მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.1%-ით გაძვირდა

მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.1%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით შემცირდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი – 5.1%-ით გაიზარდა.

წყარო: საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მკვეთრი, 8.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება არასაცხოვრებელ სეგმენტს, ამ შემთხვევაში ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა, 2024 წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი ამდენივე, 2.5%-ით გაიზარდა.

სამოქალაქო სეგმენტის ინდექსში თვიურ ჭრილში უფრო უმნიშვნელო 0.2%-იანი კლება აღინიშნა, წლიურ ჭრილში კი – 2.6%-იანი მატება.

წყარო: საქსტატი

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, თვიურ ჭრილში ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის
დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.3%-იანი კლებით იყო განპირობებული, რამაც -0.45 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის ცნობით, წლიურ ჭრილში ზრდა, „უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.3-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.2-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.53 და 1.38 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 22.8%-ით არის გაზრდილი.