მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები 2025 წლისთვის - Forbes Global 2000

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები 2025 წლისთვის - Forbes Global 2000

ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 2025 წლის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. რეიტინგი გაყიდვების, მოგების, აქტივებისა და საბაზრო ღირებულების მიხედვითაა შედგენილი. დონალდ ტრამპის ტარიფებით გამოწვეული ეკონომიკური არასტაბილურობისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, ოთხივე მიმართულებით წელს რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა – 52.9 ტრილიონი აშშ დოლარით შემოსავლებში, 4.9 ტრილიონი აშშ დოლარით მოგებაში, 242.2 ტრილიონი აშშ დოლარით აქტივებში და 91.3 ტრილიონი აშშ დოლარით საბაზრო კაპიტალიზაციაში.

საბანკო ინდუსტრიისთვის გასული 12 თვე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ის ძლიერი მოგებიანობით, დეპოზიტების სტაბილური ზრდითა და საინვესტიციო ბანკინგის საკომისიოებისა და სავაჭრო შემოსავლების აღდგენით ხასიათდებოდა. შედეგად, 2025 წლის Global 2000-ის სიაში, გასული წლის 315-თან შედარებით, ბანკების რაოდენობა გაიზარდა და 328-ს მიაღწია. აქვე აღსანიშნავია, რომ რეიტინგში აშშ-სა და ჩინეთში დაფუძნებული ბანკები კვლავ დომინირებენ. სიაში შემავალი ათი საუკეთესო კომპანიის ნახევარს სწორედ ამ სახელმწიფოებში მდებარე ბანკები წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ Global 2000-ის ლიდერი ამერიკის უდიდესი ბანკი, JPMorgan-ია, რომელიც რეიტინგში პირველობას ზედიზედ მესამე წელია, არ თმობს. ის ამ პოზიციაზე 2022 წელს, First Republic-ის შეძენის შემდეგ მოხვდა და აქედან მოყოლებული ლიდერობა არ დაუკარგავს. ამერიკის უდიდეს ბანკს 4.3 ტრილიონი დოლარის აქტივები აქვს. მას მოსდევს ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკი (ICBC), რომლის აქტივების ღირებულება 6.6 ტრილიონ დოლარს უტოლდება, თუმცა JPMorgan-ს სხვა მაჩვენებლებით ჩამორჩება და Global 2000-ში მესამე ადგილს იკავებს. გასული წლის რეიტინგთან შედარებით, ICBC-მ პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა.

გლობალურმა საბანკო სექტორმა ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში, არსებული გამოწვევების მიუხედავად, მდგრადობა შეინარჩუნა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ წმინდა საპროცენტო მარჟას მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა შეუწყო ხელი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგებამ პანდემიამდელ დონეს გადააჭარბა, ლიკვიდურობა სტაბილურია, კაპიტალის დონე კი გაზრდილი.

უმსხვილესი ბანკების უმეტესობამ წლის პირველ კვარტალში აქტივების მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა და შემოსავლიანობის მრუდის ნორმალიზებით ისარგებლა (გრძელვადიან სესხებს კვლავ უფრო მაღალი განაკვეთები აქვს, ვიდრე მოკლევადიანს). განაკვეთების შემცირებისა და ბიზნესისთვის უფრო ხელსაყრელი მარეგულირებელი გარემოს მოლოდინი, ასევე სესხებზე მოთხოვნის აღდგენისა და შერწყმებისა თუ შესყიდვების აქტივობის ზრდის მიმართ ოპტიმიზმი, მომხმარებელთა განწყობაზე დადებითად აისახა. თუმცა მოგების ზრდის მიუხედავად, აშშ-ის ბანკის ბევრმა აღმასრულებელმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ტარიფების შესახებ განცხადებებით გამოწვეული გაურკვევლობის პოტენციურ გავლენაზეც მიანიშნა.

აღსანიშნავია, რომ JPMorgan-ის გარდა, Forbes Global 2000-ის სიის ტოპ-50-ში კიდევ ხუთი ამერიკული ბანკია: Bank of America, Wells Fargo, Goldman Sachs-ი, Citigroup-ი და Morgan Stanley.

