მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის შემქმნელები

მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის შემქმნელები
Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკმა მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და ჯამში 10 ჯილდო დაიმსახურა: მათგან ოთხი — AI in Finance Awards-ის ფარგლებში. ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ვახტანგიშვილმა და მისმა მოადგილეებმა — ანა სარალიძემ და მაია გორგილაძემ Forbes Georgia-ს გაუზიარეს, როგორ შექმნეს ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელიც ფინანსური სექტორის გლობალურ გიგანტებს ღირსეულ კონკურენციას უწევს. 

Lead: Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკმა მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და ჯამში 10 ჯილდო დაიმსახურა: მათგან ოთხი — AI in Finance Awards-ის ფარგლებში. ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ვახტანგიშვილმა და მისმა მოადგილეებმა — ანა სარალიძემ და მაია გორგილაძემ Forbes Georgia-ს გაუზიარეს, როგორ შექმნეს ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელიც ფინანსური სექტორის გლობალურ გიგანტებს ღირსეულ კონკურენციას უწევს.

საქართველოს ბანკი უკვე მეორედ გახდა მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი. რას ნიშნავს ეს აღიარება ბანკისთვის და საქართველოსთვის, როგორც გლობალური ფინანსური ეკოსისტემის მოთამაშისათვის?

გიორგი ვახტანგიშვილი: ეს გამარჯვება არა მხოლოდ ჩვენთვისაა პროფესიული მიღწევა, არამედ ქვეყნისთვისაც უდიდესი აღიარებაა. ასეთ მსხვილ გლობალურ მოთამაშეებთან: Bank of America-სთან, Citi-სთან, DBS-სთან, Revolut-თან კონკურენცია უკვე თავისთავად დიდი პასუხისმგებლობაა. როდესაც პატარა ქვეყნის ბანკი ზედიზედ ორჯერ ხდება მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკი, ეს ნიშნავს, რომ შევძელით, საქართველო გლობალურ ფინანსურ რუკაზე დაგვემკვიდრებინა, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიური ქვეყანა.

ჯამში ათი ჯილდო ორ სხვადასხვა დაჯილდოებაზე — რამ შექმნა ამ წარმატების საფუძველი ტექნოლოგიურ თუ ორგანიზაციულ დონეზე?

გიორგი ვახტანგიშვილი: ჩვენი წარმატების მთავარი საფუძველი ორგანიზაციული კულტურაა, რომელიც საქართველოს ბანკში წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და ერთ მარტივ რწმენას ეფუძნება — ტექნოლოგია და ნებისმიერი სიახლე უნდა ემსახურებოდეს ჩვენს მომხმარებლებს. დაახლოებით ხუთი-ექვსი წლის წინ ფუნდამენტური გადაწყვეტილება მივიღეთ და შევთანხმდით Digital First-მიდგომაზე — ნებისმიერი პროდუქტი თუ ფუნქცია იქმნება, პირველ რიგში, ციფრული გამოცდილებისათვის. გარდა ამისა, ინოვაციებთან დაკავშირებით სტარტაპული მიდგომა გვაქვს — ყოველი ახალი სერვისი, რომელზეც ვმუშაობთ, მინი-სტარტაპია: თავისი დაფინანსებით, განსაზღვრული კრიტერიუმებით და სასიცოცხლო ციკლით. სწრაფი მოქმედება, კიდევ უფრო სწრაფი სწავლება და ყოველთვის მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება სტარტაპის ენერგიისა და ბანკის დისციპლინის შერწყმას საჭიროებს. ამას ემატება ძლიერი შიდა ეკოსისტემა: მონაცემთა პლატფორმები, AI-ინფრასტრუქტურა და პროდუქტის განვითარებაზე ორიენტირებული გუნდები, რომლებიც საერთო მიზნისთვის – ჩვენი მომხმარებლების ციფრული გამოცდილების გასაუმჯობესებლად მუშაობენ.

