მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები დისტანციური მუშაობისა და მოგზაურობისთვის

მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები დისტანციური მუშაობისა და მოგზაურობისთვის

Icelandair-მა დისტანციური მუშაობისა და მოგზაურობისთვის საუკეთესო ქალაქების ათეული გამოავლინა. Icelandair-ის ანალიზი, ტურისტული ღირსშესანიშნაობების გარდა ისეთ ინდიკატორებს ითვალისწინებს, როგორიცაა ქალაქის ცხოვრების ხარისხი (საცხოვრისის ღირებულება, უსაფრთხოება, ჯანდაცვაზე წვდომა), მუშაობისთვის ხელშემწყობი ფაქტორები (ინტერნეტის სიჩქარე, საშუალო სამუშაო საათები), კლიმატური და გარემო ფაქტორები და ბოლოს, გაეროს მსოფლიო ბედნიერების ანგარიში.

Icelandair-ის ბოლო კვლევის თანახმად, საუკეთესო ქალაქი ერთდროულად დასასვენებლად და დისტანციურად სამუშაოდ მისურის შტატის კანზას-სიტი აღმოჩნდა. კანზას-სიტი ცნობილია ჯაზით, რომზე მეტი შადრევნებითა და ბარბექიუთი. საინტერესოა, რომ აშშ-ის ტიპური დიდი ქალაქები, როგორიცაა ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი,  Icelandair-ის რეიტინგის სათავეში ვერ მოხვდნენ.

კანზას-სიტი ლიდერია 115 გლობალურ ქალაქს შორის, რომლებიც ტურისტულ ინდუსტრიაში მათი გამორჩეულობისა და „ნელი“ მოგზაურობის შესაძლებლობების მიხედვით შეირჩა. „ნელი“ მოგზაურობა მზარდი ტენდენციაა, რომელიც შვებულებისას განათლებისა და ემოციური ზემოქმედებისთვისაა განკუთვნილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის, კულტურისა და სამზარეულოს გაცნობას გულისხმობს. „ნელი“ მოგზაურობა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა მიმზიდველი, რომლებიც შვებულებას, ან თუნდაც მარტო მოგზაურობას გეგმავენ.

შვებულების გასატარებლად საუკეთესო ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:

  1. კანზას-სიტი, ამერიკის შეერთებული შტატები.
  2. ვენა, ავსტრია
  3. ველინგტონი, ახალი ზელანდია
  4. კოპენჰაგენი, დანია
  5. ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი
  6. ვიქტორია, კანადა
  7. პერტი, ავსტრალია
  8. ფრანკფურტი, გერმანია
  9. ბრისბენი, ავსტრალია
  10. ჰელსინკი, ფინეთი

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური მუშაობა შვებულების გატარებას ბევრად ამარტივებს, ადამიანთა ნაწილი მსგავსი ტიპის მოგზაურობიდან ბევრად უფრო დაღლილი ბრუნდება. Expedia-მ 16 ქვეყანაში 14,500 ადამიანი გამოჰკითხა და დაადგინა, რომ ამერიკელთა 61%, რომელთაც გასულ წელს სამუშაო შვებულება აიღეს, ამ ტიპის დასვენებას „ნამდვილ“ არდადეგებად არ მიიჩნევს. უფრო მეტიც, შვებულების შემდგომ მათი 72% თავს ბევრად უფრო დაღლილად და „გადამწვარად“ თვლიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *