ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლის მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი კომპანიის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. ყოველწლიურ რეიტინგში შემავალი კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით ფასდება: შემოსავალი, მოგება, აქტივების რაოდენობა და საბაზრო კაპიტალიზაცია.
მიმდინარე წლის სიაში შესული კომპანიების კოლექტიურმა შემოსავალმა რეკორდული $51.7 ტრილიონი, მოგებამ – $4.5 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ – $238 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ $88.5 ტრილიონი შეადგინა. რეიტინგს 621 წარმომადგენლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელსაც მეორე ადგილზე, Global 2000-ის 346 კომპანიით ჩინეთი და ჰონგ-კონგი მოჰყვება. რეიტინგს სათავეში ამერიკული საბანკო გიგანტი, JPMorgan-ი უდგას.
2023 წელს რამდენიმე უმსხვილესი ბანკის გაკოტრება ვიხილეთ. გასული წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც Silicon Valley Bank-მა კოლაფსი განიცადა, რეგულატორების მიერ ნიუ-იორკში დაფუძნებული Signature Bank-იც დაიხურა, რაც აშშ-ის ისტორიაში, სწორედ SVB-ის შემდეგ, მესამე ყველაზე დიდ საბანკო მარცხად შეფასდა. შედეგად, 2023 წლით შეშინებულმა ბანკირებმა 2024 წელიც სიფრთხილით დაიწყეს.
თუმცა საბანკო კრიზისს „გამარჯვებულებიც“ ჰყავდა. ერთ-ერთ ასეთ გამარჯვებულად New York Community Bank-ი (NYCB) აღიქმებოდა, რომლის აქტივების ღირებულებამაც, Signature Bank-ის შეძენის შემდეგ, $100 მილიარდს გადააჭარბა. თუმცა სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, მარეგულირებლების ზეწოლით ბანკს დივიდენდის მკვეთრად შემცირება მოუწია. NYCB-ის აქციების ფასი სულ რაღაც ერთ დღეში 38%-ით დავარდა. შედეგად, NYCB-ი Global 2000-ის წლევანდელ სიაშიც 500-ზე მეტი პოზიციით დაქვეითდა და 1464-ე ადგილი დაიკავა.
რამდენიმე ბანკის წარუმატებლობის მიუხედავად, ფინანსურ ფირმათა დიდი ნაწილი Forbes-ის რეიტინგის წამყვან კომპანიებს შორის რჩება. 2024 წლის Global 2000-ის რეიტინგში 300-ზე მეტი ბანკია. ამერიკული და ჩინური ბანკები კი, ტოპ-10-ის ნახევარს შეადგენენ.
ზედიზედ მეორე წელია, Global 2000-ის რეიტინგის პირველობას არ თმობს JPMorgan Chase-ი. ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი $4 ტრილიონის აქტივებს ფლობს, მისი მოგება კი $50 მილიარდს შეადგენს. გასული წლის შემდეგ ერთი პოზიციითაა დაწინაურებული Bank of America და მეხუთე ადგილს იკავებს. ამერიკული ბანკის აქტივები $3.3 ტრილიონს შეადგენს, მოგება – $25 მილიარდს. რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, JPMorgan Chase-ის შემთხვევაში $588 მილიარდი, ხოლო Bank of America-ისთვის $307 მილიარდია.
ამერიკულთან ერთად ათეულში ვხვდებით ჩინეთის ბანკებსაც. მათ შორისაა Industrial and Commercial Bank of China, $6.6 ტრილიონის ღირებულების აქტივებითა და $215-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით. აქვეა China Construction Bank-ი ($5.4 ტრილიონის აქტივებით) და Agricultural Bank of China ($5.8 ტრილიონის აქტივებით).
საერთო ჯამში, 2024 წლის Global 2000-ში 315 ბანკია, გასულ წელთან შედარებით 13 ბანკით მეტი. ჩინეთისა და აშშ-ის გარეთ, ბრიტანულმა ფირმა HSBC Holdings-მა გადაუსწრო საფრანგეთის BNP Paribas-ს და $3 ტრილიონის ღირებულების აქტივებით, ევროპის უდიდესი ბანკი გახდა. რეიტინგში დაწინაურდნენ სხვა ევროპული ბანკებიც. მაგალითად, BNP Paribas-მა 32-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, ესპანურმა Santander-მა კი 49-ე პოზიციიდან 36-ე ადგილზე. იაპონურმა Mitsubishi UFJ Financial-მა, $2 ტრილიონის ღირებულების აქტივებით, Sumitomo Mitsui Financial-ს გადაასწრო და 91-ე ადგილიდან 39-ზე გადაინაცვლა, თავის მხრივ კი 22 პოზიციით დაწინაურდა Sumitomo-ც და 63-ე ადგილი დაიკავა.
Global 2000: უმსხვილესი ბანკების ტოპ-5
ბანკი | გაყიდვები | მოგება | აქტივები | საბაზრო კაპიტ. |
JPMorgan Chase | $252.91 მლრდ | $50.05 მლრდ | $4,090.73 მლრდ | $588.09 მლრდ |
ICBC | $223.85 მლრდ | $50.38 მლრდ | $6,586.01 მლრდ | $215.2 მლრდ |
Bank of America | $183.28 მლრდ | $25.03 მლრდ | $3,273.8 მლრდ | $307.26 მლრდ |
China Construction Bank | $199.84 მლრდ | $47.01 მლრდ | $5,403.8 მლრდ | $187.5 მლრდ |
Agricultural Bank of China | $193.5 მლრდ | $37.38 მლრდ | $5,832.95 მლრდ | $170.94 მლრდ |