ელენე სიგუა, რომლის სახელსაც საქართველოში ფრანგული ბრენდის IZIPIZI-ს პოპულარიზაცია უკავშირდება, წარმატებულ კარიერაზე საუბრისას რამდენიმე ფაქტორს უსვამს ხაზს: კომუნიკაციას, სისწრაფესა და ინტუიციის ნდობას. ამჟამად ელენე პარტნიორებთან ერთად დაფუძნებული ინოვაციური სტარტაპის განვითარებაზე ზრუნავს და პარალელურად Gastronome Group-ში შემავალ ბრენდებს უწევს კონსულტაციას მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.
“კონკრეტული დღე მახსოვს, როცა მივხვდი, რომ ნებისმიერ სირთულეს გავუმკლავდებოდი”, — იხსენებს ელენე სიგუა ბავშვობაში თავს გადამხდარ შემთხვევას. მაშინ ხუთი წლის ელენე შემთხვევით სრულიად მარტო აღმოჩნდა სამთო კურორტზე, თვალუწვდენელ სითეთრეში. ჯერ ძალიან შეეშინდა, ბოლოს კი ძალა მოიკრიბა და ჩამოსრიალდა. “იმ დღიდან ჩემთვის ‘ვერ’ არ არსებობდა და ეს ძალიან დამეხმარა ცხოვრების ყველა ასპექტში”, — აღნიშნავს ელენე.
33 წლის ელენე სიგუა დღესაც გამბედავად უსწორებს თვალს ყველა გამოწვევას და სწორედ ამ მოდელით ხელმძღვანელობს ნებისმიერ სფეროში — იქნება ეს მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების მარკეტინგის გუნდში მუშაობა, ბუტიკ-სასტუმროს განვითარებაზე ზრუნვა თუ სათვალეების დისტრიბუტორი კომპანიის მართვა. აღნიშნავს, რომ ყველაზე უკეთ ცხოვრებისადმი მის დამოკიდებულებას დეილ კარნეგის ფრაზა აღწერს “დღეს სწორედ ის ‘ხვალ’ არის, რომლისაც გუშინ გეშინოდა” (Today is the tomorrow you worried about yesterday). მრავალფეროვანი კარიერული გამოცდილების გაანალიზების შედეგად დარწმუნდა, რომ ინდუსტრიისათვის სპეციფიკური ცოდნის შეძენა ყოველთვის შესაძლებელია, თუ ისეთ საბაზისო უნარებს ფლობ, როგორებიცაა კომუნიკაცია და საკუთარი რესურსების მართვა. ამჟამად ელენეს ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი სამსახურებრივი გამოწვევა თანაარსებობს: ერთი მხრივ, განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ტექ-სტარტაპის ზრდაშია ჩართული, მეორე მხრივ კი — Gastronome Group-ში შემავალი ბრენდების მარკეტინგსა და გაყიდვებზე ზრუნავს სტრატეგიული კონსულტანტის რანგში. ის ფაქტი, რომ ამ ინდუსტრიებს შორის დიდი სხვაობაა, არ აშინებს. სჯერა, რომ მრავალფეროვნებაში ყველაზე მარტივად შეიძლება შთაგონების პოვნა.
ელენე იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც წარსულ გამოცდილებებს მუდმივად უბრუნდებიან და განახლებული თვალთახედვით აკვირდებიან. ბავშვობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სკოლამდელ ასაკში “მამას პრინცესა” იყო და, მიუხედავად იმისა, რომ ეს როლი სიამოვნებას ანიჭებდა, საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების სურვილსაც მძაფრად გრძნობდა. “ყოველთვის მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამ “პრინცესას” მიღმა ძლიერი გოგო იმალება, რომელიც მამაკაცებს ტოლს არ დაუდებს”. ტრადიციულად “ბიჭურად” აღიარებული უნარებისა თუ ინტერესების სფეროში საკუთარი ძალების გამოცდა ბავშვობიდანვე იტაცებდა: უყვარდა ფეხბურთის თამაში და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანის მართვაც სიამოვნებით ისწავლა.
