გასულ თვეში, როდესაც აშშ-ის საფონდო ბირჟის ინდექსებმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია, პლანეტის 10 უმდიდრესი ადამიანის ერთობლივი ქონება მხოლოდ 1%-ით, 21 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 2.13 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. როგორც ამერიკული Forbes-ი განმარტავს, მოკრძალებული ზრდის მიზეზი ის ფაქტი იყო, რომ აგვისტო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის არაერთგვაროვანი თვე აღმოჩნდა, ექვსი მათგანი კიდევ უფრო გამდიდრდა, ოთხის ქონება კი შემცირდა.
ყველაზე დიდი მოგება Alphabet-ის თანადამფუძნებლებმა, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა მიიღეს, რომელთა ქონებაც, შესაბამისად, 20.3 მილიარდი აშშ დოლარითა და 15.1 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ Google-ის მშობელი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 9%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. შედეგად, პეიჯი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-5 ადგილზე დარჩა, ხოლო ბრინი ერთი საფეხურით დაწინაურდა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ Google-ის თანადამფუძნებელმა Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის ადგილი დაიკავა, რომელიც მე-9 ადგილზე დაქვეითდა. ჰუანგის ქონება 3.5 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. Nvidia-ს აქციების ღირებულება აგვისტოს ბოლო დღეს 3%-ზე მეტით შემცირდა, როგორც ვარაუდობენ, ჩინური Alibaba-ს მიერ საკუთარი ჩიპის შემუშავების შესახებ განცხადების მიზეზით. ჩინეთი Nvidia-სთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, ადგილობრივი კომპანიის სახით კონკურენტის გაჩენამ კი შესაძლოა მისი გაყიდვები შეამციროს.
აგვისტოს თვეში ყველაზე დიდი დანაკარგი, ივლისის თვეში ყველაზე მეტად გამდიდრებულმა ლარი ელისონმა განიცადა. Oracle-ის თანადამფუძნებელმა თითქმის 29 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა, ივლისში 37 მილიარდი აშშ დოლარის მიღების შემდეგ. მისი პროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების კომპანიის აქციების ფასი გასულ თვეში თითქმის 10%-ით შემცირდა.
ბერნარ არნომ, ერთადერთმა არაამერიკელმა 10 უმდიდრეს ადამიანს შორის, მე-10 პოზიციიდან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. მისი ქონება 11.2 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ნაწილობრივ LVMH-ის მოგების მდგრადობის შედეგია.
ზედიზედ მე-16 თვეა, ილონ მასკი პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ტიტულს ინარჩუნებს. 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, მასკის ქონება 415.6 მილიარდი აშშ დოლარია, რაც გასულ თვესთან შედარებით 14.4 მილიარდი დოლარით მეტია. ცნობისთვის, მასკსა და მეორე ადგილზე მყოფ ელისონს შორის სხვაობა 144.7 მილიარდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი 2025 წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით
#1 ილონ მასკი
ქონება: $415.6 მლრდ
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 53
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

#2 ლარი ელისონი
ქონება: $270.9 მლრდ
წყარო: Oracle
ასაკი: 80
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#3 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $253 მლრდ
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 41
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#4 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $240.9 მლრდ
წყარო: Amazon
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

#5 ლარი პეიჯი
ქონება: $178.3 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ
:max_bytes(150000):strip_icc():focal(734x359:736x361)/larry-page-232d495f39b4483fa35e46da226c5e9f.jpg)
#6 სერგეი ბრინი
ქონება: $165.9 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 51
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#7 ბერნარ არნო
ქონება: $154.1 მლრდ
წყარო: LVMH
ასაკი: 76
საცხოვრებელი ადგილი: პარიზი
მოქალაქეობა: საფრანგეთი

#8 სტივ ბალმერი
ქონება: $151.3 მლრდ
წყარო: Microsoft, LA Clippers, ინვესტიციები
ასაკი: 69
საცხოვრებელი ადგილი: ჰანტს-პოინტი, ვაშინგტონი
მოქალაქეობა: აშშ

#9 ჯენსენ ჰუანგი
ქონება: $150.4 მლრდ
წყარო: Nvidia
ასაკი: 62
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#10 უორენ ბაფეტი
ქონება: $150.4 მლრდ
წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 95
საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა
მოქალაქეობა: აშშ
