მსოფლიოს უმდიდრესი ქალი – ელის უოლტონი

მსოფლიოს უმდიდრესი ქალი – ელის უოლტონი

Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ქალები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილნი, თუმცა მათი რიცხვი ნელ-ნელა იზრდება. წელს პლანეტის 3,028 მილიარდერიდან 406 ქალია, რაც სიის 13.4%-ს შეადგენს. ცნობისთვის, გასულ წელს მათი რიცხვი 369-ს გაუტოლდა.

2020 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოს უმდიდრესი ქალის სტატუსის მფლობელი შეიცვალა. Forbes-ის მილიარდერების 2025 წლის რეიტინგის თანახმად, ის Walmart-ის დამფუძნებლის მემკვიდრე, ელის უოლტონია, რომელიც გამოცემის შეფასებით, *$101 მილიარდის ღირებულების ქონებას ფლობს.

ელის უოლტონმა ტიტული L’Oréal-ის მემკვიდრე ფრანგი ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსისგან დაიბრუნა, რომელიც წლევანდელ რეიტინგში მეორე ადგილზეა, 81.6 მილიარდი აშშ დოლარით. ბეტანკურ-მეიერსმა ტიტული ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში შეინარჩუნა, თუმცა წელს მისი დათმობა მოუწია.

მსოფლიოს უმდიდრესი ქალი, რომელიც Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის (გარდაიცვალა 1992 წელს) ერთადერთი ქალიშვილია, გასულ წელთან შედარებით, 28.7 მილიარდი დოლარით უფრო მდიდარია. ელის უოლტონი ამას Walmart-ში მემკვიდრეობით მიღებული 11%-იანი წილის ღირებულების 40%-ით ზრდას უნდა უმადლოდეს. მაღალი ინფლაციის ფონზე, მაღაზიათა ქსელმა მომხმარებლების მიზიდვა „ყოველდღიური დაბალი ფასების“ შეთავაზებით მოახერხა, რაც ინვესტორების ნდობასა და, შესაბამისად, კომპანიის აქციების ფასზე დადებითად აისახა.

ამავდროულად, L’Oréal-ის მემკვიდრის ქონება გასულ წელთან შედარებით 17.9 მილიარდი დოლარით შემცირდა, რადგან ბაზრის არასტაბილურობამ კომპანიის აქციების ფასის 20%-იანი ვარდნა განაპირობა.

გარდა იმისა, რომ 75 წლის ელის უოლტონი მსოფლიოს უმდიდრესი ქალია, ის $100-მილიარდიანთა კლუბის 15 წევრს შორისაც ხვდება. აღსანიშნავია, რომ უოლტონე მეორე ქალია, რომელმაც შეძლო, ცენტმილიარდერის სტატუსს დაუფლებოდა. ისტორიაში პირველად ეს ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსმა მოახერხა, რომელიც $100-მილიარდიანთა კლუბში 2024 წლის ივნისში შევიდა.

მსოფლიო რეიტინგში უოლტონი მე-15 ადგილს იკავებს და სულ რამდენიმე პოზიციით ჩამორჩება საკუთარ ძმებს, რობ უოლტონსა და ჯიმ უოლტონს, რომელთა ქონება, შესაბამისად, $110 მილიარდსა და $109 მილიარდს შეადგენს.

1971 წელს ტეხასის ტრინიტის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ელის უოლტონმა Walmart-ში ბავშვთა ტანსაცმლის შესყიდვის სპეციალისტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი ნიუ-ორლეანში საბროკერო კომპანია E.F. Hutton-ში. 1980-იან წლებში ის მშობლიურ ბენტონვილს (არკანზასი) დაუბრუნდა და ოჯახის ბანკის, Arvest-ის საინვესტიციო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

1990-იან წლებში მან საკუთარი საფინანსო კომპანია Llama შექმნა, რომელიც 19.5 მილიონი დოლარით ოჯახის მიერ იყო დაფინანსებული, თუმცა კომპანია 1998 წელს დაიხურა. ამის შემდეგ ელისი ტეხასში გადავიდა და ყურადღება ხელოვნების კურატორობაზე გადაიტანა.

10 წლის განმავლობაში ბენტონვილში Crystal Bridges-ის ამერიკული ხელოვნების მუზეუმს ხელმძღვანელობდა, სანამ მისი მართვის სადავეები თავისი ძმისშვილის, ტომ უოლტონის ცოლს, ოლივია უოლტონს არ გადასცა 2021 წელს. ელის არის მუზეუმის დამფუძნებელი, რომელიც 120 ჰექტარზე მდებარეობს და სადაც მხატვრების – ენდი უორჰოლი და ჯორჯია ო’კიფი – ნამუშევრები ინახება. 2011 წლისთვის მუზეუმის გახსნაზე 1.6 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც ძირითადად მისი გარდაცვლილი ძმის, ჯონ უოლტონის და დედის, ჰელენ უოლტონის მიერ შექმნილი ტრასტებიდან დაფინანსდა.

ელის უოლტონი გასული ათწლეულის განმავლობაში ქველმოქმედების კუთხით საკმაოდ გააქტიურდა. მან ხუთ საოჯახო საქველმოქმედო ფონდს 5.8 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა, რომლებმაც აქედან სხვადასხვა მიზნებისთვის დღემდე დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი გაანაწილეს. „მსურს შევქმნა შესაძლებლობები, რომლებიც ადამიანებსა და საზოგადოებებს თავიანთი ოცნებების ახდენაში დაეხმარება“, – ამბობს უოლტონი მისი სახელობის ფონდის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ციტატაში.

 

*შენიშვნა: მონაცემები აღებულია Forbes-ის 2025 წლის რეიტინგიდან. რეალურ დროში განახლებადი მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ელის უოლტონის ქონება $95.5 მილიარდს შეადგენს.