Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ქალები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილნი, თუმცა მათი რიცხვი ნელ-ნელა იზრდება. წელს პლანეტის 3,428 მილიარდერიდან 481 ქალია, რაც სიის 14%-ს უტოლდება. ცნობისთვის, 2025 წლის სიაში მათი რიცხვი 406-ს შეადგენდა.
გასული წლის სიაში L’Oreal-ის მემკვიდრის, ფრანგი ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსისგან მსოფლიოში უმდიდრესი ქალის ტიტულის დაბრუნების შემდეგ, Walmart-ის მემკვიდრემ, ელის უოლტონმა, 2026 წელს Forbes-ის მილიარდერ ქალთა რეიტინგში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. გამოცემის შეფასებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში მისი ქონება 33 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 134 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს დიდწილად საცალო ვაჭრობის გიგანტის აქციების ფასის 30%-იან ზრდას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ სანამ უოლტონი 2025 წლის სიაში გადაასწრებდა, ბეტანკურ-მეიერსი, L’Oreal-ის დამფუძნებლის, ეჟენ შიულერის (გ. 1957) შვილიშვილი, 2020 წლიდან Forbes-ის ყოველწლიურ რეიტინგში მსოფლიოს უმდიდრესი ქალის სტატუსს ინარჩუნებდა. სტატუსის დაკარგვის მიუხედავად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ქონებაც გაიზარდა, კერძოდ 18.4 მილიარდი დოლარით და ამჟამად 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს მისი ოჯახის საკუთრებაში არსეული კოსმეტიკური პროდუქციის კონგლომერატის აქციების 13%-ით ზრდას უკავშირდება. თუმცა ეს ზრდა უოლტონის დასაწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.
Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის (გ. 1992) ერთადერთი ქალიშვილი, 76 წლის ელისი, საერთო რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა და პლანეტის მე-14 უმდიდრესი ადამიანი გახდა. რაც შეეხება 72 წლის ბეტანკურ-მეიერსს, მან პოზიცია შეინარჩუნა და მე-20 ადგილზე დარჩა.
Forbes-ის 2026 წლის რეიტინგში $100-მილიარდიანთა კლუბში (ვისაც 12-ნიშნა ქონება აქვს), მხოლოდ ეს ორი ქალია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ კლუბში ამჟამად რეკორდული რაოდენობის, 20 მილიარდერი შედის. ცნობისთვის, გასულ წელს ის 15 წევრისგან შედგებოდა. $100-მილიარდიანთა კლუბში არიან ასევე უოლტონის ძმები, 81 წლის რობ უოლტონი და 77 წლის ჯიმ უოლტონი, რომლებიც სიაში თავიანთ დას ოდნავ უსწრებენ. მათი ქონება, შესაბამისად, 146 და 143 მილიარდ დოლარს შეადგენს. უოლტონების ოჯახი Walmart-ის აქციების დაახლოებით 44%-ს ფლობს.
რობ უოლტონი მამამისის შემდეგ თავმჯდომარის თანამდებობაზე ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა, სანამ 2015 წელს კომპანიის მართვის სადავეებს თავის სიძეს, გრეგ პენერს გადასცემდა. 2024 წელს მან Walmart-ის საბჭოც დატოვა. ჯიმ უოლტონი დღემდე ხელმძღვანელობს ოჯახის კომპანია Arvest Bank Group-ს, მას შემდეგ, რაც 2016 წელს Walmart-ის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟმა, სტიუარტ უოლტონმა შეცვალა.
რაც შეეხება ელისს, მან 1971 წელს ტეხასის ტრინიტის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, Walmart-ში ბავშვთა ტანსაცმლის შესყიდვის სპეციალისტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი ნიუ-ორლეანში საბროკერო კომპანია E.F. Hutton-ში. 1980-იან წლებში ის მშობლიურ ბენტონვილს (არკანზასი) დაუბრუნდა და ოჯახის ბანკის, Arvest-ის საინვესტიციო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
1990-იან წლებში მან საკუთარი საფინანსო კომპანია Llama შექმნა, რომელიც 19.5 მილიონი დოლარით ოჯახის მიერ იყო დაფინანსებული, თუმცა კომპანია 1998 წელს დაიხურა. ამის შემდეგ ელისი ტეხასში გადავიდა და ყურადღება ხელოვნების კურატორობაზე გადაიტანა.
10 წლის განმავლობაში ბენტონვილში Crystal Bridges-ის ამერიკული ხელოვნების მუზეუმს ხელმძღვანელობდა, სანამ მისი მართვის სადავეები თავისი ძმისშვილის, ტომ უოლტონის ცოლს, ოლივია უოლტონს არ გადასცა 2021 წელს. ელის არის მუზეუმის დამფუძნებელი, რომელიც 120 ჰექტარზე მდებარეობს და სადაც მხატვრების – ენდი უორჰოლი და ჯორჯია ო’კიფი – ნამუშევრები ინახება. 2011 წლისთვის მუზეუმის გახსნაზე 1.6 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც ძირითადად მისი გარდაცვლილი ძმის, ჯონ უოლტონის და დედის, ჰელენ უოლტონის მიერ შექმნილი ტრასტებიდან დაფინანსდა.
ელის უოლტონი გასული ათწლეულის განმავლობაში ქველმოქმედების კუთხით საკმაოდ გააქტიურდა. მან ხუთ საოჯახო საქველმოქმედო ფონდს 6.3 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა, რომლებმაც აქედან სხვადასხვა მიზნებისთვის დღემდე დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი გაანაწილეს. ამ მაჩვენებლით ელისი ამერიკის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედების რეიტინგში 26-ე ადგილზე გვევლინება.
„მსურს შევქმნა შესაძლებლობები, რომლებიც ადამიანებსა და საზოგადოებებს თავიანთი ოცნებების ახდენაში დაეხმარება“, – ამბობს უოლტონი მისი სახელობის ფონდის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ციტატაში.









