მსოფლიოს  ყველაზე გრძელი წყალქვეშა ენერგო ამოქმედდა

მსოფლიოს  ყველაზე გრძელი წყალქვეშა ენერგო ამოქმედდა

მსოფლიოს ყველაზე გრძელი წყალქვეშა ენერგოსადენი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს და ნორვეგიას აკავშირებს, უკვე ფუნქციონირებს. 720-კილომეტრიანი North Sea Link-ი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ მდებარე ნორზამბერლენდისა და ნორვეგიის სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორიებს შორისაა მოქცეული.

წყალქვეშა ენერგოსადენი North Sea Link-ი 2030 წლისთვის გაერთიანებულ სამეფოში ნახშირბადის ემისიას 23 მილიონი ტონით შეამცირებს. საწყის ეტაპზე North Sea Link-ის მაქსიმალური მოცულობა 700 მეგავატს შეადგენს, თუმცა დაახლოებით სამი თვის ვადაში მისი გაზრდა 1,400 მეგავატამდე იგეგმება.

მსოფლიოს ყველაზე გრძელი წყალქვეშა ენერგოსადენის პროექტზე გაერთიანებული სამეფოს National Grid-ი ნორვეგიის Statnett-თან ერთად მუშაობდა. ორგანიზაციების განცხადებით, North Sea Link-ი 1,4 მილიონი სახლისთვის საკმარის სუფთა ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და შემდეგი გეგმით იმოქმედებს: გაერთიანებულ სამეფოში ქარის მაღალი გამომუშავებისა და ენერგიის დაბალი მოთხოვნის შემთხვევაში, ქვეყნისთვის ზედმეტი განახლებადი ენერგია ნორვეგიას გადაეცემა რეზერვუარებში წყლის დასაზოგად. თუმცა, როდესაც გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ქარის ენერგია არასაკმარისი იქნება და მოთხოვნა ენერგიაზე, პირიქით, გაიზრდება, ქვეყანა ნორვეგიიდან ჰიდროენერგიის იმპორტირებას მოახდენს.

სახელმწიფო სტატისტიკის მიხედვით, ნორვეგიის ელექტროენერგიის 98% განახლებადი ენერგორესურსებიდან მიიღება, საიდანაც 96% ჰიდროენერგიაზე მოდის, 2% კი – ქარისა და თერმულ ენერგიაზე. Statnett-ის კიდევ ერთი დამაკავშირებელი მილსადენი  ნორვეგიასა და გერმანიას შორის გასული ზამთრიდან მოქმედებს. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით განახლებადი ენერგიის წარმოება 10%-ით ნაკლებია, რაც ძირითადად ქარის სიჩქარის შემცირებამ და არახელსაყრელმა ამინდმა გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში წიაღისეულის საწვავი მთლიან ელექტროენერგიაში განახლებად რესურსებზე დიდ წილს იკავებდა.

მსოფლიოში ყველაზე გრძელ, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის დამაკავშირებელი ენერგოსადენით, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, 100 მილიარდ ტონამდე ნახშირბადი დაიზოგება. North Sea Link-ი 2030 წლისთვის ელექტროენერგიის ნულოვანი ნახშირბადის წყარო გახდება. 1,9 მილიარდი ევროს ღირებულების North Sea Link-ი ექვსი წლის განმავლობაში შენდებოდა.