ამის პარალელურად, ჩინეთის მეგაბანკებმა 2025 წლის დასაწყისში მოგებისა და საოპერაციო შემოსავლის კუთხით უმნიშვნელო კლება დააფიქსირეს, რადგან წმინდა საპროცენტო მარჟა წლების განმავლობაში გამოვლენილ კლების ტენდენციას განაგრძობდა. უძრავი ქონების სექტორში ვარდნამ არასამუშაო სესხების ზრდა გამოიწვია, რამაც სესხების დაბალი განაკვეთებისა და სესხებზე მოთხოვნის შენელების გამო წმინდა საპროცენტო მარჟა შეამცირა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში მთლიანი აქტივები გაიზარდა.

ჩინეთის ICBC-ის გარდა, სიის მოწინავე პოზიციებზე აზიური სახელმწიფოს კიდევ სამი ბანკია – China Construction Bank-ი (5.5 ტრილიონი დოლარის აქტივები) მესამე ადგილს იკავებს, Agricultural Bank of China (5.9 ტრილიონი დოლარის აქტივები) მერვე ადგილზეა და Bank of China (4.8 ტრილიონი დოლარის აქტივები) მე-12 პოზიციას სჯერდება.

აშშ-სა და ჩინეთის გარეთ, ბრიტანული HSBC Holdings-ი კვლავ უმსხვილეს ბანკად რჩება, რომელმაც რეიტინგში მე-15 ადგილი შეინარჩუნა (3 ტრილიონ დოლარზე მეტის აქტივები). შემდეგია Royal Bank of Canada, რომელიც გასულ წელთან შედარებით ერთი პოზიციით დაწინაურდა და 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებით 26-ე ადგილზეა.

მსოფლიოს 50 უმსხვილეს ბანკს შორის ყველაზე დიდი მოგება ესპანურმა Santander-მა (1.9 ტრილიონი დოლარი) აჩვენა, რომელმაც წლევანდელ სიაში შვიდი პოზიციით წაიწია წინ და 29-ე ადგილზე გადავიდა. ამის პარალელურად, ფრანგულმა BNP Paribas-მა 32-ე ადგილიდან 35-ე ადგილზე გადაინაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მისი აქტივები 2.8 ტრილიონ დოლარს უტოლდება. Mitsubishi UFJ Financial-მა Sumitomo Mitsui Financial-ს გაუსწრო და იაპონიის უმსხვილესი ბანკის სტატუსი მოიპოვა. ბანკის აქტივებმა 2.6 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. Forbes Global 2000-ში მან 34-ე ადგილი დაიკავა.

Global 2000-ში შემავალი ტოპ-10 კომპანია, საიდანაც ხუთი ბანკია
ადგილისახელისათავო ოფისიინდუსტრიაგაყიდვებიმოგებააქტივებისაბაზრო ღირებულება
1JPMorganChaseშეერთებული შტატებიბანკინგი$285.11 მლრდ$59.36 მლრდ$4,357.86 მლრდ$677.8 მლრდ
2Berkshire Hathawayშეერთებული შტატებიდაზღვევა$371.43 მლრდ$89 მლრდ$1,153.88 მლრდ$1,145.46 მლრდ
3ICBCჩინეთიბანკინგი$221.96 მლრდ$50.84 მლრდ$6,688.6 მლრდ$251.33 მლრდ
4Saudi Aramco Oil Companyსაუდის არაბეთინავთობი და გაზი$480.15 მლრდ$104.97 მლრდ$645.03 მლრდ$1,663.38 მლრდ
5Amazonშეერთებული შტატებისაცალო ვაჭრობა$637.96 მლრდ$59.25 მლრდ$624.89 მლრდ$2,005.64 მლრდ
6Bank of Americaშეერთებული შტატებიბანკინგი$196.53 მლრდ$27.85 მლრდ$3,349.42 მლრდ$300.06 მლრდ
7China Construction Bankჩინეთიბანკინგი$196.71 მლრდ$46.64 მლრდ$5,558.26 მლრდ$219.81 მლრდ
8Agricultural Bank of Chinaჩინეთიბანკინგი$198.02 მლრდ$39.2 მლრდ$5,923.64 მლრდ$212.51 მლრდ
9Alphabetშეერთებული შტატებიIT პროგრამული უზრუნველყოფა$359.31 მლრდ$111 მლრდ$475.37 მლრდ$1,973.64 მლრდ
9Microsoftშეერთებული შტატებიIT პროგრამული უზრუნველყოფა$261.8 მლრდ$92.75 მლრდ$533.9 მლრდ$2,913.01 მლრდ