გლობალური მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები დიდი ხანია, მხოლოდ შემსრულებლები აღარ არიან. მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავები უკვე საკუთარ მრავალმილიარდიან ბიზნესებს ქმნიან. სტატიაში წარმოგიდგენთ უმდიდრესი მუსიკალური არტისტების რეიტინგს, რომელიც ამერიკული Forbes-ის მილიარდერთა სიის მონაცემებს ეფუძნება.
საინტერესოა, რომ მუსიკის ინდუსტრიაში გამომუშავებული მილიონებით, მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავები საკუთარ ბიზნესებსა და ბრენდებს ქმნიან და საკუთარ ცნობადობას და რეპუტაციას აღნიშნული კომპანიების გასაზრდელად იყენებენ.
ყველაზე მდიდარი მუსიკალური შემსრულებლების რეიტინგს Jay-Z ლიდერობს, რომლის ქონებაც, Forbes-ის მონაცემებით, ამჟამად $2.8 მილიარდს შეადგენს. Jay-Z, იგივე შონ კარტერი 56 წლის ნიუიორკელი ჰიპ-ჰოპ-არტისტია, რომლის კარიერაც 30 წელზე მეტს ითვლის. 2019 წელს Jay-Z ჰიპ-ჰოპის ინდუსტრიის პირველი მილიარდერი გახდა.
Jay-Z მუსიკალური საქმიანობის გარდა, ბიზნესსაქმიანობასაც ეწევა. მისი ქონების ზრდაც მეტწილად სწორედ ბიზნესოპერაციების დამსახურებაა. კერძოდ, 2013 წლამდე არტისტი ამერიკული NBA-ის საკალათბურთო გუნდ Brooklyn Nets-ის მცირე წილს ფლობდა. 2020-იანი წლების დასაწყისში კი ლიქიორის პოპულარული ბრენდების, Ace of Spades-ისა და D’usse-ის წილები გაასხვისა. გარდა ამისა, მისი კომპანია Roc Nation-ი სხვადასხვა არტისტისა და ათლეტის ბრენდ-მენეჯმენტს ეწევა, 2019 წლიდან კი ორგანიზებას უწევს Super Bowl-ის Halftime Show-ს.
რეიტინგის მეორე პოზიციას პოპ-მუსიკის ამერიკელი შემსრულებელი ტეილორ სვიფტი იკავებს. მისი ქონება ამჟამად $2 მილიარდს აჭარბებს და ის ძირითადად მუსიკალური პროდუქტების გაყიდვითა და მსოფლიო ტურნეებითაა გამომუშავებული. Forbes-ის მონაცემებით, ტეილორ სვიფტი პირველი მუსიკოსია, რომელმაც მილიარდი დოლარის გამომუშავება მხოლოდ თავისი სიმღერებითა და წარმოდგენებით შეძლო. ტეილორ სვიფტი Forbes-ის მილიარდერთა სიას 2023 წლის ოქტომბერში შეუერთდა. მისი მულტიმილიარდდოლარიანი პორტფელი მხოლოდ $110 მილიონის ღირებულების უძრავ ქონებას შეიცავს.
ტეილორ სვიფტის მიერ განხორციელებულმა ცნობილმა მსოფლიო ტურნემ „Eras Tour”-მა, 2023 წლის მარტიდან, 2024 წლის ნოემბრამდე $2 მილიარდი გამოიმუშავა, რაც ისტორიაში უდიდესი მაჩვენებელია. მის წარმოდგენებს მსოფლიო მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.
რეიტინგის მესამე პოზიციაზე $1.2 მილიარდით ასევე ცნობილი ამერიკელი შემსრულებელი ბრიუს სპრინგსტინი იმყოფება. მეოთხე პოზიციას კი ბეიონსე იკავებს ($1 მილიარდი). სიის ხუთეულს ბარბადოსელი რიანა ასრულებს, რომლის ქონებაც ასევე $1 მილიარდს შეადგენს. პოპულარული პოპ-არტისტი საკუთარ კოსმეტიკურ ბრენდ Fenty Beauty-ში 50%-იან წილს ფლობს, რაც მისი შემოსავლის დიდ ნაწილს შეადგენს.
რეიტინგის მეექვსე პოზიციაზე იმყოფება ცნობილი ჰიპ-ჰოპ-არტისტი Dr.Dre, რომლის ქონებაც $1 მილიარდია. Dr.Dre საკუთარი კარიერის გარდა სხვა ჰიპ-ჰოპ-არტისტების წარმატებაშიც მონაწილეობდა. ემინემისა და კენდრიკ ლამარის წარმატებული კარიერის უკან მისი დიდი ძალისხმევა დევს. თუმცა მისი ქონების დიდი ნაწილი მაინც ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. Dr.Dre-ს დაარსებული ყურსასმენების კომპანია Beats-ი 2014 წელს Apple-მა $3 მილიარდად შეისყიდა.
რიანას მსგავსად საკუთარი ქონების დიდი ნაწილი კოსმეტიკური ბრენდით გამოიმუშავა სელენა გომესმაც, რომელიც რეიტინგის მე-9 პოზიციას იკავებს. 2020 წელს სელენა გომესმა $1.3 მილიარდის ღირებულების კოსმეტიკური ბრენდი Rare Beauty დააარსა.
საინტერესოა, რომ რეიტინგის ათეულში მყოფი შემსრულებლებიდან 9 კვლავ ცოცხალია. მე-7 ადგილზე მყოფი ჯიმი ბაფეტი კი 2023 წელს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბაფეტის ქონების დიდ ნაწილს მისი დაფუძნებული მულტიმედიაკომპანია გამოიმუშავებდა, რომელიც გასართობ ინდუსტრიაში ოპერირებს და რესტორნებსა და რეზორტებს ფლობს.
| რეიტინგი | შემსრულებელი | ქონება |
| 1 | Jay-Z | $2.8B |
| 2 | Taylor Swift | $2B |
| 3 | Bruce Springsteen | $1.2B |
| 4 | Beyonce | $1B |
| 5 | Rihanna | $1B |
| 6 | Dr. Dre | $1B |
| 7 | Jimmy Buffett (and estate) | $1B |
| 8 | Madonna | $850M |
| 9 | Selena Gomez | $700M |
| 10 | Celine Dion | $570M |










