მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარი საუდის არაბეთის პრო ლიგის რეკორდსმენ ჩემპიონს, „ალ-ჰილალს“ შეუერთდება. შეგახსენებთ, ბრაზილიელი მსოფლიოში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელის სტატუსს ფლობს, რომელიც „ბარსელონიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 222 მილიონ ევროდ გადასვლის შემდეგ მიიღო.
სხვადასხვა წყაროს თანახმად, ნეიმარი უკვე სამედიცინო შემოწმებას გადის. CBS Sports-ის ცნობით, „ალ-ჰილალი“ 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ 90 მილიონ ევროს გადაუხდის. ნეიმარს პარიზელებთან კონტრაქტი 2025 წელს ეწურებოდა. CBS Sports-ისავე ინფორმაციით, ბრაზილიელი ახალ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით წელიწადში 200 მილიონ ევროს მიიღებს.
2023 წლის ივნისში, საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა, PIF-მა, „ალ-ჰილალში“ 75%-იანი წილი მიიღო. გარდა ამისა, ის ასევე ფლობს ქვეყნის სამი სხვა საფეხბურთო კლუბის წილს. PIF-ის ინვესტიციების შემდეგ საუდის არაბეთს მსოფლიოში ცნობილმა ბევრმა ფეხბურთელმა მიაშურა. მათ შორის, სადიო მანემ „ალ-ნასრს“, ქარიმ ბენზემამ „ალ-იტიჰადს“, რობერტო ფირმინომ „ალ-აჰლის“ და ახლა უკვე ნეიმარმა „ალ-ჰილალს“, სადაც ის თანამემამულე მალკომთან ერთად ითამაშებს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2017 წელს „პარი სენ-ჟერმენს“ შეუერთდა, ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონის შემადგენლობაში 173 მატჩში 118 გოლი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა გააკეთა.