ფოტო: Getty Images
Numbeo-მ ცხოვრების ღირებულების ინდექსის 2026 წლის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქონლის, მომსახურებისა და ქირის ფასებს ნიუ-იორკთან შედარებით (საბაზისო 100 ქულა) ზომავს. მაგალითად, თუ ქვეყანას ინდექსში 80 ქულა აქვს მინიჭებული, ეს მიუთითებს, რომ იქ ფასები 20%-ით დაბალია, ვიდრე ნიუ-იორკში.
ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, 2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნების სათავეში ბერმუდის კუნძულებია (123.5 ქულა). ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც დიდწილად შემოსავლიან ინდუსტრიებზეა დაფუძნებული, მათ შორისაა: ოფშორული ფინანსები, უძრავი ქონება და ტურიზმი. ეს სექტორები მდიდარ მაცხოვრებლებსა და ინვესტორებს იზიდავს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ცხოვრების ღირებულების თვალსაზრისით, ყველაზე ძვირი ადგილების უმეტესობა კუნძულებია და ხშირად საგადასახადო თავშესაფრების ან ფინანსური ცენტრების სტატუსს ატარებს. მაგალითად, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები, ჯერსი და კაიმანის კუნძულები ცხოვრების ღირებულების ინდექსის ტოპ-10-ში შედიან. ეს უკანასკნელი 97.9 ქულით სიაში მეორე პოზიციაზეა. სიმდიდრის მაღალი კონცენტრაცია, იმპორტზე ძლიერ დამოკიდებულებასთან ერთად, ამ ქვეყნებში ფასების ზრდას უწყობს ხელს.
მესამე პოზიციაზე ევროპული ქვეყანა შვეიცარიაა, რომელსაც 84.3 ქულა აქვს მინიჭებული. ამ ქვეყანას მაღალი ხელფასები, პრემიუმ უძრავი ქონების ბაზარი და ცხოვრების მაღალი სტანდარტი გამოარჩევს, თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იქ სამომხმარებლო ფასები გაცილებით მაღალია. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში მდებარე ციურიხი 2026 წლისთვის ყველაზე ძვირ ქალაქად დასახელდა.
აზიაში ცხოვრების ყველაზე მაღალი ღირებულებით სინგაპური გამოირჩევა, რომელიც მსოფლიო სიაში მეხუთე ადგილზეა. მიწის შეზღუდულმა ხელმისაწვდომობამ უძრავი ქონების მაღალი ფასები გამოიწვია, ხოლო ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულებამ (საკვების დაახლოებით 90%) ხარჯებზე დამატებითი ზეწოლა მოახდინა.
ცხოვრების ღირებულების ინდექსის 56.3 ქულით აშშ მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. შედარებისთვის, 2026 წელს გლობალური საშუალო ინდექსის ქულა 30.8-ს შეადგენს.
| ადგილი | ქვეყანა | ცხოვრების ღირებულების ინდექსი (2026) |
|---|---|---|
| 1 | ბერმუდა | 123.5 |
| 2 | კაიმანის კუნძულები | 97.9 |
| 3 | შვეიცარია | 84.3 |
| 4 | აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები | 82.5 |
| 5 | სინგაპური | 81.2 |
| 6 | ბაჰამის კუნძულები | 77.1 |
| 7 | ისლანდია | 75.9 |
| 8 | ჯერსი | 72.5 |
| 9 | ჰონგ-კონგი | 69.8 |
| 10 | სოლომონის კუნძულები | 65.4 |








