მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე შეამცირა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე შეამცირა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. მისი ვარაუდით, წელს ქვეყნის ეკონომიკა, 6%-ის ნაცვლად, 5.5%-ით გაიზრდება. ცნობისთვის, 2026 წლისა და 2027 წლისთვის პროგნოზი 5.0%-ს შეადგენს.

შემცირების მიუხედავად, რეგიონში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მაინც სხვა ქვეყნებზე მაღალია. მაგალითად, მსოფლიო ბანკი 2025 წლის განმავლობაში სომხეთის ეკონომიკის 4%-ით, აზერბაიჯანის ეკონომიკის – 2.6%-ით, თურქეთს ეკონომიკის – 3.1%-ითა და რუსეთის ეკონომიკის 1.4%-ით ზრდას პროგნოზირებს.

„სომხეთსა და საქართველოში ზრდის პროგნოზი შემცირდება, რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებასა და რეექსპორტის შენელებას უკავშირდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის შესახებ გაკეთებული უახლესი პროგნოზები ერთმანეთისგან მკვეთრად, 1.7%-ით განსხვავდება. IMF-ის ვარაუდით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა 7.2%-ით გაიზრდება.