ანა სარალიძე: იმ პირობებში, როცა სისტემა იზრდება და უფრო და უფრო კომპლექსური ხდება, მთავარი გამოწვევაც და მიღწევაც ინოვაციურობის შენარჩუნებაა. იყო ინოვაციური, ნიშნავს, მუდმივად ფიქრობდე მომხმარებლის სრულ გამოცდილებაზე, თუ როგორ და საიდან იწყებს მომხმარებელი ინტერაქციას ბანკთან და როგორ ასრულებს ამ პროცესს. ამასთან ერთად, აუცილებელია, კარგად იცნობდე საკუთარ მომხმარებელს, თუ რა მოლოდინი აქვს შენგან, რა არის ის, რაც გაუმარტივებს ყოველდღიურობას, ამისათვის მუდმივად ვუსმენთ მომხმარებლებს: ვაკვირდებით მათ ქცევას, ვაანალიზებთ უკუკავშირს, ვატარებთ კვლევებს. სტარტაპული მიდგომა გულისხმობს იმასაც, რომ ინიციატივები გუნდის ნებისმიერი წევრისგან ჩნდება და ყველას აქვს ექსპერიმენტირების შესაძლებლობა. დიდი ყურადღება ექცევა ასევე სტანდარტიზებულ მიდგომებს, რისთვისაც ვხელმძღვანელობთ დიზაინსისტემით, რომელიც ყველა ციფრულ არხში მომხმარებლისთვის თანამიმდევრულ გამოცდილებას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, სწორედ ამ მიდგომებმა მოგვიტანა ეს აღიარება.

AI in Finance Awards-ზე, რომელიც წელს პირველად გაიმართა, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო AI-ბანკად დასახელდა. როგორ იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს საბანკო პროცესებში და რა განგასხვავებთ კონკურენტებისაგან?

მაია გორგილაძე: რეგიონში ბანკები ჯერ კიდევ სწავლობენ, როგორ უნდა გარდაქმნან მონაცემები რეალურ ღირებულებად. „საქართველოს ბანკმა“ ამ გზას ადრე დაადგა — ჯერ მონაცემთა პლატფორმის შექმნით, შემდეგ — ყოველდღიურ პროცესებში AI-მოდელების დანერგვით. ჩვენი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველა ელემენტში გვაქვს ინტეგრირებული — თითოეულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მონაცემი და პროგნოზი — იქნება ეს მომხმარებლის ქცევა, ბიზნესის რისკი თუ ახალი პროდუქტის განვითარება.

როგორ განსაზღვრავთ, რომელი საბანკო პროცესები საჭიროებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტრანსფორმაციას?

მაია გორგილაძე: საწყისი წერტილი ყოველთვის მომხმარებელია — ვაკვირდებით, სად ჩნდება დაბრკოლება და როგორ შეგვიძლია მისი აღმოფხვრა. თუ პროცესი რთულია, დროში იწელება ან ადამიანური შეცდომის ალბათობა მაღალია, იქ AI-ს შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს გამოცდილება. მაგალითად, ჩვენ უკვე გვაქვს მოდელები, რომლებიც პროგნოზირებენ მომხმარებლის საჭიროებებს, ამცირებენ საკრედიტო რისკებს და ავტომატურად ამუშავებენ ბიზნესის განაცხადებს. ჩვენი მიზანია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იქ, სადაც ის რეალურ ღირებულებას ქმნის. საკრედიტო სკორინგი რომ ავიღოთ — თუ წლების წინ რამდენიმე დღე იყო საჭირო იმის დასადგენად, თუ რამხელა საკრედიტო ლიმიტის მიღება შეუძლია მომხმარებელს, ახლა რამდენიმე წუთში არის შესაძლებელი. მანქანური სწავლების მოდელები ასობით პარამეტრს აანალიზებენ და ფინანსური რესურსით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევენ იმ გადახდისუნარიან, კეთილსინდისიერ მომხმარებლებს, რომლებიც აქამდე შეიძლება ამ შესაძლებლობის მიღმა დარჩენილიყვნენ.

გიორგი ვახტანგიშვილი: ბოლო წლებში განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ AI-ზე, თუმცა ჩვენ დაახლოებით 10 წელია, რაც ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ. ერთ-ერთი მიმართულება, სადაც განსაკუთრებით საგრძნობია AI-ის დადებითი ეფექტი, თაღლითობის პრევენციაა — ხელოვნური ინტელექტი თითოეულ ტრანზაქციას სწავლობს და პატერნებზე დაკვირვების შედეგად აფასებს, ამა თუ იმ ოპერაციას ნამდვილად ანგარიშის მფლობელი ახორციელებს თუ — არა. „საქართველოს ბანკთან“ მომხმარებელთა ინტერაქციების დაახლოებით ნახევარი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მუშავდება. AI დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია — დაწყებული ფინანსური რესურსის მოთხოვნით და მომხმარებელთან კომუნიკაციით, დამთავრებული პროცესების ოპტიმიზაციითა და კიბერთაღლითობის პრევენციით.