მიზანდასახულობამ პიროვნული ჩამოყალიბებისათვის უმნიშვნელოვანეს წლებში არაერთი ქვეყანა მოატარა. 16 წლის ასაკში ლონდონში, საზაფხულო სკოლაში მოხვდა, შემდეგ კი პოლონეთში გაემგზავრა, რათა მოხალისეობრივი პროგრამით ბავშვებისთვის ინგლისური ესწავლებინა. საქართველოში საუნივერსიტეტო გზის დაწყების შემდეგ სწავლა პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრაციის უნივერსიტეტში განაგრძო და ეს საფეხური მაღალი აკადემიური შედეგებით დაასრულა. ამის შემდეგ კი სამაგისტრო პროგრამა მარკეტინგის მიმართულებით ესპანეთის კარლოს III-ის უნივერსიტეტში გაიარა. თავდაუზოგავი შრომის შედეგად 2-წლიანი პროგრამა ერთ წელიწადში დაასრულა.
“ჩემს თავთან პირობა დავდე, რომ მთლიანად სწავლაზე ვიქნებოდი ფოკუსირებული და შევასრულე კიდეც: დღედაღამ ბიბლიოთეკაში ვიყავი”, — იხსენებს ელენე საერთაშორისო განათლების გამოცდილებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ცხოვრების ამ მონაკვეთმა ასწავლა, ის იყო, რომ ლოკალური წარმატება გლობალურ ასპარეზზე კონკურენტუნარიანობას სულაც არ ნიშნავს და იმისთვის, რომ სამყაროს არ ჩამორჩე, მუდმივად უნდა ვითარდებოდე.
ელენეს სამაგისტრო ნაშრომი იმის დასტურია, რომ პირადი გამოცდილებები აკადემიური თუ კარიერული მისწრაფებებისათვის ფასდაუდებელი რესურსია. მან საკვლევ ობიექტად ღვინის ეტიკეტის კომუნიკაცია აირჩია და გადაწყვიტა, სოფელ გრემში არსებული საქველმოქმედო კავშირის, თემის მიერ წარმოებული ღვინის მაგალითზე გაერკვია, რა ფაქტორებს აქცევენ ყურადღებას მომხმარებლები ღვინის შეძენისას. ეს თემი სხვადასხვა გამოცდილებისა და შესაძლებლობის 70-მდე ადამიანს აერთიანებს, რომლებიც სოციალური საწარმოს ბაზაზე ორგანულ ღვინოებს აწარმოებენ. “დედაჩემის დიდი სურვილი იყო, რომ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ახლო კავშირი მქონოდა. დღემდე ხშირად ჩავდივარ და ნათლულებიც მყავს. მათგან იმდენ სიყვარულს ვგრძნობდი, რომ მინდოდა, მეც გადამეხადა მადლობა”, — ამბობს ელენე.
500-ზე მეტი ესპანელი მომხმარებლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეტიკეტზე იმის ხაზგასმა, რომ ღვინო ორგანულია, უფრო მეტად უწყობდა ხელს გაყიდვებს, ვიდრე მოპოვებული ჯილდოების ან ბრენდის ისტორიის წინა პლანზე გამოტანა. ელენესთვის ეს მხოლოდ თეორიული ნაშრომი არ ყოფილა — სურდა, მის მიერ გაკეთებული დასკვნები თემისთვის რეალურად სასარგებლო ყოფილიყო. ნაშრომმა საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რაც მუშაობის პროცესში ისწავლა: როცა მთელი გულით აკეთებ საქმეს, აღიარებაც და წარმატებაც ბუნებრივად მოდის. ელენეს “თემის” მხარდაჭერა არც წლების შემდეგ შეუწყვეტია: “თიბისი ლიზინგში” მუშაობისას კლიენტებს სწორედ გრემში დაწურული ორგანული ღვინო აჩუქა და ამგვარად, ისინიც ჩართო ქველმოქმედებაში.
