ამერიკული Forbes-ის მილიარდერების ყოველთვიურ რეიტინგში ყველაზე დიდი ცვლილება მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანის სტატუსის ლარი ელისონის მიერ გადაბარებაა. Oracle-ის დამფუძნებელი ივნისის რეიტინგში მეოთხე პოზიციას იკავებდა, ახლა კი სიმდიდრით მხოლოდ პლანეტის უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს ჩამორჩება, რომელიც ამ სტატუსს 2024 წლის მაისიდან მოყოლებული არ თმობს.
Oracle-ის აქციების ფასის 32%-ით ზრდის წყალობით, კომპანიის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ივნისის დასაწყისში არსებულზე 56 მილიარდი დოლარით მდიდარია. შეგახსენებთ, Oracle-ის აქციების ღირებულებამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, მას შემდეგ, რაც კომპანიამ 11 ივნისს მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შემოსავალი და მოგება გამოაქვეყნა.
ამან ელისონის ქონება, 1 ივლისის დასაწყისის მონაცემებით, დაახლოებით 262 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რაც მას დეკემბრის შემდეგ პირველად, მსოფლიოში მეორე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. მან ივნისში Meta-ს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტოს, მარკ ცუკერბერგს და Amazon-ის დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო.
შესაბამისად, ცუკერბერგი და ბეზოსი ერთი პოზიციით დაქვეითდნენ და ამჟამად მსოფლიოში მესამე და მეოთხე უმდიდრესი ადამიანები არიან, 255 მილიარდი და 233 მილიარდი დოლარის ქონებით. რეიტინგში დაქვეითების მიუხედავად, ცუკერბერგმა ივნისში თავის ქონებას 31 მილიარდი დოლარი შემატა, რაც დიდწილად Meta-ს აქციების ფასის 14%-იანი ზრდის დამსახურებაა. აქციების ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის სფეროში რამდენიმე ახალი ინვესტიცია გამოაცხადა, მათ შორის Scale AI-ის 49%-ის 14 მილიარდ დოლარად შეძენის შესახებ.
ამავე პერიოდში, ჯეფ ბეზოსმა თავისი ქონება 13 მილიარდი დოლარით გაზარდა, რასაც ხელი Amazon-ის აქციების ღირებულების 7%-ით მატებამ შეუწყო. შედეგად, მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს შორის, ბეზოსმა თვის მეოთხე ყველაზე დიდი მოგება მიიღო.
მესამე ყველაზე დიდი მოგება Nvidia-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა მიიღო, რომლის ქონებაც ივნისში 20 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 137 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიზეზი ჩიპების მწარმოებლის აქციების ფასის 17%-ით ზრდაა, მას შემდეგ, რაც სულ მცირე ორმა ანალიტიკოსმა, ხელოვნური ინტელექტის მიმდინარე ბუმის ფონზე, კომპანიის სამიზნე ფასები გაზარდა.
ჰუანგი, რომელიც ივნისის დასაწყისში მსოფლიოში მე-11 უმდიდრეს ადამიანად მიიჩნეოდა, ერთი პოზიციით დაწინაურდა და ათეულში სწრაფი მოდის ესპანელი მაგნატი ამანსიო ორტეგა (Inditex) შეცვალა. ორტეგა, რომლის ქონებაც 4 მილიარდი დოლარით, 120 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ამჟამად მსოფლიოში მე-12 უმდიდრესი ადამიანია, მე-11 ადგილს კი მაიკლ დელი იკავებს.
ორტეგა გასული თვის ათეულში შემავალი ოთხი მილიარდერიდან ერთ-ერთია, რომლის ქონებაც ივნისის განმავლობაში შემცირდა. ყველაზე დიდი დანაკარგი კი ილონ მასკმა განიცადა, რომლის ქონებასაც 16 მილიარდი დოლარი მოაკლდა. მისი ყველაზე ღირებული აქტივის, ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს აქციების ფასი 8%-ით დაეცა, რისი უმთავრესი მიზეზიც ის არის, რომ მასკმა თვის დიდი ნაწილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაპირისპირებაში გაატარა.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი 2025 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით
#1 ილონ მასკი
ქონება: $406.5 მლრდ
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 53
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

#2 ლარი ელისონი
ქონება: $262.2 მლრდ
წყარო: Oracle
ასაკი: 80
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#3 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $254.6 მლრდ
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 41
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#4 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $233.4 მლრდ
წყარო: Amazon
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

#5 ლარი პეიჯი
ქონება: $145.9 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ
:max_bytes(150000):strip_icc():focal(734x359:736x361)/larry-page-232d495f39b4483fa35e46da226c5e9f.jpg)
#6 უორენ ბაფეტი
ქონება: $145.6 მლრდ
წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 94
საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა
მოქალაქეობა: აშშ

#7 სტივ ბალმერი
ქონება: $141.2 მლრდ
წყარო: Microsoft, LA Clippers, ინვესტიციები
ასაკი: 69
საცხოვრებელი ადგილი: ჰანტს-პოინტი, ვაშინგტონი
მოქალაქეობა: აშშ

#8 სერგეი ბრინი
ქონება: $139.5 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 51
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#9 ბერნარ არნო
ქონება: $138.4 მლრდ
წყარო: LVMH
ასაკი: 76
საცხოვრებელი ადგილი: პარიზი
მოქალაქეობა: საფრანგეთი

#10 ჯენსენ ჰუანგი
ქონება: $137.6 მლრდ
წყარო: Nvidia
ასაკი: 62
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ
