მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი (2025 წლის ივნისი)

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი (2025 წლის ივნისი)

ამერიკულმა Forbes-მა 2025 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის სია გამოაქვეყნა. ილონ მასკმა მაისში თავისი ქონება 36 მილიარდი დოლარით გაზარდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელობას ჩამოშორდა. ინვესტორების დიდი ნაწილის აზრით, DOGE-ში მუშაობისას მასკი საკუთარ კომპანიებს ყურადღებას აკლდება, დეპარტამენტის დატოვების შემდეგ კი მათში პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა. ამას დაემატა Tesla-ს განცხადება, რომ მისი რობოტაქსის ივნისში გამოშვება იყო დაგეგმილი, რამაც მასკის ყველაზე ღირებული აქტივის აქციების ფასი ბოლო თვის განმავლობაში 23%-ით გაზარდა. შედეგად, ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ღირებულების ზრდამ კიდევ უფრო განამტკიცა მასკის, როგორც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი, რომლის ქონება ივნისის დასაწყისში დაახლოებით 423 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

თუმცა მაისი ფინანსურად წარმატებული თვე მხოლოდ მასკისთვის არ ყოფილა, ამ პერიოდში ქონება სხვა მილიარდერებმაც გაზარდეს. გასულ თვეში მსოფლიოს ათი ყველაზე მდიდარი ადამიანიდან რვამ საკუთარი ფინანსური პოზიცია კიდევ უფრო გაიუმჯობესა. მეორე ყველაზე დიდი მატება Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა დააფიქსირა – მისი ქონება ერთ თვეში 34 მილიარდი დოლარით გაიზარდა. შედეგად, ცუკერბერგმა Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს გადაასწრო და მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანის სტატუსი მოიპოვა. ამასობაში Amazon-ის აქციების ფასიც 11%-ით გაიზარდა, რამაც ბეზოსის სიმდიდრე 19 მილიარდი დოლარით, 220 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონების ზრდა, აპრილის რყევების შემდეგ, Nasdaq-ისა და S&P 500-ის აღდგენას დაემთხვა – მაისში ინდექსებმა, შესაბამისად, 10% და 6%-იანი მატება დააფიქსირა. ბაზრების დასტაბილურებას ხელი შეუწყო როგორც პირველ კვარტალში ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევი მოგების მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგების ჩვენებამ, ასევე აშშ-სა და მის სავაჭრო პარტნიორებს შორის არსებული „სატარიფო ომის“ განელებამ. როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, ამას დაემატა მომხმარებელთა ნდობის ზრდა, რაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პირველად აღინიშნა.

რაც შეეხება Forbes-ის რეიტინგში მაისის თვეში დაფიქსირებულ სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს – Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი, რომელიც აპრილში მე-10 ადგილზე იყო, სიაში ერთ ადგილით დაწინაურდა. მან ესპანური მოდის მაგნატს ამანსიო ორტეგას (Inditex/Zara) გადაუსწრო და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. Microsoft-ის აქციების ფასის 16%-იანი ზრდის ფონზე ბალმერის ქონება 15 მილიარდი დოლარით გაიზარდა და თვის დასაწყისში 133 მილიარდად იყო შეფასებული. პარალელურად, ორტეგას ქონებამ უმნიშვნელოდ, 600 მილიონი დოლარით მოიმატა და 124 მილიარდ დოლარს შეადგენს, რადგან Inditex-ის აქციების ღირებულება თითქმის უცვლელი დარჩა.

თუმცა მაისში ყველა მილიარდერს არ გაუმართლა – Berkshire Hathaway-ის აქციების ფასის 5%-იანმა ვარდნამ უორენ ბაფეტის ქონება 9 მილიარდი დოლარით შეამცირა, რის შედეგადაც ის 158 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც 94 წლის ლეგენდარულმა ინვესტორმა თვის დასაწყისში განაცხადა, რომ წლის ბოლოს CEO-ის პოსტიდან გადადგომას გეგმავს. ასევე შემცირდა მდიდრული ფრანგული ბრენდების კონგლომერატის ხელმძღვანელის, ბერნარ არნოს ქონებაც – LVMH-ის აქციების ფასის 2%-იანი ვარდნის შედეგად, მისმა ქონებამ 3 მილიარდით იკლო და 144 მილიარდს შეადგენს.

საერთო ჯამში, მსოფლიოს ათმა უმდიდრესმა ადამიანმა ივნისი 1.9 ტრილიონი დოლარით დაიწყო – რაც მაისის დასაწყისიდან მოყოლებული, 140 მილიარდი დოლარით ზრდას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, ამერიკული Forbes-ი მილიარდერების ქონებას 1987 წლიდან აკვირდება. გამოცემის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული წლიური სიის თანახმად, 2025 წლის აპრილში მსოფლიოში 3,028 მილიარდერი იყო.

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი 2025 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით

#1 ილონ მასკი
ქონება: $423 მლრდ
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 53
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

Andrew Harnik/Getty Images

#2 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $224 მლრდ
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 41
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

AFP via Getty Images

#3 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $220 მლრდ
წყარო: Amazon
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

Joe Klamar / AFP – Getty Images

#4 ლარი ელისონი
ქონება: $206 მლრდ
წყარო: Oracle
ასაკი: 80
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Phillip Faraone—Getty Images

#5 უორენ ბაფეტი
ქონება: $158 მლრდ
წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 94
საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა
მოქალაქეობა: აშშ

Gerald Miller | CNBC

#6 ბერნარ არნო
ქონება: $144 მლრდ
წყარო: LVMH
ასაკი: 76
საცხოვრებელი ადგილი: პარიზი
მოქალაქეობა: საფრანგეთი

AFP via Getty Images

#7 ლარი პეიჯი
ქონება: $142 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Photo: Shutterstock

#8 სერგეი ბრინი
ქონება: $136 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 51
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Getty Images

#9 სტივ ბალმერი
ქონება: $133 მლრდ
წყარო: Microsoft, LA Clippers, ინვესტიციები
ასაკი: 69
საცხოვრებელი ადგილი: ჰანტს-პოინტი, ვაშინგტონი
მოქალაქეობა: აშშ

Mark Lennihan / AP

#10 ამანსიო ორტეგა
ქონება: $124 მლრდ
წყარო: Inditex
ასაკი: 89
საცხოვრებელი ადგილი: ლა-კორუნია, ესპანეთი
მოქალაქეობა: ესპანეთი

vh.ma