ბოლო წლებში მსოფლიოს დიდ ქალაქებში ბინის ქირის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. ამაზე ძირითადი გავლენა საცხოვრებელი უძრავი ქონების რეკორდულად გაძვირებამ, ასევე დისტანციურად მომუშავეთა ახალ ბაზრებზე გადასვლამ იქონია, რასაც, მშენებლობის ხარჯების ზრდის პარალელურად, მიწოდების შემცირებაც დაერთო თან.
Deutsche Bank-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გაგაცნობთ ქალაქებს, სადაც ბინების დაქირავება ყველაზე ძვირი ჯდება. საფასო მაჩვენებლები ნომინალურ აშშ დოლარშია მოცემული.
მონაცემების თანახმად, წელს ბინის დაქირავება ყველაზე ძვირი ნიუ-იორკშია. ერთსაძინებლიანი საცხოვრებლების თვიური ქირის ღირებულება ქალაქის ცენტრში საშუალოდ $4,143-ს შეადგენს, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
პანდემიის დროს მუშახელის გადინების მიუხედავად, მაღალი მოთხოვნის, მდიდარი კულტურული ცხოვრებისა და ქალაქის ფინანსურ ცენტრად პოზიციონირების გავლენით ნიუ-იორკში ფასები მაინც არ შემცირებულა.
მეორე ადგილზე ასევე აშშ-ში მდებარე ქალაქია – ბოსტონი, სადაც ერთსაძინებლიანი ბინის ქირის ღირებულება თვეში საშუალოდ $3,394-ს აღწევს. ბოსტონში, მიწისა და სამშენებლო მასალების გაზრდილი ხარჯის გამო, ახალი ბინების მშენებლობის მაჩვენებლი შემცირებულია, დაბალი მიწოდება კი ფასების ზრდას უწყობს ხელს.
სამეულს კიდევ ერთი ამერიკული ქალაქი, სან-ფრანცისკო ასრულებს. იქ ერთსაძინებლიანი საცხოვრებლების თვიური ქირა საშუალოდ $3,332 ჯდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან სან-ფრანცისკოში ქირის ღირებულება მხოლოდ 1%-ით არის გაზრდილი.
ათეულში სულ ოთხი ამერიკული ქალაქია. ზემოთ ნახსენებ სამეულს ლოს-ანჯელესიც ემატება, რომელიც ქირის სიძვირის მიხედვით მეშვიდე ადგილს იკავებს. ამ ქალაქში, ხუთწლიან ჭრილში, ბინის ქირა 17%-ით არის გაძვირებული.
ათეულში შესული ქალაქებიდან გასული ხუთი წლის განმავლობაში ბინის ქირის ღირებულება ყველაზე მეტად სინგაპურსა და დუბაიში გაიზარდა. კერძოდ, პირველის შემთხვევაში ზრდამ 55% შეადგინა, არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქში კი ბინის დაქირავება 54%-ით გაძვირდა.
10 ქალაქი, სადაც ბინის დაქირავება ყველაზე ძვირია
ადგილი | ქალაქი | ქვეყანა | თვიური ქირა | 5-წლიანი ცვლილება |
1 | ნიუ-იორკი | აშშ | $4,143 | 22% |
2 | ბოსტონი | აშშ | $3,394 | 25% |
3 | სან-ფრანცისკო | აშშ | $3,332 | 1% |
4 | სინგაპური | სინგაპური | $3,167 | 55% |
5 | ლონდონი | დიდი ბრიტანეთი | $2,985 | 39% |
6 | ციურიხი | შვეიცარია | $2,720 | 35% |
7 | ლოს-ანჯელესი | აშშ | $2,613 | 17% |
8 | დუბაი | არაბთა გაერთ. საამიროები | $2,401 | 54% |
9 | დუბლინი | ირლანდია | $2,378 | 26% |
10 | ამსტერდამი | ნიდერლანდები | $2,358 | 32% |