დაარსებიდან თითქმის 320 წლის შემდეგ, მსოფლიოს უძველესმა ეროვნულმა გაზეთმა თავისი ბოლო ყოველდღიური გამოცემა გამოუშვა. ავსტრიულმა Wiener Zeitung-მა ყოველდღიური ბეჭდური გამოცემების შეჩერების გადაწყვეტილება ქვეყანაში კანონმდებლობის ცვლილებიდან გამომდინარე მიიღო.
ავსტრიის კოალიციური მთავრობის მიერ აპრილში მიღებული კანონის შესაბამისად, კომპანიები კანონით ვალდებულნი აღარ იქნებიან, ბეჭდურ გამოცემაში საჯარო განცხადების გამოქვეყნების ღირებულება გადაიხადონ. Der Spiegel-ის მონაცემებით, კანონის ცვლილების შედეგად, გამომცემლობამ €18 მილიონის შემოსავალი დაკარგა, რამაც გაზეთი აიძულა, 63 თანამშრომელი გაეთავისუფლებინა, რედაქციაში დასაქმებულთა რაოდენობა კი 55–დან 20-მდე შეემცირებინა.
ბოლო ყოველდღიურ ბეჭდურ გამოცემაში Wiener Zeitung-ის რედაქციამ დაგმო ახალი კანონმდებლობა და ავსტრიის მთავრობა მათი ბეჭდური ტირაჟის დასრულებაში ღიად დაადანაშაულა. იმავე გამოცემაში, გაზეთის მიერ გაკეთებული განცხადებით, ბოლო პერიოდში, სულ უფრო მეტ პლატფორმაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას ხელს ყალბი და არასერიოზული კონტენტი უშლის. აპრილში, კანონმდებლობის ცვლილებისას, გამოცემის ტირაჟი სამუშაო დღეებში საშუალოდ 200,000-ს უტოლდებოდა, შაბათ-კვირას კი ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.
გადაწყვეტილების მიუხედავად, Wiener Zeitung-ი კვლავ განაგრძობს ონლაინგამოცემაზე მუშაობას, ხოლო ყოველდღიური ბეჭდური ვერსიის ახლა უკვე ყოველთვიურ რეჟიმში გამოშვებას გეგმავს. ცნობისთვის, გაზეთის გამოცემა, რომელიც ავსტრიის მთავრობას ეკუთვნის, თუმცა სარედაქციოდ დამოუკიდებელია, 1703 წლის აგვისტოდან დაიწყო.