მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტისა და ციფრული აქტივების სავაჭრო ბირჟა Binance გეგმავს, რომ რუსი კლიენტებისთვის სერვისები შეზღუდოს. ინფორმაციას ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
შეზღუდვა შეეხებათ იმ კერძო და იურიდიულ პირებს, რომელთაც ანგარიშზე 10,000 ევროზე მეტის ღირებულების აქტივები აქვთ. აღნიშნულ პირებს აეკრძალებათ ანგარიშებზე დამატებით თანხის შეტანა, სავაჭრო პოზიციების დასახურად და ბალანსიდან თანხის გასატანად კი მათ 90 დღე მიეცემათ.
აღსანიშნავია, რომ რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრის გამო, მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას სანქციების მორიგი პაკეტი დაუწესა, რომელიც კრიპტო-ტრანზაქციების და ციფრული ანგარიშების შეზღუდვასაც ითვალისწინებდა.
მსოფლიოს უმდიდრესი კრიპტო-მილიარდერის და Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, Binance-ის მაგალითი სხვა მსხვილმა სავაჭრო ბირჟებმაც უნდა გაითვალისწინონ და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციების აღსრულების მიზნით, რუსეთს შეზღუდვები უნდა დაუწესონ.
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ზომები პოტენციურად შემზღუდავია ჩვეულებრივი რუსი მოქალაქეებისთვის, Binance-მა ინდუსტრიაში ლიდერობა სანქციების აღსრულების კუთხითაც უნდა განაგრძოს. გვჯერა, რომ ყველა სხვა ბირჟა მალე მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჩანგპენგ ჯაომ.
საგულისხმოა, რომ გასულ თვეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა Binance-ს მოთხოვნით მიმართა – გაყინულიყო ყველა რუსი მომხმარებლის ანგარიში, რაზეც კომპანიამ უარი განაცხადა.
„ჩვენ არ ვაპირებთ ცალმხრივად გავყინოთ მილიონობით უდანაშაულო მომხმარებლის ანგარიში“, – ნათქვამი იყო სავაჭრო ბირჟის წარმომადგენლობის განცხადებაში.