წელს, უკვე მეოცედ, მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანი დასახელდა. ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული რეიტინგი ლონდონში შედგა.
იდეა, შედგენილიყო იმ ადგილების სია, სადაც მსოფლიოში საუკეთესო საჭმელი მზადდება, ბრიტანეთში, საკვებისა და რესტორნების მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტებს გაუჩნდათ. დაჯილდოების პირველი ცერემონია 2003 წელს ლონდონში გაიმართა. კონცეფცია მარტივი იყო და ასეთივე დარჩა: ანონიმური ექსპერტები მთელი მსოფლიოდან კვების ამა თუ იმ გასტრონომიულ სივრცეს ხმას კონფიდენციალურად აძლევენ, შემდეგ კი შედეგები ჯამდება. დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და ნამდვილი დღესასწაულია. ის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. ლონდონთან ერთად, უკვე გაიმართა ნიუ-იორკში, მელბურნში, ბილბაოში, სინგაპურსა და ანტვერპენში.
მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის რეიტინგში მოხვედრა დღეს ყველაზე საპატიო აღიარებად მიიჩნევა. ეს რეიტინგი რესტორნისთვის პრესტიჟულობით მიშლენის ვარსკვლავის ფლობასაც კი აღემატება. ამას თავისი მიზეზი აქვს: თუ მიშლენის საოცნებო ვარსკვლავი თავის თავში კონსერვატიულობას, კონკრეტულ ჩარჩოებს გულისხმობს, მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის რეიტინგში მოსახვედრად მსგავსი წინაპირობები არ არსებობს. ბრიტანელებს, რომლებმაც ეს რეიტინგი დაახლოებით ოცი წლის წინ შექმნეს, არანაირი შეზღუდვა არა აქვთ. აქ უმთავრესი პირობა – კრეატიულობაა. არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რასაც გასტრონომიული სივრცე უნდა მოერგოს.
ამ რეიტინგის შესადგენად მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის დაჯილდოების ორგანიზატორებს ყოველწლიურად 1000-ზე მეტი შემფასებელი ჰყავთ. ისინი უკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებულ ადამიანებს, რომლებმაც რეალურად კარგად იციან თავიანთი საქმე და იწვევენ მათ შემფასებლებად.
მთელ ამ პროცესში ზედმიწევნით დაცულია გენდერული ბალანსიც: მაგალითად, ღონისძიება ერთდროულად მიჰყავთ ქალს და მამაკაცს; სამზარეულოშიც მზარეულებს ანალოგიურად ასაქმებენ. . ამას რესტორნის შეფასებისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სწორედ ამ ყველაფერზე ორიენტირებულობამ და უშუალობამ გახადა ეს რეიტინგი ასეთი პოპულარული. დღეს ნებისმიერ შეფ-მზარეულს ურჩევნია, ამ რეიტინგში მოხვდეს, ვიდრე თუნდაც მიშლენის 3 ვარსკვლავი ჰქონდეს. მეტიც, არიან ისეთებიც, ვინც სხვადასხვა მიზეზით, თავის დროზე მიღებული მიშლენის ვარსკვლავი დააბრუნა, მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანს შორის მოხვედრა კი მიზნად აქვს ქცეული.
ევროპაში მაღალი კლასის რესტორნები კულტურის ნაწილია, იქ ყველამ იცის ამ რეიტინგის შესახებ, საშუალო და მაღალი შეძლების მომხმარებლები სწორედ ამ პლატფორმას იყენებენ როგორც უტყუარ რეკომენდაციას. შედიან ვებგვერდზე და ამის მიხედვით ირჩევენ რესტორანს. უფრო მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, მაგალითად, სინგაპურში ამ რეიტინგის 100-ეულში 93-ე ადგილზე მოხვდა ერთ-ერთი რესტორანი და მან იმ წელს 650 პროცენტით მეტი ივაჭრა, ვიდრე სხვა წლებში, არადა, ეს რესტორანი უკვე 12 წლის გახსნილი იყო.
ცალკე სალაპარაკოა დაჯილდოების ცერემონიაც. ალბათ არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ სანახაობას სათანადოდ აღწერს. მე ამ ღონისძიებას სინგაპურში ვესწრებოდი და ეს იყო ყველაზე ძვირად ღირებული, ყველაზე შთამბეჭდავი შოუ, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინო. ცალკე პლანეტა!
იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოში ტურიზმი ისე განვითარდება, რომ ფინანსურად შეძლებული ქვეყნებიდან მეტი და მეტი სტუმარი გვეყოლება და გაჩნდება მოთხოვნა – გაიხსნას ისეთი გასტრონომიული სივრცეები, რომლებიც მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანს შორის მოხვდება.