ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიას 40 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ალ ნასრთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, ის საუდის არაბეთის პრო-ლიგის კლუბში 2023 წლიდან თამაშობს.
Forbes-ის შეფასებით, რონალდუ 2025-26 წლების სეზონში „ალ ნასრში“ 230 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ეს თანხა, სავარაუდოდ, მოიცავს მისი კლუბის მიერ ხელშეწყობილი კომერციული შეთანხმებებიდან მიღებულ ფინანსურ სარგებელს და, რა თქმა უნდა, თამაშისთვის გადახდილ ხელფასს. თუ გავითვალისწინებთ 50 მილიონ დოლარს, რომელსაც ის პარტნიორებისგან, მათ შორის Nike-ისგან, Binance-ისა და Herbalife-ისგან მიიღებს, პორტუგალიელი ვარსკვლავი მომავალ წელს, გადასახადებისა და აგენტების საფასურის გარეშე, 280 მილიონი დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებს.
ამ შემოსავლით რონალდუ დიდი ხნის მეტოქე ლიონელ მესისთან სხვაობას კიდევ უფრო გაზრდის. მესი, რომელიც ამჟამად „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავს, ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილზეა, პროგნოზირებული 130 მილიონი დოლარის შემოსავლით.
Forbes-ის წინასწარი დათვლებით, საერთო ჯამში, მსოფლიოს ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი 2025-26 წლების სეზონში დაახლოებით 945 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, სიაში მოხვედრის ზღვარი კი 43 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. სწორედ ამ მოცულობის შემოსავლის მიღებაა ნავარაუდევი „ბარსელონას“ ახალგაზრდა ლიდერის, ლამინ იამალის შემთხვევაში, რომელიც რეიტინგის ათეულს ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ნეიმარი, რომელიც გასული წლის სიაში მესამე ადგილს იკავებდა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის სტატუსს ატარებდა, Forbes-ის წლევანდელი რეიტინგიდან საერთოდ ამოვარდა. ბრაზილიელი ვარსკვლავი 110 მილიონ დოლარს მიიღებდა, მათ შორის 80 მილიონ დოლარს საუდის არაბეთის პრო-ლიგის კლუბ „ალ ჰილალთან“ კონტრაქტიდან. თუმცა, ნეიმარი და გუნდი იანვარში კონტრაქტის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და ფეხბურთელი ბრაზილიაში ბავშვობის კლუბ „სანტოსში“ დაბრუნდა, რის გამოც ხელფასი მნიშვნელოვნად შეუმცირდა.
ივნისში ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგაც კი, რომელიც, როგორც ამბობენ, მას ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დარჩენის შესაძლებლობას მისცემს, Forbes-ის შეფასებით, ნეიმარი მიმდინარე სეზონში მხოლოდ 38 მილიონ დოლარს მიიღებს – ძირითადად მოედნის მიღმა.
რეიტინგში მესამე ადგილს ფრანგი ქარიმ ბენზემა იკავებს, რომელიც მიმდინარე სეზონში, სავარაუდოდ, 104 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ის საუდის არაბეთში, „ალ იტიჰადთან“ კონტრაქტის ბოლო წელს ატარებს. მეოთხე ადგილზე მისი თანამემამულე, მადრიდის „რეალის“ შემტევი კილიან მბაპეა, დაახლოებით 95 მილიონი დოლარის პროგნოზირებული შემოსავლით. ხუთეულს კი ერლინგ ჰაალანდი ასრულებს, რომელმაც იანვარში „მანჩესტერ სიტისთან“ ცხრაწელიწად-ნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. Forbes-ის დათვლებით, ახალი კონტრაქტი მის სავარაუდო ხელფასს და მოსალოდნელ ბონუსებს 2025-26 წლებში 60 მილიონ დოლარამდე გაზრდის, მოედნის გარეთ 20 მილიონი დოლარის შემოსავალთან ერთად.
მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი 2025-26 წლების სეზონში
#1. 280 მილიონი დოლარი
კრიშტიანუ რონალდუ
ასაკი: 40 | კლუბი: ალ ნასრი | ქვეყანა: პორტუგალია | მოედანზე: $230 მილიონი • მოედნის გარეთ: $50 მილიონი
#2. 130 მილიონი დოლარი
ლიონელ მესი
ასაკი: 38 | კლუბი: ინტერ მაიამი | ქვეყანა: არგენტინა | მოედანზე: $60 მილიონი • მოედნის გარეთ: $70 მილიონი
#3. 104 მილიონი დოლარი
კარიმ ბენზემა
ასაკი: 37 | კლუბი: ალ იტიჰადი | ქვეყანა: საფრანგეთი | მოედანზე: $100 მილიონი • მოედნის გარეთ: $4 მილიონი
#4. 95 მილიონი დოლარი
კილიან მბაპე
ასაკი: 26 | კლუბი: მადრიდის რეალი | ქვეყანა: საფრანგეთი | მოედანზე: $70 მილიონი • მოედნის გარეთ: $25 მილიონი
#5. 80 მილიონი დოლარი
ერლინგ ჰაალანდი
ასაკი: 25 | კლუბი: მანჩესტერ სიტი | ქვეყანა: ნორვეგია | მოედანზე: $60 მილიონი • მოედნის გარეთ: $20 მილიონი
#6. 60 მილიონი დოლარი
ვინისიუს ჯუნიორი
ასაკი: 25 | კლუბი: მადრიდის რეალი | ქვეყანა: ბრაზილია | მოედანზე: $40 მილიონი • მოედნის გარეთ: $20 მილიონი
#7. 55 მილიონი დოლარი
მოჰამედ სალაჰი
ასაკი: 33 | კლუბი: ლივერპული | ქვეყანა: ეგვიპტე | მოედანზე: $35 მილიონი • მოედნის გარეთ: $20 მილიონი
#8. 54 მილიონი დოლარი
სადიო მანე
ასაკი: 33 | კლუბი: ალ ნასრი | ქვეყანა: სენეგალი | მოედანზე: $50 მილიონი • მოედნის გარეთ: $4 მილიონი
#9. 44 მილიონი დოლარი
ჯუდ ბელინგემი
ასაკი: 22 | კლუბი: მადრიდის რეალი | ქვეყანა: ინგლისი | მოედანზე: $29 მილიონი • მოედნის გარეთ: $15 მილიონი
#10. 43 მილიონი დოლარი
ლამინ იამალი
ასაკი: 18 | კლუბი: ბარსელონა | ქვეყანა: ესპანეთი | მოედანზე: $33 მილიონი • მოედნის გარეთ: $10 მილიონი