AI In Finance Awards-ის ოთხი ნომინაციიდან ორი პრემიუმ საბანკო მომსახურებას შეეხებოდა. როგორ იყენებთ AI-ს პრემიუმ საბანკო სეგმენტში?

გიორგი ვახტანგიშვილი: SOLO-ს შემთხვევაში ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად ვიყენებთ გამოცდილების პერსონალიზაციისათვის. თითოეულ მომხმარებელს ინტერესის შესაბამისად ყველაზე რელევანტურ შეთავაზებებს ვახვედრებთ, რათა მათთვის რეალურად ღირებული შესაძლებლობა არ გამორჩეთ. გარდა ამისა, შეგვიძლია პოტენციური პრემიუმ მომხმარებლების ავტომატურად იდენტიფიცირება. ამის ხელით გაკეთება უზარმაზარ დროსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვდა. წარსულში მონაცემებს მხოლოდ ყოველთვიურად ვაახლებდით, ახლა კი — ავტომატურად, ყოველ 24 საათში ერთხელ. ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის განახლებული ინფორმაციით ვმუშაობთ, რაც ბანკირებსაც უმარტივებს პერსონალიზებული მომსახურების მიწოდებას.

მაია გორგილაძე: რაც შეეხება კორპორაციულ მომსახურებას, ჩვენ ვქმნით ციფრული გარემოს ისეთ ეკოსისტემას, სადაც დრო და სისწრაფე გადამწყვეტია. ჩვენი მიზანია, ბიზნესისთვის ვიყოთ არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი, რომელიც ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში — იქნება ეს პროგნოზირება, გადახდების ავტომატიზაცია, თუ — ხარჯების ანალიზი.

რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა Revolut-თან ან Bank of America-სთან შედარებით, რომლებიც გაცილებით დიდ მასშტაბზე მუშაობენ?

გიორგი ვახტანგიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ მათ უფრო დიდი რესურსები და მასშტაბირების პოტენციალი აქვთ, არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად განსაზღვრავს, რამდენად ინოვაციურები არიან. 7-8 წლის წინ Global Finance-ის დაჯილდოებას ერთგვარ კომპასად ვიყენებდით, რათა გაგვეგო, თუ რა ხდებოდა საერთაშორისო ბაზარზე. ახლა უკვე ჩვენ ვართ იმ პოზიციაში, რომ შეიძლება მაგალითი ვიყოთ სხვა ბანკებისათვის, რაც პასუხისმგებლობას გვაკისრებს და მოტივაციას გვმატებს, რომ არ გავჩერდეთ. მთავარი პრინციპი ტექნოლოგიის, სამომხმარებლო გამოცდილებისა და ინდუსტრიის ინოვაციების სინთეზია. აქტიურად ვაკვირდებით ტექნოლოგიურ გიგანტებს — Meta-ს, Google-ს და ასე შემდეგ. მჯერა, რომ კარგი იდეები ინდუსტრიებისა თუ სექტორების გადაკვეთის წერტილებში ჩნდება. გვაქვს ცოდნა, რა სჭირდებათ მომხმარებლებს, ვიცით მათი მოლოდინი და გვაქვს ისეთი ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებიც თუნდაც ოთხი წლის წინ არ გვქონდა. თანამედროვე ბანკი ტექნოლოგიური კომპანიაა, რადგან თითქმის არ არსებობს პროცესი, ამ ელემენტს რომ არ შეიცავდეს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორია, რომელშიც ბანკმა გაიმარჯვა იყო “საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ონლაინ პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით”. რა ტიპის პროდუქტებია ინტეგრირებული საქართველოს ბანკის მობილბანკში?

