ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლისთვის მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი კომპანიის რეიტინგი, Global 2000 გამოაქვეყნა. კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით შეფასდა: შემოსავალი, მოგება, აქტივების მოცულობა და საბაზრო კაპიტალიზაცია.
2023 წლის Global 2000-ში შემავალი კომპანიების კოლექტიურმა შემოსავალმა $50.8 ტრილიონი, მოგებამ $.4.4 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ $231 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ $74 ტრილიონი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ყველაზე მეტი, 611 კომპანია ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა წარმოდგენილი, ამის შემდეგ მოდის ჩინეთი – სიაში აზიურ ქვეყანაში დაფუძნებული 346 კომპანიაა შესული.
Forbes Global 2000-ში 42 ავიაკომპანიას, საჰაერო-კოსმოსურ და თავდაცვის კომპანიას ვხვდებით. შედარებისთვის, გასულ წელს რეიტინგში დასახელებული სექტორებიდან 31 წარმომადგენელი იყო. სიაში კომპანიების რაოდენობის ზრდას პანდემიის შემდგომ მგზავრთა ნაკადის აღდგენას, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის გამო საჰაერო თავდაცვის მიმართულებით გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებენ.
მაგალითად, გასული წლის დეკემბერში Raytheon Technologies-ის შვილობილმა კომპანიამ აშშ-ის არმიისგან $1.2 მილიარდის ღირებულების კონტრაქტი მიიღო. ხელშეკრულება უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ექვსი სისტემის მიწოდებასთან დაკავშირებით გაფორმდა.
მსგავსი შეკვეთები არლინგტონში დაფუძნებულ კომპანიას დაეხმარა, გასული წლის განმავლობაში თითქმის 68.6 მილიარდი აშშ დოლარის გაყიდვები და 5.5 მილიარდი აშშ დოლარის მოგება დაეფიქსირებინა. შედეგად, Raytheon Technologies-ი Forbes-ის მსოფლიოს უმსხვილესი საჯარო კომპანიების რეიტინგში 79-ე ადგილზე მოხვდა.
სამხედრო ტექნიკაზე მოთხოვნის ზრდის გამო, სიაში პირველად აღმოჩნდნენ საჰაერო თავდაცვის სექტორის სხვა კონტრაქტორები, მათ შორის HII (ადგილი 1801), რომელიც ადრე ცნობილი იყო Huntington Ingalls-ის სახელწოდებით. კომპანიის განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ფლოტში გემების დიდი ნაწილი მის მიერაა აგებული და მიწოდებული. რეიტინგში დებიუტი აქვს გერმანიაში დაფუძნებულ იარაღის მწარმოებელ Rheinmetall-ს (ადგილი 1892), რომელიც უკრაინაში ქარხნის მშენებლობას გეგმავს. ობიექტი ტანკების დასამზადებლად და შესაკეთებლად იქნება განკუთვნილი.
საჰაერო მგზავრობა პანდემიამდელ დონეს უბრუნდება, შესაბამისად, თვითმფრინავების მწარმოებელი Boeing-ი (ადგილი 427) Forbes-ის სიაში ადგილს წელსაც ინარჩუნებს.
ავიაკომპანიებს შორის სიაში საუკეთესო შედეგი Delta Air Lines-ს აქვს ნაჩვენები (ადგილი 342), $54 მილიარდის გაყიდვებითა და $1.8 მილიარდის მოგებით. აღსანიშნავია, რომ ატლანტაში დაფუძნებულ კომპანიაში დაახლოებით 95,000 ადამიანია დასაქმებული.
ავიაინდუსტრიიდან რეიტინგში ასევე ვხვდებით United Airlines-სა (ადგილი 397) და American Airlines-ს (ადგილი 536). თითოეულმა მათგანმა ჩამონათვალში პოზიცია დაახლოებით 200 ადგილით გაიუმჯობესა.
Forbes Global 2000-ის სიაში 25 საჰაერო-კოსმოსური და თავდაცვის კომპანიიდან 19-მა რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა, ოთხი კი სიაში ახალწვეულია. იაპონური Mitsubishi Heavy Industries-ი, თითქმის 31 მილიარდი აშშ დოლარის გაყიდვების წყალობით, 101 ადგილით დაწინაურდა და წლევანდელ რეიტინგში 620-ე ადგილს იკავებს.
მის გარდა, Global 2000-ის სიაში იაპონიიდან მხოლოდ ერთი კომპანიაა წარმოდგენილი. ეს არის Kawasaki Heavy Industries-ი (ადგილი 1637), რომელიც რეიტინგში 150-ზე მეტი ადგილით დაწინაურდა.
რომში დაფუძნებული საჰაერო თავდაცვის ტექნოლოგიების კონტრაქტორი Leonardo, $15.46 მილიარდის გაყიდვებით 994-ე ადგილზე გვევლინება. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მან ნიგერიის საჰაერო ძალებისთვის ორი ათეული მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდების შესახებ შეკვეთა მიიღო.
Airbus-ი (ადგილი 127), დაახლოებით 61 მილიარდი აშშ დოლარის გაყიდვებით და $3.6 მილიარდის მოგებით, ავიაინდუსტრიის წარმომადგენელი ექვსი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელიც სიაში დაქვეითდა. მან გასული წლის რეიტინგში 122-ე ადგილი დაიკავა. Airbus-ი თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. მას ასევე აქვს სამხედრო განყოფილება. აღსანიშნავია, რომ კომპანია სიაში აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სექტორის წამყვანი ფირმების, მათ შორის Lockheed Martin-ის, Honeywell-ისა და იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიების პროვაიდერი Northrop Grumman-ის სიახლოვესაა წარმოდგენილი.