მარკეტინგის თეორიულად შესწავლის პარალელურად, ელენეს შესაძლებლობა მიეცა, საკუთარი უნარები პრაქტიკაშიც გამოეცადა, თანაც — საერთაშორისო კომპანიაში. მადრიდში სწავლისას Burger King-ის გუნდში გაიარა სტაჟირება და მიხვდა, რომ მარკეტინგი სწორედ ის სფერო იყო, სადაც საკუთარი კრეატიული და ანალიტიკური უნარების შერწყმას შეძლებდა. მოგვიანებით თვისებების ეს კომბინაცია არაერთ სფეროში გამოადგა, მათ შორის, ბანკინგში, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიასა და საცალო ვაჭრობაში.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ელენემ თიბისი ლიზინგის მარკეტინგის გუნდში დაიწყო მუშაობა. თიბისი ლიზინგის შემდეგ თიბისიში გადაინაცვლა, შემდეგ კი — საქართველოს ბანკში. დიდი სიყვარულით იხსენებს მენეჯერებს, რომელთაც მართვის სრულიად განსხვავებული სტილის დამსახურებით მის პროფესიულ განვითარებაზე წარუშლელი კვალი დატოვეს: “წლების მანძილზე გამორჩეულ მენეჯერებზე დაკვირვებით ვისწავლე, რომ აუცილებელია, გუნდის წევრებს ხელი შეუწყო თავის წარმოჩენაში და ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ გუნდი საერთო მიზნისკენ მიდიოდეს”. სხვებზე დაკვირვების პარალელურად, მართვის საკუთარი სტილიც აღმოაჩინა: “იმის მიუხედავად, რა პოზიცია გიკავია, არასდროს არ უნდა დახედო სხვებს ზემოდან. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა მენეჯერსა და გუნდის წევრებს შორის”, — აღნიშნავს ელენე. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც ხაზს უსვამს, თანამშრომლების პირადი დროის პატივისცემის აუცილებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი დროის ანაზღაურება საქართველოში გავრცელებული პრაქტიკა არაა, ელენე მიზნად დაისახა, ბაზარზე პოზიტიური პრეცედენტი შეექმნა. “ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურსა და ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა, რადგან ორი შვილი მყავს — 8 წლის ირაკლი და 4 წლის ნიცა და მათთან დროის ხარისხიანად გატარება ყოველთვის პრიორიტეტია”, — განმარტავს ის.
ელენეს უნარი, დაინახოს პოტენციალი იქ, სადაც სხვები მხოლოდ სირთულეს ხედავენ, ყველაზე კარგად ფრანგული ბრენდის, IZIPIZI-ს ქართული ისტორიიდან ჩანს. სანამ IZIPIZI-ს ოფიციალური დისტრიბუტორის, Giggles-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდებოდა, ჯერ Wilbour Holding-ისა და Giggles-ის მარკეტინგს ხელმძღვანელობდა. ახალ, ბევრად უფრო საპასუხისმგებლო პოზიციამდე მისასვლელად სულ რაღაც ხუთი თვე დასჭირდა. “ვაფასებ, რომ ამხელა ნდობა გამომიცხადეს Wilbour Holding-ის დამფუძნებლებმა და ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე ამირჩიეს”, — ამბობს ელენე. უშუალოდ Giggles-ში გატარებულ პერიოდს და მისი გუნდის მიერ მიღწეულ შედეგებს განსაკუთრებული სიამაყით იხსენებს: “რომ მივედი, ‘ბექ-ოფისში’ სულ რამდენიმე თანამშრომელი დამხვდა და გაყიდვების მაჩვენებელიც ძალიან დაბალი იყო, რადგან ჩვენი საზოგადოება IZIPIZI-ს არ იცნობდა. საბოლოოდ კი, გლობალური მარკეტინგის ქართულ კონტექსტთან შერწყმით საოცარი შედეგი მივიღეთ”. ელენე სიგუას მმართველობის პირობებში სათვალეების ფრანგული ბრენდისათვის საქართველო განსაკუთრებით საინტერესო ბაზრად იქცა და გაყიდული სათვალეების რაოდენობით ბევრად დიდ ქვეყნებსაც გადაუსწრო. Giggles 7500 რიტეილერს შორის მარკეტინგისა და ბრენდის განვითარების კუთხით საუკეთესოდ დასახელდა. ეს აღიარება მხოლოდ გაყიდვების წარმატებულ სტრატეგიაზე არ მეტყველებს — ელენემ მოახერხა და ზუსტად ამოიცნო, როგორ შეექმნა ემოციური კავშირი ბრენდსა და მომხმარებელს შორის, თანაც ქართული ბაზრისათვის დამახასიათებელი უნიკალური კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით.
