ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 2025 წლის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. რეიტინგი გაყიდვების, მოგების, აქტივებისა და საბაზრო ღირებულების მიხედვითაა შედგენილი.
დონალდ ტრამპის ტარიფებით გამოწვეული ეკონომიკური არასტაბილურობისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, ზემოხსენებული ოთხივე მიმართულებით წელს რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა – 52.9 ტრილიონი აშშ დოლარით შემოსავლებში, 4.9 ტრილიონი აშშ დოლარით მოგებაში, 242.2 ტრილიონი აშშ დოლარით აქტივებში და 91.3 ტრილიონი აშშ დოლარით საბაზრო კაპიტალიზაციაში.
მოგების, საბაზრო ღირებულებისა და აქტივების ეს მაჩვენებლები ბოლო 20 წლის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ მაინც გაიზარდა, ამავე პერიოდში გაყიდვების ჯამურმა მაჩვენებელმა 140%-ით მოიმატა, რაც აჩვენებს, თუ რამდენად შეუწყო ხელი გლობალიზაციამ მსოფლიოს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ზრდას. აშშ-ზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ Global 2000-ში იქ დაფუძნებული 612 კომპანია შედის. რეიტინგში პირველ ადგილსაც სწორედ ამერიკის უდიდესი ბანკი, JPMorgan-ი იკავებს. ის ლიდერობას ზედიზედ მესამე წელია, არ თმობს.
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Amazon-ი და Microsoft-ი, ასევე სხვადასხვა სექტორის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, Saudi Aramco და Industrial and Commercial Bank of China, კვლავ ტოპ-10-ის წევრებად რჩებიან. Nvidia კი სწრაფ აღმასვლას განაგრძობს და წელს რეიტინგში 47-ე ადგილზე გვევლინება. აღსანიშნავია, რომ ათეულის ბოლო ადგილს Alphabet-ი და Microsoft-ი ინაწილებენ.
ცნობისთვის, ამერიკულმა Forbes-მა რეიტინგის შესადგენად ბოლო 12 თვის ფინანსური მონაცემები გამოიყენა, 2025 წლის 25 აპრილის მდგომარეობით.
Global 2000-ში შემავალი ტოპ-10 კომპანია
ადგილი | სახელი | სათავო ოფისი | ინდუსტრია | გაყიდვები | მოგება | აქტივები | საბაზრო ღირებულება |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | JPMorganChase | შეერთებული შტატები | ბანკინგი | $285.11 მლრდ | $59.36 მლრდ | $4,357.86 მლრდ | $677.8 მლრდ |
2 | Berkshire Hathaway | შეერთებული შტატები | დაზღვევა | $371.43 მლრდ | $89 მლრდ | $1,153.88 მლრდ | $1,145.46 მლრდ |
3 | ICBC | ჩინეთი | ბანკინგი | $221.96 მლრდ | $50.84 მლრდ | $6,688.6 მლრდ | $251.33 მლრდ |
4 | Saudi Aramco Oil Company | საუდის არაბეთი | ნავთობი და გაზი | $480.15 მლრდ | $104.97 მლრდ | $645.03 მლრდ | $1,663.38 მლრდ |
5 | Amazon | შეერთებული შტატები | საცალო ვაჭრობა | $637.96 მლრდ | $59.25 მლრდ | $624.89 მლრდ | $2,005.64 მლრდ |
6 | Bank of America | შეერთებული შტატები | ბანკინგი | $196.53 მლრდ | $27.85 მლრდ | $3,349.42 მლრდ | $300.06 მლრდ |
7 | China Construction Bank | ჩინეთი | ბანკინგი | $196.71 მლრდ | $46.64 მლრდ | $5,558.26 მლრდ | $219.81 მლრდ |
8 | Agricultural Bank of China | ჩინეთი | ბანკინგი | $198.02 მლრდ | $39.2 მლრდ | $5,923.64 მლრდ | $212.51 მლრდ |
9 | Alphabet | შეერთებული შტატები | IT პროგრამული უზრუნველყოფა | $359.31 მლრდ | $111 მლრდ | $475.37 მლრდ | $1,973.64 მლრდ |
9 | Microsoft | შეერთებული შტატები | IT პროგრამული უზრუნველყოფა | $261.8 მლრდ | $92.75 მლრდ | $533.9 მლრდ | $2,913.01 მლრდ |