ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს კატარში გაიმართა. მსოფლიოში ყველაზე ყურებადმა საფეხბურთო ჩემპიონატმა სტარტი ალ-ბაიტის სტადიონზე აიღო. მანამდე კი ქვეყანაში ჩემპიონატის სამასპინძლოდ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათგან ყურადღების მიპყრობა იმ სტადიონებზე გვინდა, რომლებზეც საფეხბურთო ტურნირები გაიმართა და რომლებიც 1 თვის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრებს მასპინძლობდა. მთლიანობაში, მუნდიალს რვა სხვადასხვა სტადიონი მოემსახურა, რომლებიც თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის შედევრებია და უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.
„ალ-ბაიტი“ – $847 მლნ
სლოგანი: „ისიამოვნეთ თბილისი არაბული მისალმებით“
ქალაქი: ალ-ხორი
ტევადობა: 60 000
სტადიონის სახელწოდება „ბაიტ-ალ-შაარიდან“ მომდინარეობს, რაც იმ ტერიტორიის აღმნიშვნელი სახელია, რომელზეც სტადიონი მდებარეობს და სადაც მომთაბარე არაბული ტომები კატარში ყოფნის დროს ჩერდებოდნენ. სტადიონის დიზაინის ნახვისას დარწმუნდებით, რომ აქ როგორც ქვეყნისა და ტერიტორიის ისტორია და წარსული, ისე აწმყო და რეალობაა გათვალისწინებული. საინტერესოა, რომ ალ-ბაიტ-პარკზე, ანუ იქ, სადაც სტადიონი მდებარეობს, 30 მცირე ზომის საფეხბურთო მოედანი, სხვადასხვა სახის სპორტული სათამაშო და სავარჯიშო არენები, გამწვანების ვრცელი გაზონები, სარბენი და ველოსპორტისთვის განკუთვნილი ბილიკები, ცხენოსნობისა და აქლემით ჯირითისთვის განკუთვნილი სივრცეებია განთავსებული. ქვეყნის კულტურის სამინისტროსა და სხვადასხვა კულტურული საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, სტადიონზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი კულტურული ღონისძიება იმართება, რომლებიც ახალგაზრდებს ქვეყნის ისტორიას უამბობს.
„ალ-ჯანუბი“ – $700 მლნ
სლოგანი: „ფეხბურთის იალქნები ახალ ეპოქაში“
ქალაქი: ალ-ვახრა
ტევადობა: 40 000
ქალაქ ალ-ვახრას ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ზღვაოსნობასთან, სწორედ ამიტომ სტადიონის დიზაინის ხშირი ელემენტებია იალქნიანი ნავები და საზღვაო ტრანსპორტი. სტადიონის დატვირთვა ყოველ სეზონზე შეიძლება, რასაც ხელს ის ფაქტი უწყობს, რომ არენა აღჭურვილია გაგრილების ინოვაციური სისტემითა და ასაწევი სახურავით.
„ალ-თუმამა“ – $342 მლნ
სლოგანი: „კულტურითა და ტრადიციებით გაჟღენთილი ქვეყანა“
ქალაქი: დოჰა, ალ-თუმამა
ტევადობა: 40 000
ალ-თუმამას სტადიონის მთლიანი დიზაინი „გაიფას”, ანუ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები მამაკაცების ტრადიციული თავსაფრის ანალოგს წარმოადგენს. იგი რეგიონის ტრადიციული სამოსის სიმბოლოა და ასევე ღირსებასა და დამოუკიდებლობის ცნებებთან ასოცირდება.
„974“ – ღირებულება უცნობია
სლოგანი: „ამ ყველაფრის გულში ინოვაციაა“
ქალაქი: დოჰა, რას-აბუ-აბუდი
ტევადობა: 40 000
სტადიონის მშენებლობაში ფოლადის განსაკუთრებული ნედლეული დაიხარჯა და იგი როგორც ადგილობრივი ინდუსტრიული პროფესიონალიზმის ისტორიას, ასევე თანამედროვე ტენდენციებს აერთიანებს. მშენებლობის პროცესში შემცირებული იყო ხარჯები, რასაც თანამედროვე მასალების გამოყენებამ შეუწყო ხელი. ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის არენად მიჩნეული სტადიონი ერთადერთია, რომელიც ზღვისპირა ტერიტორიაზე მდებარეობს.
