ფინანსური ცენტრები თანამედროვე ეკონომიკის ძირითადი საყრდენია. ისინი მსოფლიო მასშტაბით კაპიტალის მობილიზებას, ვაჭრობის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას უწყობენ ხელს. გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის (GFCI) 37-ე გამოცემის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიანი ფინანსური ცენტრების ჩამონათვალი შემოგვთავაზა.
ცნობისთვის, GFCI 37 შედგენილია 140 შეფასების საზომის გამოყენებით წყაროებიდან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია და გაერო. ისინი გაერთიანებულია GFCI-ის ონლაინკითხვარიდან შეგროვებულ შეფასებებთან – სულ გამოყენებულია 4946 რესპონდენტის 31,314 შეფასება.
GFCI-ის მოდელში, რომელმაც მთლიანობაში 119 ფინანსური ჰაბი შეაფასა, გამოყენებული ფაქტორები კონკურენტუნარიანობის ხუთ სფეროდ არის დაჯგუფებული:
- ბიზნესგარემო: სისტემების გამჭვირვალობა და სტაბილურობა, მარეგულირებელი სირთულე
- ადამიანური კაპიტალი: კვალიფიციურ პროფესიონალებზე წვდომა, განათლებაში ინვესტიციები
- ინფრასტრუქტურა: ფიზიკური და ციფრული ინფრასტრუქტურის ხარისხი
- ფინანსური სექტორის განვითარება: კლიენტებისთვის ხელმისაწვდომობა, ციფრული გადაწყვეტილებების შემუშავება
- რეპუტაცია: სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემების სანდოობა
20 ყველაზე კონკურენტუნარიანი ფინანსური ცენტრი მსოფლიოში (2025 წელი):
ქალაქი | პოზიცია | სარეიტინგო ქულა |
---|---|---|
ნიუ-იორკი | 1 | 769 |
ლონდონი | 2 | 762 |
ჰონგ-კონგი | 3 | 760 |
სინგაპური | 4 | 750 |
სან-ფრანცისკო | 5 | 749 |
ჩიკაგო | 6 | 746 |
ლოს-ანჯელესი | 7 | 745 |
შანხაი | 8 | 744 |
შენჭენი | 9 | 743 |
სეული | 10 | 742 |
ფრანკფურტი | 11 | 741 |
დუბაი | 12 | 740 |
ვაშინგტონი | 13 | 739 |
დუბლინი | 14 | 738 |
ჟენევა | 15 | 737 |
ლუქსემბურგი | 16 | 736 |
პარიზი | 17 | 735 |
ამსტერდამი | 18 | 734 |
ბოსტონი | 19 | 733 |
პეკინი | 20 | 732 |
როგორც ხედავთ, ტოპ-10-ში შემავალი ფინანსური ცენტრებიდან ოთხი ჩრდილოეთ ამერიკაში, კერძოდ აშშ-ში მდებარეობს: ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო, ჩიკაგო და ლოს-ანჯელესი. საშუალოდ, ამ რეგიონში არსებული ცენტრების რეიტინგი 1.41%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ევროპას, აქ დომინაციას ლონდონი ინარჩუნენს, რომელიც რეგიონის შვიდ სხვა ქალაქთან ერთად გლობალურ ტოპ-20-ში მოხვდა. ანგარიშის თანახმად, დასავლეთ ევროპაში საშუალო რეიტინგი 2.14%-ით გაიზარდა.
ტოპ-20-ში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ექვსი ფინანსური ცენტრი მოხვდა, რომელთაგან ოთხი ჩინეთში მდებარეობს – ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, შანხაი, შენჭენი და პეკინი). ამ რეგიონის საშუალო რეიტინგი 2.06%-ით გაიზარდა.
ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის წამყვან ცენტრებს დუბაი და აბუ-დაბი წარმოადგენს. პირველი მათგანი გლობალური სიის ტოპ-20-ში გვხვდება. მან GFCI 37-ში ოთხი პოზიციით აიწია და, როგორც ჩამონათვალშიც შენიშნავდით, მე-12 ადგილი დაიკავა.