“ვფიქრობ, IZIPIZI-ს შემთხვევაში წარმატების მიღწევა იმანაც გამიადვილა, რომ ამ ბრენდთან პერსონალურ კავშირს ვგრძნობდი”, — ამბობს ელენე. პირველად IZIPIZI-ს სათვალეს პარიზში სეირნობისას, ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში წააწყდა და მყისიერად მოიხიბლა. მაშინ, ცხადია, ვერ წარმოიდგენდა, რომ ათი წლის შემდეგ ქართულ საზოგადოებას სწორედ ის გააცნობდა ბრენდს, რომლის მთავარი ღირებულებაც ადამიანის შინაგანი სამყარო და თვითგამოხატვის თავისუფლებაა. Giggles-ის ახალგაზრდა დირექტორმა დაამტკიცა, რომ, ერთი მხრივ, კარგად ესმის საერთაშორისო ბრენდის მთავარი ღირებულებები, მეორე მხრივ კი, ოსტატურად შეუძლია ქართველი მომხმარებლების საჭიროებებთან ამ ღირებულებების დაკავშირება.
ელენესა და მისი გუნდის წარმატებამ გადამდები ეფექტი გამოიწვია და სხვა ევროპულ Lifestyle-ბრენდებსაც გაუადვილა საქართველოში ფეხის მოკიდება. ელენემ ახალი კონცეპტუალური მაღაზიაც გახსნა და მის განვითარებასაც ჩვეული ხალისით შეუდგა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იგრძნო, რომ მის ცხოვრებაში ახალი გამოწვევების დრო დადგა. კითხვაზე, როგორ წყვეტს, როდის გადაინაცვლოს ახალ სფეროსა თუ პოზიციაზე, პასუხობს, რომ დროთა განმავლობაში ისწავლა იმ შინაგანი ხმისთვის მოსმენა, რომელიც ანიშნებს, რომ სიახლის დროა: “თუ ამ აზრს არ გაჰყვები, საბოლოო ჯამში მაინც იმ წერტილში აღმოჩნდები, ასე რომ, თავიდანვე დაჯერება სჯობს”. სწორედ ამგვარად მივიდა მორიგ დიდ წამოწყებასთან და გამოცდილ პარტნიორებთან ერთად AI-სტარტაპი დააარსა.
სტარტაპის განვითარება შრომატევადი საქმეა და საწყის ეტაპზე განსაკუთრებით დიდ რესურსს მოითხოვს, თუმცა ელენე მაინც ახერხებს, დრო სხვა საქმეებზეც გადაანაწილოს. “Multitasking-ი ჩემი ძლიერი მხარეა”, — აღნიშნავს ის ღიმილით. ამჟამად ელენე Gastrome Group-ში შემავალ კომპანიებს მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით უწევს კონსულტაციას. როგორც აღნიშნავს, ამ ჯგუფში შემავალი ბრენდები ძალიან უყვარს და ამიტომაც დათანხმდა ამ შემოთავაზებას. ერთი მხრივ, გლობალური ამბიციების მქონე სტარტაპზე მუშაობა, მეორე მხრივ კი, ქართული საზოგადოებისათვის უკვე ნაცნობი ბრენდის საქმიანობაში ჩართულობა ელენესთვის კარგი შესაძლებლობაა, კარიერული მოქნილობა შეინარჩუნოს.
მიდგომას, რომელსაც ელენე მიჰყვება, მენეჯმენტის თეორეტიკოსები “პორტფელურ კარიერას” უწოდებენ და ის ზედგამოჭრილია ადამიანებისთვის, რომელთაც სამსახურებრივ ცხოვრებაში მრავალფეროვნება ესაჭიროებათ. ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე მუშაობა, როგორც წესი, შემოქმედებითობის გამოსავლენად ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის. ეს ასევე კარგი გზაა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის და კარიერული სტაგნაციის თავიდან ასარიდებლად.
იმ პროფესიონალებს, რომლებიც მუდმივად ცვალებად ბიზნესგარემოში ნავიგაციას ცდილობენ, ელენე სიგუას კარიერა რამდენიმე მნიშვნელოვან გაკვეთილს სთავაზობს: მისი “საიდუმლო” საკუთარი თავის გაცნობის დაუსრულებელ პროცესში იმალება. ერთმანეთისაგან განსხვავებულ ინდუსტრიებში მუშაობის შესაძლებლობამ დაანახა, რომ არსებობს უნივერსალური უნარები, რომლებიც სრულყოფილად ითარგმნება სხვადასხვა პოზიციასა თუ სფეროში. მომხმარებლის ქცევისა და მისი განმსაზღვრელი ემოციური ინდიკატორების ამოცნობა სწორედ ერთ-ერთი მათგანია.