„ლუსაილი“ – $767 მლნ
სლოგანი: „წარსულის მემკვიდრეობა და მომავლის ხატი; ადგილი, სადაც ერთმანეთს კულტურა და სპორტი ხვდება“
ქალაქი: ლუსაილი
ტევადობა: 80 000
სტადიონის დიზაინი, როგორც ინტერიერისა, ისე ექსტერიერის, სინათლისა და ჩრდილების ცეკვით არის შთაგონებული. ეს ის არენა გახლავთ, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრას – მუნდიალის ფინალს უმასპინძლებს. სტადიონზე ასევე წარმოდგენილია არაბული სამყაროს მდიდარი ისტორიული ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ჭურჭლის, თასებისა და ხელოვნების ნიმუშების მოტივები რეგიონის ისტორიიდან.
„აჰმად ბინ ალი“ – $360 მლნ
სლოგანი: „იქ, სადაც უდაბნოს ისტორიები იწყება“
ქალაქი: უმ-ალ-აფაეი
ტევადობა: 40 000
სტადიონის ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელია მბზინავი ფასადი, რომელიც შედგება ისტორიული ნიმუშებისგან, რომლებიც წარმოადგენს ქვეყნის კულტურისა და ისტორიის სხვადასხვა ასპექტს: ოჯახის მნიშვნელობას, უდაბნოს სილამაზეს, ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას, ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობის ისტორიას. აქ განთავსებულია ყველა ის ისტორიული და კულტურული ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქ ალ-რაიანისთვის. უბანში განთავსდა მთელი რიგი სპორტული ობიექტები, მათ შორის კრიკეტისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო მოედანი, გარე სპორტული დარბაზი, საწყალოსნო ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, სკეიტ-პარკი და მძლეოსნობის ტრეკი. ასევე, არაერთი სავაჭრო ცენტრი დასასვენებელი და სარეკრეაციო სივრცეები.
„განათლების ქალაქის სტადიონი“ – $653 მლნ
სლოგანი: „შთამაგონებელი სამკაული“
ქალაქი: ალ-რაიანი
ტევადობა: 40 000
სტადიონის ფასადზე გამოსახულია სამკუთხედები, რომლებიც ბრილიანტის მსგავს გეომეტრიულ ფიგურებს ქმნიან და ისინი მზიან ამინდში ფერს იცვლიან. მიიჩნევა, რომ სტადიონი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისა და გამძლეობისაა. კატარში ელიან, რომ არენა ქვეყნის ღირებულების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი და სავიზიტო ბარათი გახდება.
„ხალიფას საერთაშორისო სტადიონი“ – $280 მლნ
სლოგანი: „სპორტული ლეგენდის აღორძინება“
ქალაქი: დოჰა, ესპაირი
ტევადობა: 40 000
განსხვავებით ტურნირის მასპინძელი სხვა სტადიონებისგან, ხალიფას საერთაშორისო სტადიონი კატარში ერთ-ერთი ყველაზე ძველია – ის 1976 წელს აშენდა. აქამდე იგი ქვეყნის მთავარ არენად მიიჩნეოდა და მანვე უმასპინძლა 2011 წლის აზიის თასის გათამაშებასა და მის ფინალურ შეხვედრას. ამ სტადიონს ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრები უკვე მიუღია, ოღონდ საკლუბო დონეზე – 2019 წლის გათამაშების ფინალური მატჩი, „ლივერპულისა” და „ფლამენგოს” მონაწილეობით სწორედ ამ არენაზე გაიმართა. განახლების შემდეგ სტადიონს 10 450 ადგილი, განათებისა და გაგრილების სისტემა დაემატა. ასევე, სტადიონის განახლებული ფასადი არაბული კულტურის ორნამენტებით არის გაფორმებული.