გასული წლის ავიაკატასტროფების შემდეგ ავიაკომპანიებისა და მათი ფლოტის უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურ თემად იქცა. 2025 წლის 12 ივნისს Air India-ს კუთვნილ ბოინგ 787-ზე მომხდარ კატასტროფას 260 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, წლის დასაწყისში American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
მიუხედავად ტრაგიკული ავიაკატასტროფებისა, დარგის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავით მგზავრობა კვლავ ყველაზე უსაფრთხოა. უფრო მეტიც, მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიებს შორის განსხვავება ახლა ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე წარსულში.
2026 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი AirlineRatings.com-მა გამოაქვეყნა. ანგარიში ჯამში 320 კომპანიას მოიცავს და ორ ინდივიდუალურ რეიტინგს ადგენს: მსოფლიოში სრული სერვისის მქონე ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები და ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები.
AirlineRatings.com-ი რეიტინგის შედგენისას რამდენიმე ძირითად ფაქტორს ეყრდნობა, მათ შორისაა: ინციდენტებისა და ავარიების მაჩვენებლები, პილოტების მომზადება, საერთაშორისო უსაფრთხოების აუდიტი და ავიაკომპანიების გამჭვირვალობა.
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია ფლოტის ასაკიც. ასევე, წელს AirlineRatings.com-ი უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ტურბულენტობის გავლენას მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოებაზე და მის პრევენციას. შეფასების დამატებით ფაქტორებს შორისაა ICAO-ს ქვეყნების აუდიტი, ფინანსური სტაბილურობა და ავიაკომპანიის უსაფრთხო ოპერირების ხანგრძლივობა.
AirlineRatings.com-ის თანახმად, წელს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო სრული სერვისის ავიაკომპანია Etihad-ია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სპარსეთის ყურის ავიაკომპანიამ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. რეიტინგის ავტორების განცხადებით, Etihad-ის შედეგებზე ძირითადი გავლენა რამდენიმე ფაქტორმა იქონია: ახალგაზრდა ფლოტმა, კაბინის უსაფრთხოების მაჩვენებელმა, ტურბულენტობის მართვის შესანიშნავმა უნარმა, ავარიების ნულოვანმა ისტორიამ და სიაში შემავალ ავიაკომპანიებს შორის ფრენისას ინციდენტების ყველაზე დაბალმა მაჩვენებელმა.
რეიტინგში მეორე ადგილს Cathay Pacific-ი იკავებს, მესამეზე კი 2023 წლის ლიდერი Qantas-ია. ხუთეულს Qatar-ი და Emirates-ი ასრულებენ. პეტერსენის შეფასებით, ათეულის წევრებს შორის განსხვავება ძალიან მცირეა და შესაძლოა ის დროც ახლოს იყოს, როდესაც დანომრილი სია აღარ იქნება აქტუალური. აღსანიშნავია, რომ წინა წლების ლიდერი Air New Zealand-ი წლევანდელ რეიტინგში მეექვსე ადგილზეა. პეტერსენი ამას მჭიდრო კონკურენციით ხსნის და დასძენს, რომ პირველი ადგილისგან მათ მხოლოდ ინციდენტების მაჩვენებელი, ფლოტის ასაკი და მიწოდების ჯაჭვის არასტაბილურობა აშორებთ.
რაც შეეხება 2026 წლის ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, რეიტინგში პირველ ადგილზე კვლავ HK Express-ია. ავიაკომპანიას ინციდენტების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, მართავს ახალგაზრდა ფლოტს და აუდიტის დროს ეკიპაჟის უსაფრთხოების შემოწმების თანამიმდევრულობით გამოირჩეოდა.
საინტერესოა ისიც, რომ წელს პირველად რეიტინგში ჩინეთის გადამზიდავი კომპანია, Spring Airlines China.
ყველაზე უსაფრთხო სრული სერვისის ავიაკომპანიების ათეული
Etihad – არაბთა გაერთიანებული საამიროები
Cathay Pacific – ჰონგ-კონგი
Qantas – ავსტრალია
Qatar Airways – კატარი
Emirates – არაბთა გაერთიანებული საამიროები
Air New Zealand – ახალი ზელანდია
Singapore Airlines – სინგაპური
EVA Air – ტაივანი
Virgin Australia – ავსტრალია
Korean Air – სამხრეთი კორეა
ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ათეული
HK Express – ჰონგ-კონგი
Jetstar Australia – ავსტრალია
Scoot – სინგაპური
FlyDubai – არაბთა გაერთიანებული საამიროები
easyJet Group – გაერთიანებული სამეფო
Southwest Airlines – აშშ
airBaltic – ლატვია
VietJet Air – ვიეტნამი
Wizz Air Group – უნგრეთი
AirAsia Group – მალაიზია













