გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილების მიმღები ქსელმა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. ანგარიში 150-ზე მეტ ქვეყანაში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობითაა შედგენილი და გასული სამი წლის ცხოვრების საშუალო შეფასების საფუძველზე იმ სახელმწიფოებს გამოავლენს, სადაც მოსახლეობის ბედნიერების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.
World Happiness Report-ის რეიტინგით, ზედიზედ უკვე მეექვსე წელია, რაც მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნის სტატუსს ფინეთი ინარჩუნებს. სკანდინავიური ქვეყანა მის მეზობელ სახელმწიფოებთან, დანიასთან, ისლანდიასთან, შვედეთთან და ნორვეგიასთან ერთად, სწორედ იმ ინდიკატორებს წარმოადგენს, რომელთა საფუძველზეც გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილების მიმღები ქსელი ბედნიერი ქვეყნების რეიტინგს ადგენს. მათ შორისაა: ცხოვრების ხანგრძლივობა, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, კორუფციის დაბალი მაჩვენებელი, მოსახლეობის ერთმანეთზე ზრუნვისა და გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების მაჩვენებელი.
მსოფლიო ბედნიერების შესახებ გაეროს ბოლო მოხსენება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. პანდემიამდელ დონესთან შედარებით, კეთილგანწყობის მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ითაა გაზრდილი. World Happiness Report-ის ერთ-ერთ ავტორ ჯონ ჰელიველის განცხადებით, სხვების მიმართ კეთილგანწყობა, განსაკუთრებით კი უცხო ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენა მკვეთრად გაიზარდა 2021 წელს და 2022 წელსაც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა.
რაც შეეხება გაეროს ანგარიშში წარმოდგენილ სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ისრაელის დაწინაურება, რომელმაც გასული წლის მეცხრე პოზიციიდან, წლევანდელ რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ისრაელისა და ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა კი ათეულში შევხვდებით ნიდერლანდებს, შვეიცარიას, ლუქსემბურგსა და ახალ ზელანდიას.
ბედნიერი ქვეყნების სიის დასასრულს, 137-ე პოზიციით, ავღანეთია წარმოდგენილი, რომელსაც მხოლოდ ერთი რანგით უსწრებს ლიბანი. აღნიშნულ ქვეყნებში ცხოვრების საშუალო შეფასება ხუთი პუნქტით უფრო დაბალია (0-დან 10-მდე სკალაზე) ვიდრე რეიტინგის წამყვან ათ ყველაზე ბედნიერ ქვეყანაში.
რეიტინგის ყველაზე საინტერესო ფიგურებს კი, გასული წლის თებერვალში დაწყებული ომიდან გამომდინარე, რუსეთი და უკრაინა წარმოადგენენ. რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინაში კეთილდღეობის მაჩვენებელზე გავლენა მართლაც იქონია, თუმცა, ანგარიშის მტკიცებით, „მიუხედავად უკრაინისთვის მიყენებული ზიანის სიდიდისა, 2022 წლის სექტემბერში, ცხოვრების შეფასება უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2014 წლის ანექსიის შემდგომ. აღნიშნული მაჩვენებელი საერთო მიზნისადმი რწმენით, კეთილგანწყობითა და უკრაინის ხელმძღვანელობისადმი ნდობითაა განპირობებული“.
გაეროს ანგარიშის მიხედვით, მთავრობისადმი ნდობა გაზრდილია ორივე ქვეყანაში, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში, თუმცა ამ უკანასკნელში ნდობა გაცილებით მაღალია. საინტერესოა ისიც, რომ რუსეთში მცხოვრები უკრაინელების მხარდაჭერა ხელისუფლების მიმართ ნულამდეა შემცირებული. გაეროს რეიტინგში, რუსეთი 70-ე, უკრაინა კი 92-ე პოზიციებს იკავებს.
ხოლო რაც შეეხება საქართველოს, გაეროს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში, ცხოვრების საშუალო შეფასების 5.1-ქულიანი მაჩვენებლით, ქვეყანა 90-ე პოზიციაზეა. საქართველოს რეიტინგში 79-ე ადგილით უსწრებს მეზობელი სომხეთი, ხოლო თურქეთი 106-ე პოზიციითაა წარმოდგენილი.
წარმოგიდგენთ ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ოცეულს:
- ფინეთი – 7.8 ქულა
- დანია – 7.59 ქულა
- ისლანდია – 7.53 ქულა
- ისრაელი – 7.47 ქულა
- ნიდერლანდები – 7.4 ქულა
- შვედეთი – 7.39 ქულა
- ნორვეგია – 7.31 ქულა
- შვეიცარია – 7.24 ქულა
- ლუქსემბურგი – 7.23 ქულა
- ახალი ზელანდია – 7.12 ქულა
- ავსტრია – 7.097 ქულა
- ავსტრალია – 7.095 ქულა
- კანადა – 6.96 ქულა
- ირლანდია – 6.91 ქულა
- ამერიკის შეერთებული შტატები – 6.894 ქულა
- გერმანია – 6.892 ქულა
- ბელგია – 6.859 ქულა
- ჩეხეთის რესპუბლიკა – 6.85 ქულა
- გაერთიანებული სამეფო – 6.8 ქულა
- ლიეტუვა – 6.76 ქულა