მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ირანელ ნარგეს მოჰამადის გადაეცა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ირანელ ნარგეს მოჰამადის გადაეცა

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი დაასახელა. ჯილდო, ირანში ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ, ასევე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, ნარგეს მოჰამადის გადაეცა.

როგორც ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ეს ჯილდო ასევე ეძღვნება ადამიანებს, რომლებმაც გასულ წელს ქალების მიმართ ირანის თეოკრატიული რეჟიმის დისკრიმინაციისა და ჩაგვრის პოლიტიკა გამოავლინეს. „მომიტინგეების მიერ მოფიქრებული დევიზი – „ქალი – სიცოცხლე – თავისუფლება“ – შესაფერისად გამოხატავს ნარგეს მოჰამადის თავდადებასა და ღვაწლს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ნარგეს მოჰამადი, ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლისთვის, ირანის რეჟიმმა, საერთო ჯამში, 13-ჯერ დააკავა, ხუთჯერ გაასამართლა და მთლიანობაში 31 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, ფიზიკური სასჯელის სახით, 154 დარტყმა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ის ამჟამადაც ციხეში იმყოფება.

შეგახსენებთ, გასულ წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ადამიანთა უფლებადამცველს, ბელარუს ალეს ბიალიაცკის, ასევე აღნიშნული კუთხით მომუშავე რუსულ ორგანიზაცია Memorial-ს და უკრაინულ ორგანიზაცია Center for Civil Liberties-ს გადაეცა.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ამ პერიოდის განმავლობაში სულ 104 ჯილდოა გაცემული, აქედან 27 სხვადასხვა ორგანიზაციამ დაიმსახურა.