Numbeo-მ ცხოვრების ღირებულების ინდექსის 2025 წლის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქონლის, მომსახურებისა და ქირის ფასებს ნიუ-იორკთან შედარებით (საბაზისო 100) ზომავს. მაგალითად, თუ ქვეყანას ინდექსში 80 ქულა აქვს მინიჭებული, ეს მიუთითებს, რომ იქ ფასები 20%-ით დაბალია, ვიდრე ნიუ-იორკში.
ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, 2025 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე იაფი ქვეყნის სტატუსს პაკისტანი და ლიბია იყოფს – ორივე მათგანს 11.3 ქულა აქვს მინიჭებული. ცხოვრების ღირებულების მიხედვით, მათთან ახლოს არის ავღანეთი, რომელსაც 11.6 ქულა და იაფ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ამ ქვეყნებში ცხოვრება ნიუ-იორკზე დაახლოებით 88-90%-ით უფრო იაფია.
სამხრეთ აზიის დიდ ნაწილში, მათ შორის ინდოეთში (12.8) და ბანგლადეშში (13.0), ფასები ნიუ-იორკში არსებულ ფასებთან შედარებით ერთი მერვედით ნაკლებია. ეს ქვეყნები ახალგაზრდა მოსახლეობის დიდი რაოდენობით და შედარებით დაბალი ხელფასებით გამოირჩევა, რაც შრომისა და მომსახურების ღირებულებას დაბალ დონეზე ტოვებს.
მსოფლიოს 10 ყველაზე იაფი ქვეყანა:
| ადგილი | ქვეყანა | ინდექსი |
|---|---|---|
| 143 | პაკისტანი | 11.3 |
| 142 | ლიბია | 11.3 |
| 141 | ავღანეთი | 11.6 |
| 140 | ინდოეთი | 12.8 |
| 139 | ეგვიპტე | 12.8 |
| 138 | ბანგლადეში | 13.0 |
| 137 | ნეპალი | 14.2 |
| 136 | სირია | 15.0 |
| 135 | მადაგასკარი | 15.4 |
| 134 | ირანი | 16.2 |
რაც შეეხება ყველაზე ძვირ ქვეყნებს, სიის სათავეში კაიმანის კუნძულებია (94.3). ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც დიდწილად შემოსავლიან ინდუსტრიებზეა დაფუძნებული, მათ შორისაა: ოფშორული ფინანსები, უძრავი ქონება და ტურიზმი. ეს სექტორები მდიდარ მაცხოვრებლებსა და ინვესტორებს იზიდავს. საცხოვრებელსა და მომსახურებაზე მაღალი მოთხოვნა კი კაიმანის კუნძულებზე ცხოვრების ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის.
სიაში მეორე და მესამე პოზიციაზე ევროპისა და აზიის ძლიერი ეკონომიკები, შვეიცარია (82.3) და სინგაპური (80.9) არიან. ამ ქვეყნებს განვითარებული ეკონომიკა, მაღალი ხელფასები, პრემიუმ უძრავი ქონების ბაზარი და ცხოვრების მაღალი სტანდარტი გამოარჩევს, თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იქ სამომხმარებლო ფასები გაცილებით მაღალია.
აღსანიშნავია, რომ ცხოვრების ღირებულების 2025 წლის ინდექსში საქართველო 97-ე ადგილს იკავებს. მას, მონღოლეთის მსგავსად, 23.2 ქულა აქვს მინიჭებული. თუ სიას იაფი ქვეყნების მიხედვით, ფასების ზრდით დავალაგებთ, საქართველო მონღოლეთთან 45-ე პოზიციას გაიყოფს. Numbeo-ს მონაცემების თანახმად, საქართველოში ცხოვრება თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანაზე იაფია. ამავე ინდექსში რუსეთს 26.5 ქულა აქვს მინიჭებული, თურქეთს – 27.9, სომხეთს – 29.7, ხოლო აზერბაიჯანს – 20.7.