ანა სარალიძე: საქართველოს ბანკის ციფრული ეკოსისტემა საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს შევთავაზოთ როგორც საბანკო, ასევე ყოველდღიურობისთვის საჭირო პროდუქტები და სერვისები. სამომხმარებლო სესხისა და საკრედიტო ბარათის ნულიდან მოთხოვნისა და დამტკიცების პროცესის სრულად ციფრულ არხში გავლასთან ერთად, AI-ის გამოყენებით საბანკო სერვისებისა თუ პროდუქტების პროაქტიურად შეთავაზებაც შეგვიძლია. მომხმარებლის ქცევიდან გამომდინარე გვაქვს ასევე პერსონალიზებული Lifestyle-შეთავაზებები — ჯანმრთელობისა თუ სამოგზაურო დაზღვევა, მანქანის სივრცე, სადაც შეგიძლია ნახო და გადაიხადო ჯარიმები, ინვესტიციების მოდული და სხვა. სტრატეგიის განსაზღვრაში და ზოგადად სამუშაო პროცესში გუნდის ყველა წევრი თანაბრად მონაწილეობს. პროდუქტის ან ფუნქციის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მომხმარებლებიც ჩართულნი არიან და ჩვენ პრაქტიკულად მათთან ერთად ვქმნით ყველაფერს. როდესაც პროტოტიპები ან საბოლოო დიზაინი გვაქვს, მათაც ვტესტავთ სწრაფი იტერაციების საშუალებით. პროდუქტისა თუ ფუნქციის დახვეწა მუდმივი პროცესია — გაშვების შემდეგაც მუდმივად ვაკვირდებით მონაცემებს, უკუკავშირს და შესაბამისი ცვლილებები შეგვაქვს.

გიორგი ვახტანგიშვილი: არ მახსენდება შემთხვევა, რომ რაიმე მოვიფიქრეთ, გავაკეთეთ, გავუშვით და ამით მორჩა. სულ ახალ მობილბანკად მოვიხსენიებთ ხოლმე, იმიტომ, რომ სულ ახალია. კვირაში მინიმუმ ერთი განახლება გვაქვს და ხშირად — რამდენიმეც. ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს იმაზე დასაკვირვებლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქტებს — რამდენი ადამიანი გადადის ერთი გვერდიდან მეორეზე, რაიმე ხარვეზი ხომ არ ხვდებათ და ა.შ. ხშირ შემთხვევაში ისიც გამოიკვეთება ხოლმე, რომ რაღაცის ორი დაწკაპუნებით გაკეთება ყოველთვის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება არ არის და შეიძლება სჯობდეს, რომ ოთხი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ პროცესი უფრო ბუნებრივი, გასაგები და ინტუიციური იყოს.

როგორია კულტურა, რომელიც შექმენით ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში? რა უნარებსა და მიდგომებს ახალისებთ?

მაია გორგილაძე: ჩვენი კულტურა დაფუძნებულია თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე. გუნდის თითოეული წევრი გრძნობს, რომ მისი იდეა შეიძლება იქცეს წარმატებულ ინიციატივად, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარი გამოიყენებს. ამ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია სისწრაფე, სწავლა და მხარდაჭერა. ვახალისებთ ინიციატივას, ტესტირებას, შეცდომებიდან სწავლებას — ეს კულტურა საშუალებას გვაძლევს, მუდმივად განვვითარდეთ და მიღწეულზე არ გავჩერდეთ.

ანა სარალიძე: როგორც ციფრული სფერო, ისე მომხმარებლის მოლოდინი ჩვენ მიმართ მუდმივად იცვლება, ამიტომ ყველაზე მეტად ვაფასებთ სწავლის მუდმივ სურვილს, მოქნილობას და ტექნოლოგიებში ახალი იდეის დანახვის უნარს.

რა იქნება ამ გამარჯვების შემდეგ და როგორ ხედავთ საქართველოს ბანკის ციფრული ისტორიის შემდეგ თავს?

ანა სარალიძე: მეტი პერსონალიზაცია და კიდევ უფრო მეტად რელევანტურობაა ჩვენი მიზანი. გვინდა, მომხმარებელს სწორ მომენტში და სწორ ადგილას დავხვდეთ იმ კონკრეტული შეთავაზებით, რაც მას სურს და ამით გავუმარტივოთ ყოველდღიურობა.

მაიკო გორგილაძე: ზედიზედ ორჯერ გამარჯვება დიდი პასუხისმგებლობაა და გვეამაყება როგორც ბანკის, ისე ქვეყნის ჭრილში. ახლა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გვაქვს, რომ მეტი სიახლე და პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს.

გიორგი ვახტანგიშვილი: მომავლის ბანკინგი კიდევ უფრო ჭკვიანი, პერსონალიზებული და ადამიანზე მორგებული იქნება. ვაპირებთ AI-ის შესაძლებლობების კიდევ უფრო სიღრმისეულ გამოყენებას, ციფრული პროდუქტების საერთაშორისო დონეზე ექსპორტს და ჩვენი ეკოსისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

საერთაშორისო აღიარება სასიამოვნოა, თუმცა მთავარი ჯილდო მაინც იმის განცდაა, რომ 1.75 მილიონზე მეტი მომხმარებლისათვის საუკეთესო ციფრულ გამოცდილებას ვქმნით.