკო სისტემა გადავიდა ჩვენს ტექნოლოგიაზე. ასევე, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი შემსყიდველი რუსეთი იყო, მაგრამ პანდემიის დროს გაჩერდა. შემდეგ კი ასიათასობით ტერმინალის „სბერბანკისთვის“ მიყიდვაზე იყო საუბარი, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მე თავად განვაცხადე უარი მათთვის საბანკო აპარატების მიყიდვაზე. ჩემი პიროვნული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რუსეთის ბაზრიდან ყველა შეთავაზებაზე უარს ვიტყვი. ამიტომ უცხოეთის ბაზარზე თუ ვისაუბრებთ, ყველაზე დიდ შემოსავალს სომხეთიდან ველოდებით.

გამომდინარე იქიდან, რომ ერთდროულად არაერთ ბიზნესს უდგახართ სათავეში, როგორი მართვის სტილით გამოირჩევით?

ჩემთვის, როგორც მმართველისთვის, მნიშვნელოვანია სამსახურში ადამიანური ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ ადამიანმა, რომელიც ბიზნესშია დასაქმებული, უნდა იგრძნოს, რომ ის მისი ოჯახია. ამიტომ ამაზე მუდმივად ვზრუნავ. ადამიანს არ უნდა სძულდეს დამსაქმებელი, რაც ხშირ შემთხვევაში საქართველოში და ალბათ მთელ მსოფლიოში ასეა. ასევე, ჩემი თვისებაა, რომ თუ თანამშრომელს სამსახურში ავიყვან, მისი გაშვება მიჭირს.

საინტერესოა ასევე, როგორ ანაწილებთ დროს, როგორც 10-მდე კომპანიის მფლობელი?

არ მიჭირს დროის გადანაწილება. ყველა ბიზნესში მყავს ადამიანი, ვისაც ვენდობი, ვინც თავის საქმეს აკეთებს. თუმცა მაქვს მუდმივი კონტაქტი, აქტიურად ვარ ჩართული პროცესებში. მიუხედავად ამისა, არასოდეს ვინიშნავ და არც მავიწყდება, როდის რა შეხვედრა მაქვს. შეხვედრებზე არასოდეს ვაგვიანებ. პირიქით, ადრეც კი მივდივარ. დასვენებისთვის ძირითადად შაბათ-კვირას ვიყენებ. ვცხოვრობ მარტო და საკმარისი დრო მაქვს საკუთარი თავისთვის. ასევე , მაინტერესებს პოლიტიკა და აქტიურად ვადევნებ თვალს. სპორტის გულშემატკივარიც ვარ – ყველა სპორტის სახეობა მიყვარს. ჩემი ყველაზე დიდი ჰობი კი ტელევიზორია.

თქვენ ტერაბანკის „სელექტის“ მომხმარებელი ხართ. რა გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით? რატომ აირჩიეთ ეს ბანკი?

იმიტომ, რომ ის გაცილებით უფრო მოქნილია ისეთი კლიენტისთვის, როგორიც მე ვარ – ანუ ადამიანი, რომელსაც არაერთი ბიზნესი  და ფინანსებთან ხშირი შეხება აქვს. როდესაც საქართველოში პირველი ბანკები გამოჩნდა, იქიდან მოყოლებული ვიცი ყველა, კარგად ვიცნობ მათ პირობებს და განსხვავებებსაც კარგად ვხედავ. პირადი ბანკირი ცხოვრებას გიმარტივებს. თან ტერაბანკში საკმაოდ სწრაფი მომსახურება აქვთ. ამ ბანკში მთელი ამ ათი წლის განმავლობაში 3-4 ბანკირი გამოვიცვალე და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა მათგანს კარგად ვიცნობ, ჩვენ შორის ურთიერთობა იყო პატივისცემაზე დაფუძნებული.

რა არის თქვენთვის, როგორც დაკავებული ადამიანისთვის, მნიშვნელოვანი ბანკთან ურთიერთობისას?

უშუალო და სწრაფი კავშირი. ეს მომწონს „სელექტშიც“.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომელთაც ბიზნესების მართვა უწევთ. ჩვენ არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ერთ მარტივ ოპერაციას რამდენიმე დღე ველოდოთ, როცა ეს 15 წუთშია შესაძლებელი. ამასთან, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმიც.

ბიზნესის ახალ იდეებს ამუშავებთ?

რა თქმა უნდა, არაერთი იდეა მაქვს. ციფრული ბანკის შექმნაზე ვმუშაობ. ასევე ვფიქრობ ქვის ქაღალდის წარმოებაზე, რასაც აქტიურად იყენებენ იაპონიაში, ჩინეთსა და საფრანგეთშიც. ეს არის კირქვისა და პოლიეთილენის დამუშავების შედეგად მიღებული პოლიგრაფიული ქაღალდი. ეს ტექნოლოგია ჩვენ შევისწავლეთ, და ამ ეტაპზე დავასკვენით, რომ ჯერ საქართველოში ამაზე მოთხოვნა არ არის. თუმცა მას აქვს მომავალი და ჩვენ ეს იდეა გამზადებული გვაქვს. კიდევ არის სხვა იდეებიც – ზოგი – შეჩერებული, ზოგიც – ახალი. უბრალოდ შესაბამის დროს ველით.

რუბრიკის წარმდგენია ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება – სელექტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *