მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები

მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები

გასულ წელს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება 43%-ით გაიზარდა. უახლეს რეიტინგში მსოფლიოს უმდიდრესი დინასტიის ტიტული უოლტონებს ჩამოერთვათ და ისინი ნაჰაიანის ოჯახმა ჩაანაცვლა, რომელიც სიაში წელს პირველად მოხვდა. $305-მილიარდიანი ქონებით, აბუ-დაბის წარმომადგენლები, Walmart-ის მფლობელ ამერიკელ უოლტონებს სოლიდური $45 მილიარდით უსწრებენ.

ნავთობთან დაკავშირებული ქონება სპარსეთის ყურის დინასტიებისთვის სიმდიდრის მთავარი წყაროა. სპარსეთის ყურიდან რეიტინგში წარმოდგენილი სამივე ოჯახი, დიდი ალბათობით, უფრო მდიდარია, ვიდრე არსებული შეფასებით. თუმცა მიმდინარე წლის ჩამონათვალში შესამჩნევი ცვლილებები მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენლებს არ გამოუწვევიათ. 2022 წლის რეიტინგის შემდეგ ფუფუნების საგნების ბრენდ Hermès-ის მეექვსე თაობის დინასტიის ქონება ყველაზე მეტადაა გაზრდილი – $56 მილიარდით და მსოფლიოს უმდიდრეს ოჯახებს შორის მესამე პოზიციას იკავებს.

საერთო ჯამში მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები ახლა $1.5 ტრილიონით უფრო მდიდრები არიან. ქონების დაგროვება კი მათ ომების, ეკონომიკური გაურკვევლობისა და გაზრდილი გადასახადების მიუხედავადაც მოახერხეს.

მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების 2023 წლის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

  1. ალ-ნაჰაიანი (მე-3 თაობა)

ქონება: $305 მილიარდი; ინდუსტრია: მრეწველობა – არაბთა გაერთიანებული  საამიროები

ალ-ნაჰიანის ოჯახი ათწლეულები მართავდა ტერიტორიას, რომელიც ახლა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელითაა ცნობილი. აბუ-დაბის მმართველი, შეიხი მუჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანი ქვეყნის პრეზიდენტია, ოჯახის სხვა წევრებს კი სამთავრობო თუ კერძო სექტორში უკავიათ მაღალი თანამდებობები. სამეფო ოჯახის კონტროლირებადი ბიზნესის, International Holding-ის აქციათა ფასი უკანასკნელ ოთხ წელიწადში 7,000%-ითაა გაზრდილი.

  1. უოლტონი (მე-3 თაობა)

ქონება: $259.7 მილიარდი; ინდუსტრია: საცალო ვაჭრობა – აშშ

უოლტონების დინასტიის საკუთრებაში არსებული Walmart-ი შემოსვლებით მსოფლიოში პირველი საცალო ვაჭრობის ქსელია. უკანასკნელი ფისკალური წლის მონაცემებით, Walmart-ის შემოსავალმა, 10,500-ზე მეტი მაღაზიიდან, $611.3 მილიარდს მიაღწია. უოლტონები ასევე ფლობენ Bentonville-ის 46%-იან წილს.

  1. ერმესი (მე-6 თაობა)

ქონება: $150.9 მილიარდი; ინდუსტრია: ფუფუნების საგნები – საფრანგეთი

მეექვსე თაობის დინასტია ფლობს ფრანგულ ფუფუნების საგნების კომპანიას, რომელიც მისი Kelly-ის ჩანთებითაც ცნობილია – ჩანთების ღირებულება აუქციონზე  ასიათასობით დოლარს აღწევს. ოჯახის წევრებს შორის, რომლებიც კომპანიაში მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ, ვხვდებით პიერ-ალექსი დიუმას – სამხატვრო ხელმძღვანელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარე აქსელ დიუმას.

  1. მარსი (მე-5 თაობა)

ქონება: $141.9 მილიარდი; ინდუსტრია: ტკბილეული, ცხოველთა მოვლა – აშშ

ფრენკ მარსმა კანფეტების გაყიდვა ჯერ კიდევ 1902 წელს, 19 წლის ასაკში დაიწყო. ოჯახის ბიზნესი უფრო მეტად ცნობილია M&Ms-ის, Milky Way-ისა და Snickers-ის ბრენდებით, თუმცა ცხოველთა მოვლის პროდუქტები მათი კომპანიის თითქმის $47-მილიარდიანი შემოსავლის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

  1. ალ-თანი (მე-8 თაობა)

ქონება: $133 მილიარდი; ინდუსტრია: მრეწველობა  – კატარი

კატარში ალ-თანის ოჯახის მმართველობა მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო. ალ-თანის დინასტიის წარმომადგენლები ქვეყანაში რამდენიმე წამყვან პოლიტიკურ თანამდებობას იკავებენ, ასევე დომინირებენ ქვეყნის ადგილობრივ ეკონომიკაში –  სასტუმროების ბიზნესით დაწყებული, ძვირად ღირებული უცხოური აქტივებით დასრულებული. ცნობისთვის, ალ-თანის კომპანიამ ივლისში, Valentino-ს 30%-იანი წილი ფრანგულ Kering-ს $1.87 მილიარდად მიჰყიდა.

  1. კოხი (მე-3 თაობა)

ქონება: $127.3 მილიარდი; ინდუსტრია: მრეწველობა – აშშ

ოთხმა ძმამ ნავთობის ფირმა მემკვიდრეობით მამისგან მიიღო. 1980-იან წლებში შექმნილი უთანხმოების შემდეგ, საოჯახო ბიზნესში მხოლოდ ორი ძმა – ჩარლზი და დევიდი დარჩნენ. ფირმა Koch Industries-ად გარდაიქმნა – კონგლომერატად, რომლის წლიური შემოსავალი დაახლოებით $125 მილიარდია.

  1. ალ-საუდი (მე-3 თაობა)

ქონება: $112 მილიარდი; ინდუსტრია: მრეწველობა – საუდის არაბეთი

სამეფო ოჯახის წევრების უმრავლესობამ ქონება სამთავრობო კონტრაქტებით, ბიზნესის წამოწყებითა და მიწის გარიგებებით გამოიმუშავა. სამეფოს სუვერენული სიმდიდრის ფონდი $700 მილიარდზე მეტის ღირებულების აქციებს ფლობს. მხოლოდ მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანის საკუთრებაში $1 მილიარდზე მეტის ღირებულების აქტივებია.

  1. ამბანი (მე-3 თაობა)

ქონება: $89.9 მილიარდი; ინდუსტრია: მრეწველობა – ინდოეთი

მუკეშ ამბანი ამჟამად ხელმძღვანელობს კონგლომერატს, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ნავთობგადამმუშავებელ კომპლექს ფლობს. Reliance Industries-ის წინამორბედი მამამისმა 1950-იან წლებში დააარსა. ამბანი ინდოეთის უმდიდრესი ადამიანიცაა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო რეზიდენციად შეფასებულ სასახლეში ცხოვრობს.

  1. ვერთჰაიმერი (მე-3 თაობა)

ქონება: $89.6 მილიარდი; ინდუსტრია: ფუფუნების საგნები – საფრანგეთი

ძმები ალენ და ჟერარ ვერთჰაიმერები ფლობენ მოდის სახლს, რომლის შემოსავალმაც 2022 წელს $17.2 მილიარდს მიაღწია. Chanel-ის გარდა კი, მათ საკუთრებაშია ძვირად ღირებული სარბოლო ცხენები და ვენახები. გასულ წელს Chanel-მა ოჯახის ჰოლდინგ კომპანიას $1.7 მილიარდის დივიდენდები გადაუხადა – ორი მესამედით ნაკლები, ვიდრე ერთი წლით ადრე.

  1. ტომპსონი (მე-3 თაობა)

ქონება: $71.1 მილიარდი; ინდუსტრია: მედია – კანადა

კანადის უმდიდრესი ოჯახის სიმდიდრე სათავეს 1930-იანი წლებიდან იღებს, როდესაც რიო ტომპსონმა რადიოსადგური Ontario დააარსა. ოჯახი ფინანსური მონაცემებისა და სერვისების პროვაიდერ Thomson Reuters-ში, საინვესტიციო ფირმა Woodbridge-ის მეშვეობით, 69%-იან წილს ფლობს. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს $6.6 მილიარდს მიაღწია.