“იდეალურ მომავალზე როცა ვფიქრობ, ამ მომავალშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამსახურს. არ შემიძლია, ისეთი რეალობის წარმოდგენა, რომელშიც არაფერ ახალს არ ვქმნი ან ვაშენებ”, — ამბობს ელენე. ამ სცენარში თანამშრომლებთან კომუნიკაციასაც დიდი დრო ეთმობა. გუნდის წევრების იდეების მოსმენა ელენესთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა და მოსმენაში მხოლოდ სიტყვების გაგება კი არა, იმის ამოცნობაც იგულისხმება, რა ემოციური საჭიროებები აქვს თანამშრომელს. “როცა გუნდის წევრები კმაყოფილები და ბედნიერები არიან, ყველაზე რთული წინააღმდეგობებიც კი არ გეჩვენება დაუძლეველად”, — ამბობს ელენე.
პიროვნული განვითარების მიმართ ელენეს მიდგომაც პროაქტიური და ქმედებაზე ორიენტირებულია. “ჩემი აღმოჩენა ის არის, რომ საკუთარ თავზე ყოველდღე უნდა იმუშაო – არა იმისთვის, რომ სხვებმა ნახონ, რამდენად ძლიერი ხარ, არამედ იმისთვის, რომ თავად დარწმუნდე, რა შეგიძლია და თვითრწმენა მოგემატოს”, — განმარტავს ელენე. მისი ყოველდღიური რუტინა მოიცავს ვარჯიშს, კითხვას და იმ ინტერესებისათვის დროის დათმობას, რომლებშიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის, სხვების მხრიდან აღიარების მოლოდინის გარეშე ერთვება.
ახლა, როცა ტრადიციული კარიერული გზის მიყოლა უფრო და უფრო რთულდება და ტექნოლოგიები ინდუსტრიებს შორის საზღვრებს აქტიურად აქრობს, გენერალისტ ლიდერებს, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე სექტორში მუშაობენ, ვიწრო სპეციალისტებთან შედარებით გარკვეული უპირატესობები აქვთ. ელენეს სჯერა, რომ ემოციური ინტელექტი და კომუნიკაციის უნარები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნიკური ცოდნა. თუ ამას საქმის მიმართ გულწრფელ სიყვარულსაც დავუმატებთ, ნებისმიერ პროექტსა თუ წამოწყებაში შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობის პოვნა. ეს კი მუშაობას ვალდებულებიდან სიამოვნებად გარდაქმნის.
ცხოვრების ამ ეტაპზე ელენე ახალი ნაბიჯების დაგეგმვისას იმავე მოდელს იყენებს, რომელსაც წლების განმავლობაში მიჰყვებოდა: ჯერ კარგად სწავლობს პრობლემას, შემდეგ მის გადასაჭრელად ერთი შეხედვით არაორდინარულ, თუმცა მისთვის ბუნებრივ გზას ირჩევს, ბოლოს კი, არჩეულ სტრატეგიას დაუღალავი ოპტიმიზმით მიჰყვება.
“ინტუიციას ვენდობი, ჩემს თავს ვენდობი და სწორედ ასე მოვედი აქამდე”, — ამბობს ის. ეს მიდგომა შეიძლება ტრადიციული ბიზნესლიდერებისათვის სარისკო ჩანდეს, მაგრამ ექსტრემალური სპორტის მოყვარული ადამიანისათვის უსაფრთხოცაა და კარგად დაცდილიც.
“30 წლის შემდეგ საკუთარი თავი სხვანაირად გავიცანი და ჩემს თავს დავუმეგობრდი, თუმცა არც ის ბავშვური ნაწილი დამვიწყებია, რომელსაც ყველაფერი ახალი უხარია”, — ამბობს ელენე. მასთან საუბარი არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მაფიქრებს: მართლაც, რა ქმნის კარგ ლიდერს და რა თვისებები გჭირდება იმისთვის, რომ ერთ სფეროში მიღწეული წარმატება სრულიად განსხვავებული ტიპის კომპანიაში გაიმეორო?!
ელენე სიგუას კარიერული გზა მარკეტინგის მენეჯერობიდან აღმასრულებელ დირექტორობამდე, შემდეგ კი — ანტრეპრენიორობამდე ცხადად გვაჩვენებს, როგორ შეიცვალა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გლობალური და ლოკალური ბიზნესლანდშაფტი. მისი გზავნილი მკაფიოა: ცვლილებები გარდაუვალია და როგორ შევხვდებით მათ, წინააღმდეგობით თუ გაშლილი ხელებით, სრულიად ჩვენზეა დამოკიდებული.